ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე სტუდენტურ საცხოვრებელს აერთიანებს. ბაგებში მდებარე ორი ოთხსართულიანი კორპუსი 1975 წელსაა აშენებული. სიძველის მიუხედავად, საცხოვრებელში 255 სტუდენტი და 43 თსუ-ის თანამშრომელი ცხოვრობს. ცხოვრება 50 ლარი ღირს, ფასში კი კომუნალური გადასახადებიც შედის, მათ შორის, ზამთარშიც.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კომპლექსი აერთიანებს ორ კორპუსს, 10 სარეცხის მანქანით აღჭურვილ სამრეცხაოს, დარბაზსა და რესურს ცენტრს, რომლებიც კომპიუტერებითა და ინტერნეტითაა აღჭურვილი. შენობაში სართულზე გათვალისწინებულია გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალკ-ცალკე თითო-თითო საპირფარეშო და სააბაზანო. ოთახებში არის ორი საწოლი, ამდენივე სკამი და მაგიდა და კარადა ტანსაცმლისთვის. შენობას არ აქვს სამზარეულო ოთახი, სტუდენტებს საჭმლის მომზადება საკუთარ ოთახებში ან აივანზე უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ სტუდენტებს ბევრი რამ აერთიანებთ, განსხვავებულია ის გარემო, რომელიც კარებს იქით იშლება. ერთი შეხედვით ამორტიზებულ შენობაში, როგორც თავად ამბობენ, ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება ჩქეფს, დამოუკიდებელი არსებობითა და უამრავი მეგობრით.
ნინი წულაია, სულ რამდენიმე თვეა რაც სტუდენტია და შესაბამისად, ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობს, მანამდე აქ მისი და ცხოვრობდა. საცხოვრებლის შესახებაც აქამდე მხოლოდ მისგან ჰქონდა ინფორმაცია.როგორც EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, როცა ოჯახიდან შორს სწავლობ, ეჩვევი სულ სხვა ცხოვრებას. მართალია, მისი თქმით, რთულია ერთ სივრცეში გქონდეს სამზარეულო, საძინებელი და აქვე იმეცადინო, თუმცა ცხოვრება სტუდენტურ საცხოვრებელში საინტერესოა.
„თუ ვინმეს ჰგონია რომ აქ ცხოვრება საშინელებაა, ცდება. აბსოლუტურად სავსე სტუდენტური ცხორებით ცხოვრობს აქ ყველა. არის რაღაც პრობლემები, რომელიც რომ გამოსწორებულიყო კარგი იქნებოდა. არის რაღაცები, რაც ნამდვილად გამოსასწორებელია. მათ შორის, სველი წერტილების პრობლემა. თუმცა ასეა თუ ისე არის სტუდენტური გარემო სადაც შეიძლება იცხოვრო. კომფორტულად- მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ისე არაკომფორტულად რომ ცხოვრება არ შეიძლებოდეს“, – განაცხადა ნინი წულაიამ.
როგორ გამოიყურება ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი:
ნინი წულაიასგან განსხვავებით, ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში უკვე მეოთხე წელია ცხოვრობს თეონა ჩაკვეტაძე. როგორც ის EDU.ARIS.GE-ის უყვება, აქაურობა უფრო მოსწონს, ვიდრე არ მოსწონს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან ურთიერთობა.
„უარყოფითი მხარეც აქვს აქაურობას. როგორც ხედავთ შენობა არის მოუწესრიგებელი, თუმცა აქაური გარემო ამ ყველაფერს ფარავს“, – ამბობს თეონა.
ბაგების სტუდენტური საცხოვრებლისგან განსხვავებით, ლისზე მდებარე ახალაშენებულ კომპლექსში სტუდენტებს მეტი კომფორტი აქვთ. ეს კომფორტი კი თითოეული მათგანისთვის 150 ლარი ღირს, კომუნალური გადასახადების ჩათვლით, მათ შორის ზამთარშიც.
ბაგებისგან განსხვავებით აქ სტუდენტები ცენტრალური გათბობის სისტემით თბებიან. დედმამიშვილების შემთხვევაში სხვა ტარიფი მოქმედებს და თითოეულს 150 ლარის ნაცვლად 120 ლარის გადახდა უწევს. ოთახები გარემონტებულია და აღჭურვილია ახალი ინვენტარით. ახალაშენებული კომპლექსი სასადილოს, სპროტულ დარბაზსს, რესურს ცენტრსა და ბიბლიოთეკას, სპორტულ მოედანს და 3 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს. მათგან დატვირთული მხოლოდ ერთია. 320 ადგილზე გათვლილი საცხოვრებლიდან, დაკავებული მხოლოდ 66-ია. კორპუსებს აქვთ საკუთარი სამზარეულო და სამრეცხაო. სააბაზანო ოთახი კი თავად ოთახებშია განთავსებული. კიდევ ერთი რაც ლისის საცხოვრებელს აქვს, ეს არის ადაპტირებული გარემო და ოთახები შშმ სტუდენტებისთვის.
ერთადერთი რაც ლისის ტბის საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს აწუხებთ, არის მოუწესრიგებელი ტრანსპორტი.
იადონ ქურასბედიანი საცხოვრებლის ახალი ბინადარია.როგორც ის EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას ამბობს, გზისა და ტრანსპორტის პრობლემა თავს განსაკუთრებით წვიმიან ამინდში იჩენს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცხოვრებლისგან მოშორებით ჩერდება.
როგორ გამოიყურება ლისის სტუდენტური საცხოვრებელი:
სტუდენტური ქალაქის ორივე ლოკაციას ერთი მმართველი ჰყავს. ზაზა წაქაძე ფიქრობს, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში ბევრი რამ შესაცვლელია. პროცესის დასაწყებად კი, პირველ რიგში, სახელმწიფომ ეს შენობები საკუთრებაში უნდა გადასცეს, რათა მათი მართვა-გამგეობა გამარტივდეს. განსახვავებული მდგომარეობაა ლისის ტბის საცხოვრებელში. კომპლექსი უკვე მათ ბალანსზეა, თუმცა რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. დაგეგმილია შენობაში სასადილოც, სადაც არსებული ინფორმაციით თავად სტუდენტები დასაქმდებიან და საკვებიც ხელმისაწვდომი ფასი იქნება, თუმცა იმ მიზეზით, რომ შენობები ჯერ სრულად არაა დატვირთული, სასადილოს არსებობაა არაა გამართლებული. სტუდენტების პრობლემის მოსაგვარებლად და დამატებითი ავტობუსების დასანიშნად კი მოლაპარაკებებს თბილისის მერიასთან აწარმოებს. როგორც ზაზა წაქაძე ამბობს, იგეგმება 4 ავტობუსის დამატება, რომელიც უშუალოდ კომპლექსის სიახლოვეს გაჩერდება.
სტუდქალაქში ცხოვრება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. მათში მოხვედრა კი ონლაინ რეგისტრაციის საშუალებითაა შესაძლებელი. ინფორმაცია ამის შესახებ სტუდენტებს პირად პორტალზე მისდით. საცხოვრებლები ამ დროის მონაცემებით, სრულად არაა დატვირთული.