მარიამ ლალიაშვილი საფრანგეთში, ბორდოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტზე, სამაგისტრო პროგრამას გადის.
მისი მონდომება უკვე უნივერსიტეტში მიღებულ ქულებზეც აისახა და პირველი სემესტრი ჯგუფში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრებით დახურა. სწავლის პარალელურად მუშაობასაც ახერხებს და უკვე ორი თვეა სტარტაპ ანალიტიკოსის პოზიციაზე სტაჟირებას გადის.
თუ როგორ აირჩია პროფესია და რა იყო მისთვის ყველაზე დიდი ბარიერი საფრანგეთში, ამ თემებზე მარიამი ინტერვიუში გვესაუბრება.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
– მარიამ, საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი რატომ აირჩიე?
პირვლ რიგში, მადლობა დაინტერესებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და მოტივაცია მივცე მომავალ სასტიპენდიო კანდიდატებს. რაც შეეხება ფაკულტეტს, სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე ავირჩიე.
ვმუშაობდი სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანიაში, იმპორტის დეპარტამენტში და ეს სამაგისტრო პროგრამა საკმაოდ ლოგიკური გაგრძელება იყო. როცა ბიზნესის საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან გიწევს შეხვედრა, ურთიეთობების სწორად წარმართვა და კროს-კულტურული დეტალების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერის შესწავლაში ჩემი არჩეული ფაკულტეტი ძალიან მეხმარება.
– გაგვიზიარე საფრანგეთში მიღებული პირველი შთაბეჭდილებები…
პირველი ორი თვის შთაბეჭდილებები მუქ ფერებში მახსოვს, მაგრამ მერე მოყვება ცისარტყელას შვიდივე ფერი.
ეს არის ქვეყანა, რომელიც “გაწვალებს” თავისი ბიუროკრატიული მოთხოვნებით, რითაც, საბოლოო ჯამში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში გეხმარება.
– მოგვიყევი სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც მოგიხდა…
ფრანგული ბიუროკრატიის უკიდურესობაზე, ალბათ, ყველას სმენია და რეალობაც ასეთი ყოფილა. პირველი ორი თვე დოკუმენტები გიჭირავს ხელში და დარბიხარ ბინის, ბანკის, დაზღვევის და საემიგრაციო საკითხებზე. ფრანგული ენის არცოდნის გამო, მე განსაკუთრებულად გამიჭირდა. “Googletranslate” ჩემი საუკეთესო და შეუცვლელი მეგობარი იყო ამ პერიოდში. თუმცა თუ ყველაფერს იუმორით შეხედავ, ბიუროკრატიაც მარტივი დასაძლევია. აი, ამ საქმეს რომ მოაგვარებ, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულეს დაძლევ და უკვე შეგიძლია ლაღად მიირთვა კრუასანი.
– რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს უნივერსიტეტში?
განსაკუთრებით პროფესორებისა და სტუდენტების ურთიერთობა მომწონს. ვფიქრობ, რომ ასეთი უშუალო დამოკიდებულებები სტუდენტს უფრო ათავისუფლებს და კითხვის დასმის აღარ ეშინია/რცხვენია, შედეგად კი უკეთესი ხარისხის ცოდნას ვიღებთ.
ასევე ის, რომ უკვე შემდგარი პროფესიონალებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მნიშვნელოვან ნიუანსებს ვიგებ, მინდა ვთქვა, რომ ამ სფეროში საუკეთესო გამოცდილებას ვეუფლები ბორდოს უნივერსიტეტში.
– როგორ მიმდინარეობს “33 entrepreneurs”-ში სტაჟირების პროცესი?
სტაჟირების პროცესი საკმაოდ წარმატებულად და დინამიკურად მიმდინარეობს. ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ ისეთი კომპანიებისთვის როგორებიცაა: LVMH, ACCOR Hotels, FYAT construction group და სხვა.
ვიმედოვნებ, რომ მომავალში საკუთარ წვლილს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაშიც შევიტან.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
ძირითადად მეგობრებთან ერთად პიკნიკებს ვაწყობ და ხშირად ერთ უცნაურ სკანდინავიურ თამაშს ვთამაშობთ ხოლმე, რომლის სახელსაც ვერ ვიმახსოვრებ. ბორდო ძალიან აქტიური ქალაქია და ბევრი საინტერესო ღონისძიებების ფუფუნებაც გვაქვს. მოკლედ, აქ ვერ მოიწყენ.
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდება ბორდოს უნივერსიტეტიდან?
ალბათ, ყველაზე მეტად დამამახსოვრდება ლექციების პერიოდში შექმნილი უხერხული და სასაცილო სიტუაციები, რომლებიც კულტურათა სხვაობით იყო გამოწვეული.
– რას გეგმავ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?
სტაჟირების შემდეგ დავბრუნდები საქართველოში და ვეცდები კარიერას მივხედო. დიდი იმედი მაქვს, საინტერესო სამსახურს დავიწყებ და ჩემს ცოდნას პრაქტიკაში გამოვიყენებ.
ავტორი: ნათია ზარიძე