საქართველოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს ყოველწლიურად დაახლოებით 18 000-მდე ადამიანი იღებს. მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12 432 ადამიანი შეადგინა, კერძო სასწავლებლებში კი 5 121. მათ შორის დიდი წილი მოდის ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებზე, თუმცა არის სპეციალობები, რომელთა დასაუფლებლად საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში უმაღლესი განათლება საჭირო არ არის. როგორც CBSnews-ი წერს, ასეთი სპეციალობები შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალანაზღაურებადიც, მაგალითად: ვებდეველოპერი, სადაზღვევო აგენტი, მასაჟისტი, სომელიე. ამ პროფესიებს შესაძლოა დავუმატოთ პროგრამისტი, ჟურნალისტი, დიზაინერი და ა.შ.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ევროკავშირის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, უმაღლეს განათლებას საქართველოში დამსაქმებელთა 9% ითხოვს. ამასთან, კვლევის მიხედვით, ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან საბაზისო განათლებას ითხოვს, 25% – პროფესიულ განათლებას, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტის, ანა დიაკონიძის თქმით, დამსაქმებელმა უნდა იცოდეს როგორი კადრის აყვანა სურს, თუმცა დამსაქმებლების პროცენტული წილი, რომელიც არ აკონკრეტებს, რა ტიპის განათლება მოეთხოვება კადრს, რეგიონების მიხედვით განსხვავდება.
“რაც შეეხება პროფესიებს, პირდაპირ პროფესიების თქმა გამიჭირდება, რადგან სხვადასხვა რეგიონში ისინი განსხვავებულია ზოგადი შეფასებით კი შემიძლია ვთქვა, რომ დამსაქმებლები განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს არ სთხოვენ არაკვალიფიციურ მუშებს. ასეთ ჯგუფებში არის როგორც მშენებლობის სექტორის ფიზიკურად მომუშავეები, ისე მომსახურების სექტორში დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრები, მაგალითად, მტვირთავები, დისტრიბუტორები და ა.შ.
პროფესიების უმრავლესობაში საქართველოში სერტიფიკატს არ მოგთხოვენ, რადგან ჩვენთან ლიცენზირებული პროფესიების ნუსხა მცირეა და პროფესიების უმეტესობაში დამსაქმებლებს კანონით არ ევალებათ, რომ სერტიფიკატი მოგთხოვონ, თუმცა თავიანთი სურვილის მიხედვით შეუძლიათ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვონ”, – აღნიშნა ანა დიაკონიძემ.
ექსპერტის თქმით, კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა 58%-ის მიერ საბაზისო განათლებას მოთხოვნას საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე, როგორც სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ნაკლებობა განაპირობებს.
“ზოგადად, მოსახლეობაში და ახალგაზრდებში განსაკუთრებით, უმაღლესი განათლება ყველაზე მთავარი და სასურველია, თუმცა ფაქტი ჯიუტია, არამარტო ეს კვლევა, არამედ ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ რეალურად დამსაქმებელს ასეთი ტიპის კადრი ნაკლებად სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ სეგმენტზეც არის მოთხოვნა, მაგრამ პროპორციულად თუ შევადარებთ, ნაკლებად. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ნომინალურად ვაკანსიაში ეწეროს მოთხოვნა, რომ საჭიროა დიპლომი, მაგრამ ვაკანსიით თუ შევაფასებთ, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მის შესრულებას უმაღლესი განათლება არ სჭირდება”, – ამბობს ანა.
ექსპერტი ასევე გამოყოფს იმ პრობლემებს, რაც ვაკანსიების შევსებისას იჩენს თავს.
“ვაკანსიების შევსებას რაც შეეხება, სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: პირველი – ითხოვენ გარკვეული პროფესიის კადრს და ასეთი კვალიფიკაციის ადამიანს უბრალოდ ვერ პოულობენ, მეორე არის, ის, რომ შეიძლება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი არსებობდეს, მაგრამ ეს კვალიფიკაცია დამსაქმებელს არ აკმაყოფილებდეს და მეტი სურდეს. მესამე შემთხვევაში კი შრომის ბაზარზე აპლიკანტები არსებობენ, მაგრამ მათ თვითონ არ სურთ, კონკრეტულ პოზიციების დაკავება, რისი მიზეზიც სამუშაო პირობები, ძირითად შემთხვევებში დაბალი სამუშაო ანაზღაურებაა. მაგალითად, ეს განსაკუთებულად გამოჩნდა იმერეთსა და აჭარაში მკერავების ვაკანსიების შემთხვევაში. ვიცით, რომ აღნიშნულ რეგიონებში უცხოურ კომპანიებს სამკვერვალო ფაბრიკები აქვთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ანაზღაურება ძალიან დაბალია და, ფაქტობრივად, იმერეთის რეგიონში გასული 6 თვის მიმდინარე და მომდევნო 6 თვის ვაკანსიებში რიცხობრივად პირველ ადგილზე სწორედ მკვერავის ვაკანსიაა, თუმცა ამავდროულად ამ პოზიციის შევსება უჭირთ ან თუ ივსება, პოზიცია მალევე თვისუფლდება, რადგან ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო ადამიანები იქ მუშაობას არ თანმხდებიან”, – აღნიშნა ანა დიაკონიძემ.
წყარო: allnews.ge