რა აკლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და რა მოსწონთ მასში – გამოკითხვა

საინტერესო ფაქტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხშირად არის განსჯისა და აზრთა სხვადასხვაობის საგანი –  თსუ ნამდვილად არის კავკასიაში ნომერ პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ მხოლოდ სახელია დარჩენილი?

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ყოველწლიურად ათასობით სტუდენტი ირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე. თსუ-ის 12 კორპუსი კი განლაგებულია ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას.

საინტერესოა,  რას ფიქრობენ თავად თსუ-ის სტუდენტები. ჩვენ უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებისა და სხვადასხვა კურსის სუდენტებს ორი კითხვით მივმართეთ – რა მოსწონთ მათ ყველაზე მეტად თსუ-ში და რა არ მოსწონთ ან აკლიათ სწავლის პროცესში?

სტუდენტების მოსაზრებები ასეთია:

ანი დევიძე: „მომწონს, ის რომ მე და თსუ-ს ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე. არ მომწონს ბევრი რამ, მათ შორის, ის რომ სწავლის პროცესში ნაკლები პრაქტიკაა, ამდენი თეორია კი უსარგებლოა.“

ნინია ბერიშვილი: „უნივერსიტეტში არ მომწონს სასწავლო გარემო და სწავლის ხარისხი. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ დიდი ისტორია აქვს და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრშია სულ.“

ნინო ზურაშვილი: „თსუ-ში ბევრი რამ მომწონს, ყველაზე მეტად სწავლის ხარისხი. ერთადერთი, ინფრასტრუქტურას გავაუმჯობესებდი.“

სალო გადელია: „მომწონს ჩემი მიმართულების ლექტორების არადისკრიმინაციული მიდგომა უცხოელი სტუდენტების მიმართ და ტოლერანტობის მაღალი დონე. არ მომწონს, ის რომ ინფრასტრუქტურა ყველა კორპუსში თანაბრად არაა განვითარებული და მოწესრიგებული.”

იაკო გაგნიძე: „უნივერსიტეტელი რომ მქვია ეს დიდი პატივია ჩემთვის და ეს ვითომ „მხოლოდ შერჩენილი სახელი“ ძალიან მომწონს. უბრალოდ, მაკლია პრაქტიკული განათლება – მეოცე საუკუნის წიგნების დაზუთხვა არაფრისმომცემია ჩემთვის.“

თეონა ყაჭიური: „მომწონს უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი, თუმცა მაკლია ახალგაზრდული აქტივობები, რაც კერძო უნივერსიტეტებში უფრო მრავალფეროვნადაა.“

ანი ჭრელაშვილი: „მომწონს ლექტორების კვალიფიკაცია და გამოცდების ჩატარების ხარისხი. არ მომწონს სახელმძღვანელოების მიუწვდომლობა, რაც ბევრ პრობლემას მიქმნის.“

ჟენი ღვინჯილია: „მომწონს ბავშვები, ძალიან მეგობრულები არიან. არ მომწონს ყველაზე მეტად კორპუსების მდგომარეობა, აუდიტორიებში ვერ ვეტევით.“

გვანცა ფორჩხიძე: „ყველაზე მეტად ჩემს უნივერსიტეტში მომწონს ბევრი პარტნიორი უნივერსიტეტი და გაცვლითი პროგრამების სიმრავლე. არ მომწონს უყურადღებო ლექტორები, რომლებსაც ყველაფერი „ჰკიდიათ“.

ლელა ჯავახიშვილი: „მომწონს ძალიან კვალიფიციური კადრები და აკადემიური პერსონალი. მაკლია ჩვენზე მორგებული გარემო და ინფრასტრუქტურული პირობები.“

მარიამ ოღიაშვილი: „თსუ-ში მაკლია სტუდენტური ცხოვრების შეგრძნება, ქალაქგარეთ ჯგუფთან ერთად გასვლა ან ექსპედიციები. მოსაწონი ძალიან ცოტა რამაა და კონკრეტულად არაფერი არ მახსენდება.“

ელა პურელიანი: „არ მომწონს sms.tsu.ge-ს (სარეგისტრაციო ბაზის) გაუმართავი სისტემა. ასევე არ მომწონს ორსემესტრიანი საგნები, უაზრობაა. ერთადერთი, მომწონს ბავშვები, კურსში ძალიან გამიმართა.“

ირაკლი ბარათაშვილი: „ყველაზე მეტად უნივერსიტეტის ახალი გერბი მომწონს. მაკლია საკვები ობიექტი.“

მარიამ რობაქიძე: „ყველაზე მეტად მომწონს ჩემი ლექტორი ირაკლი დვალიძე და ფდა (ფიზიკის დიდი აუდიტორი) გაზაფხულზე. არ მომწონს აკადემიური რეგისტრაციის უტოპიური მოთხოვნები.“

როგორც ხედავთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოკითხული სტუდენტების მოსაზრებები განსხვავებულია. ზემოთ აღნიშნულ საკითხზე საკუთარი დამოკიდებულება თსუ-ის სტუდენტთა ნაწილმა გამოხატა, საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც – როგორ ფიქრობთ, რა არის თსუ-ის ხიბლი და ნაკლოვანება?

ავტორი: ანა ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები