საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის წარმატებას თანაბრად განსაზღვრავს მასში ჩართული ლექტორების და სტუდენტების ურთიერთობა. სწორედ ამ ქვაკუთხედზეა აგებული ყველა საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიზნად ინფორმაციის გაცვლას და ღირებულებების სწორად გადანაწილებას ისახავს.
თუმცა სწავლების პროცესი, ისევე როგორც სხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო აქტივობები გარკვეულ ზღვარს მოითხოვს, რომელიც უნდა გადიოდეს მასწავლებელსა და მოსწავლეს, ლექტორსა თუ სტუდენტს შორის.
თუმცა როგორია ეს ზღვარი?
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
გიორგი დვალაშვილი, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი: „ურთიერთობა სტუდენტებს და ლექტორებს შორის უნდა იყოს საქმიანი, უშუალო. არ უნდს იყოს ჩაკეტილი. მე სტუდენტები მეკონტაქტებიან ფეისბუკითაც, „sms“-ისა და სატელეფონო ზარითაც, არა მარტო ჩემს საგნებში, სხვა საგნებშიც ვცდილობ დახმარებას. უნივერსიტეტში ლექტორი სტუდენტების დაფინანსებით მუშაობენ და მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ეს. დისციპლინა მაშინ არის, როცა სტუდენტს აინტერესებს საგანი და მომხსენებელს პატივს სცემს. თუ ერთერთი ამოვარდება ლექციაც ხარისხს კარგავს.“
ნანი ქამაშიძე, წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი: „ჩემი აზრით, დისტანცია აუცილებელია ლექტორსა და სტუდენტს შორის, თუმცა ამით იმას არ ვგულისხმობ, რომ სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, მეგობრული დამოკიდებულებაც აუცილებელია, თუმცა გარკვეულ ჩარჩოს არ უნდა სცდებოდეს ურთიერთობა. მე ჩემს სტუდენტებთან, ვთვლი, რომ მაქვს მეგობრული ურთიერთობაც, თუმცა არა ისეთი, რომ წავიდეთ და ყავა ერთად დავლიოთ და ჩვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ. ეს უკვე სხვა ურთიერთობაა.
მეგობრული დამოკიდებულება კი გამოიხატება იმაში , რომ სტუდენტს არ უნდა მოერიდოს ლექციის ირგვლივ კითხვის დასმის ან არ შეეშინდეს რომ ეს შეკითხვა უადგილოა, ამ მხრივ თავისუფალი ვარ, ამავდროულოდ სტუდენტს თავისუფალი საქციელი უზრდელობაში არ უნდა გადასდიოდეს. სწორედ აქ არის საჭირო დისტანცია.”
ზაზა ცოტნიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: „საბჭოეთის პერიოდშიც კი, რომლის მემკვიდრეებიც ჩვენ ვართ, საუნივერსიტეტო სივრცე, ისეთი სივრცე იყო, სადაც ოფიციოზის გვერდით სტუდენტსა და პროფესორს შორის მეგობრობა და კარგი დამოკიდებულება იყო შესაძლებელი. მათი სულიერი კავშირი მაშინაც კი გამოკვეთილი იყო. მით უმეტეს, დღეს. უნდა იყოს მეგობრული ურთიერთობა და სულიერი კავშირი, რასაც განათლების და გამოცდილების გაზიარება და გადაცემა ჰქვია. ეს უნდა იყოს ჰარმონიულ გარემოში.
როგორც პროფესორი ზრდის სტუდენტს, ასევე მისთვის კარგ სტუდენტთან ურთიერთობა არის საუკეთესო მოტივაცია პროფესიული ზრდისთვის და წარმატებისთვის. ეს არის სულიერი კავშირი, რომელიც თავისუფალ გარემოში აკადემიური და მორალური ნორმების გათვალისწინებით უნდა მიმდინარეობდეს.”
ნინო ბაქარძე, საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი (GIPA): „მე სტუდენტებთან ყოველთვის ვამჯობინებ თავისუფალ ურთიერთობას, რაც გულისხმობს არა თავგასულობას, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღების უფლებას და სწავლის თავისუფლებას. ლექციების დაწყებამდე ყველას ვეუბნები, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ნამდვილად უნდათ თუ არა ამ საგნის სწავლა და თუ უნდათ, მაშინ მიყვნენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. მე არ ვთხოვ სტუდენტებს მომმართონ თქვენობით ან პატივცემულოთი ან სხვა ათასი იდიოტური მიმართვის ფორმით. ჩემთვის მთავარია, მათ თავი კომფორტულად იგრძნონ და ახალი უნარები და ინფორმაცია აითვისონ. რატომ? – იმიტომ რომ მეც ვიყავი სტუდენტი და მახსოვს, როგორი ლექტორები მინდოდა რომ მყოლოდა, მაგრამ არ მყავდა. ჰოდა, ახლა მე ვცდილობ ვიყო ის ვინც, მე მათ ასაკში მყოფს მინდოდა, რომ აუდიტორიაში მყოლოდა.“
სალომე ძიძიგური, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: „ვფიქრობ, აკადემიურ სფეროში უმჯობესია ფორმალური ურთიერთობა შეინარჩუნო, ოღონდ ფორმალურობა სრულ დისტანცირებას არ გულისხმობს მრჩეველის როლი საუკეთესოა. თუმცა ურთიერთობა მაინც ინდივიდუალურია და თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული. ზღვარი უნდა არსებობდეს, თუმცა ეს არ გიშლის ხელს იყო “მეგობრული” ფორმალურ ფარგლებში. მე უფრო რბილი ხასიათი მაქვს, ვიდრე კატეგორიული. რაღაც ეტაპზე, სტუდენტების ნაწილი ცდილობს, რომ ჩემი ეს თვისება მათ სასარგებლოდ გამოიყენოს. როდესაც ძალიან ნათლად განვუმარტავ შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც მაქსიმალურად დეტალიზებულია, მერე ერთგვარად რეგულირდება ყველაფერი.
საინტერესოა თავად სტუდენტების მოსაზრებებიც – სად ხედავენ ისინი ზღვარს ლექტორსა და სტუდენტს შორის ურთიერთობაში?
ნუცა წიქრიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი, მეორე კურსი: „ჩემი აზრით, ურთიერთობა შუალედური უნდა იყოს, ანუ ზომიერი, მაგრამ უფრო მეტად უშუალო. იმიტომ რომ, ერთგვარი დაძაბულობა ქრება და უფრო მეტად გახსნილი ხდები და უფრო მარტივად შეგიძლია ესაუბრო ლექტორს სასურველ თემაზე, თუ პრობლემაა, ამ შემთხვევაშიც უფრო მარტივია მისი მოგვარება. თანაც სამედიცინოში მაგალითად, ჩვენი ლექტორების უმეტესობა ჩვენივე მომავალი კოლეგაა და როცა უშუალო და შედარებით მეგობრულია, მეტი ინტერესი გიჩნდება საგნის მიმართაც და მეტი ნდობა გაქვს ლექტორის, როგორც პიროვნების მიმართ.“
სალომე დანელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური ფსიქოლოგია, მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი: „მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ერთერთმა ლექტორმა გვითხრა თუ როგორი ცივი და ფორმალური დამოკიდებულება აქვთ ამერიკისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ლექტორებს სტუდენტებისადმი. სიმართლე გითხრათ იმ პერიოდში ისეთი ადამიანების გარემოცვაში მიწევდა ყოფნა, მართლა არ მჯეროდა რომ ასეთი ლექტორები არსებობდნენ. თუმცა სწავლის შემდგომ წლებში მქონია ცივ და ამპარტავან ადამიანებთან ურთიერთობა. მეტსაც გეტყვით, სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მათი საგნები ძალით შემიტენია. ხშირია, როცა ლექტორის კარგი დამოკიდებულებით სტუდენტები ცუდად სარგებლობენ. თუმცა სტუდენტი როგორ გამოიყენებს ლექტორის კეთილგანწყობას ძალიან ინდივიდუალურია. ჩემთვის უშუალო და მეგობრულ ლექტორებთან მუშაობა უფრო კომფორტული და სასიამოვნოა.
თავისუფალ ურთიერთობაში არ ვგულისხმობ იმას რომ ლექტორი თავის პირად ცხოვრებაზე უნდა ესაუბრებოდეს სტუდენტებს. უშუალო დამოკიდებულებაში ვგულისხმობ, რომ ლექტორები სტუდენტებს ისე უნდა აღიქვამდნენ და ექცეოდნენ მათ, როგორც მომავალ კოლეგებს.”
თემო ინასარიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მეოთხე კურსი: „ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა უქმნიდეს სტუდენტებს ანტისტრესულ გარემოს, სადაც მათი სწავლის ეფექტურობა გაიზრდება. ეს შეიძლება მოხერხდეს, პირველ რიგში, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის ბარიერების რღვევით და მეტ-ნაკლებად მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებით, რაც ალბათ უმეტესობა სტუდენტს გაუჩენს პატივისცემის და პასუხისმგებლობის შეგრძნებას, როგორც თავისი თავის, ასევე ლექტორის მიმართ. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი არაა მზად ამ სახის ურთიერთობებისთვის. ისინი კვლავ საბჭოური მენტალიტეტის გადმონაშთებით ცხოვრობენ და მკაცრად წინააღმდეგნი არიან სტუდენტებთან უშუალო ურთიერთობის, რის მიზეზადაც ასაკობრივ და სტატუსის განსხვავებულობას ასახელებენ. არადა ლექციებს ხელს უშლის ბარიერები ლექტორსა და სტუდენტებს შორის.“
გვანცა ბიბიჩაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის ფაკულტეტი, მესამე კურსი: „მიმაჩნია, რომ ლექტორის და სტუნდეტის ურთიერთობა უნდა იყოს უშუალო, თუმცა ეს არ გულისხმობს, იმას რომ სტუდენტმა უნდა ისარგებლოს ამ პრივილეგიით. უშუალო და მეგობრული ურთიერთობის დროს სტუდენტი უფრო გახსნილია ლექტორთან, ასევე ეს არის პროფესორისგან ცოდნის მიღების უკეთესი საშუალება, ამ დროს სტუდენტს აღარ აქვს კომპლექსი აკადემიურ სივრცეში აზრის თავისუფლად გამოხატვის. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ზღვარი უნდა გადიოდეს სტუნდენტსა და ლექტორს შორის, რაც მათი სტატუსითა და შესაბამისად საქმიანობითაცაა განსაზღვრული, რათა სასწავლო პროცესი სრულფასოვნად შედგეს.”
როგორც ხედავთ, სტუდენტებისა და ლექტორების აზრები ცოტათი განსხვავებულია – ლექტორებს მაინც აქვთ სურვილი შეინარჩუნონ დისტანცია სტუდენტებთან ურთიერთობაში, თუმცა ეს ზღვარი, როგორც სტუდენტების კომენტარებიდან ჩანს, რაც არ უნდა მინიმალური იყოს, მათთვის ბარიერს წარმოადგენს.
ავტორი: ანა ურუშაძე