გელა პატაშური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია. სტუდენტობამდე ის ძალიან წარმატებულად მონაწილეობდა ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში. ახლა კი თავად არის საოლიმპიადო წრეების მოწვეული მასწავლებელი ვეკუასა და კომაროვის სკოლებში და მოსწავლეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. გარდა ამისა, ის GePhO-ს (Georgian Physics Olympiad) ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველია და სხვადასხვა პროექტში აქტიურადაა ჩართული.
თუ როგორ და რატომ აირჩია პროფესიად ფიზიკოსობა და რას გეგმავს მომავალში, ამის შესახებ გელა ინტერვიუში გვესაუბრება.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
– გელა, როდის გაგიჩნდა პირველი ინტერესი ფიზიკის მიმართ?
ფიზიკასთან შეხვედრას დაინტერესებას ვერ დავარქმევდი, რადგან ეს იყო ჩემი ფიქრებისთვის და სულიერი განცდებისთვის შესაბამისი საგნის აღმოჩენა.
მერვე კლასში ფიზიკის პირველივე გაკვეთილის შემდეგ ფიზიკოსობა უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი. ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ მომხდარა. ამის უკან იდგა ჩემი უცნაური წარსული, რომელმაც მიმიყვანა ფიზიკის პოვნამდე.
ბავშვობა ეზოში თამაშსა და სიზარმაცეში გავატარე, ყოველდღე ვთამაშობდი ფეხბურთს, დიდ დროს ეზოში ვატარებდი და იშვიათად ვჭამდი, რამაც კალცის ნაკლებობა და ძვლების დასუსტება გამოიწვია.
ამის გამო მეექვსე კლასში სალტოს გაკეთებისას ფეხი მოვიტეხე და რამდენიმე თვის სახლში, მარტოდმარტო, მეგობრების გარეშე, გატარება მომიწია. სევდიანი გავხდი და დავიწყე ადამიანის არსზე და სხვადასხვა ფუნდამენტურ საკითხზე ფიქრი. რამდენიმე თვის შემდეგ წიგნების კითხვა დავიწყე და შოპენის კლასიკური მუსიკაც აღმოვაჩინე, რამაც მაგრძნობინა რას ნიშნავდა ლამაზი ცხოვრება, შემზიზღდა ჩემი ძველი თავი და მეგობრების გარემოს გამოცვლა გადავწყვიტე. დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე ფიქრისას წარმოშობილი ძლიერი განცდები, რომელთაც რაღაც აღმატებულ მდგომარეობაში გადავყავდი, რაღაც უფრო დიდ სულიერ სიმაღლეზე, საიდანაც სამყაროს სხვა თვალით ვხედავდი.
სწორედ ამ გრძნობის აღმოჩენამ შემაცნობინა ჩემი თავი და მიმიყვანა ფიზიკის თავისთავად პოვნამდე.
– საოლიმპიადო წრეების მასწავლებლად როგორ დაინიშნე?
დღეს საქართველოში ჭირს კარგი სპეციალისტის მოძებნა საბუნებისმეტყველო დარგებში. მითუმეტეს ოლიპიელი სპეციალისტების, რომლებსაც სკოლის მასალაზე გაცილებით რთული და ბევრად მეტის ცოდნა მოეთხოვებათ.
გარდა ამისა, ახლაგაზრდა მასწავლებელს თავისი უპირატესობები აქვს. მისი შემართება დიდია, მეტი სიცოცხლე და ხალისია მასში, მომხრეა სიახლეების და ცვლილებების. ის ხომ თვითონ იყო ცოტა ხნის წინ მოსწავლე და კარგად ხვდება ბავშვების მოთხოვნებს, პრობლემებს და მეტად უგებს მათ. ზოგჯერ მის რჩევას უფრო ითვალისწინებენ თანატოლები, ვიდრე უფროსისას.
სწორედ ამ მიზეზების გამო თავისთავად, ჩემდა უნებურად, აღმოვჩნდი წრეების მასწავლებლად. მე არც კი მქონია ეს დაგეგმილი.
– რა მოგწონს სასკოლო სწავლების სისტემაში და რას შეცვლიდი?
ალბათ, ჯობია გიპასუხოთ იმაზე თუ რა არ მომწონს. ამ კითხვაზე ზოგადად ვისაუბრებ და ჩემ სკოლებს არ ვიგულისხმებ. თვითონ სისტემას არაუშავს, ცოტა წიგნებია დასახვეწი. მაგრამ მთავარი პრობლემა არა სისტემაში, არამედ ბავშვებში, მასწავლებლებსა და დირექტორებშია. უამრავი ბავშვი ოჯახში არასწორი აღზრდის გამო, უდისციპლინო, უზრდელი, თავხედი, ურჩი და უინტერესოა.
მეორე პრობლემა მასწავლებლების არაპროფესიონალიზმშია, ხშირად ისინი ბავშებს ვერ უხსნიან რამდენად მნიშვნელოვანი, საჭირო და საოცარია კონკრეტული საგანი და მათი გაკვეთილები უინტერესო და მოსაწყენია, რაც ბავშვებს აზიზღებს საგნებს და უინტერესოდ და უსიყვარულოდ სწავლობენ.
დირექტორები სხედან თავის კაბინეტში უსაქმურად და არა მარტო სწავლების ხარისხს, არამედ სკოლის ინტერიერსაც არ აქცევენ ყურადღებას და არ უქმნიან ბავშვებს ლამაზ და სანდომიან გარემოში სწავლის შესაძლებლობას, რაც გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქოლოგიაზე და მოტივაციასა და სკოლაში სიარულის ხალისს უკარგავს მათ.
საშუალება რომ მომცემოდა მაქსიმალურად ვეცდებოდი ამ პრობლემების მოგვარებას.
– უნივერსიტეტს რა როლი აქვს შენს პროფესიულ კარიერაში?
უნივერსიტეტს უდიდესი როლი აქვს ჩემს პროფესიულ კარიერაში. აქ მიღებული განათლება გადაწყვეტს ჩემი პროფესიონალიზმის დონეს. უნივერსიტეტში გაცნობილი ლექტორები იქონიებენ დიდ გავლენას ჩემ შეხედულებებზე და ამ პერიოდში შეძენილი მეგობრები დარჩებიან ჩემ სამუდამო მეგზურებად ცხოვრებაში.
– რომელია ის კონკრეტული ფიზიკური მოვლენა, რომელიც დღეისთვის ყველაზე მეტად გაინტერესებს და გინდა გამოიკვლიო?
დღესდღეობით ყველაზე საინტერესო მოვლენები ალბათ კოსმოლოგიაში და ნაწილაკების ფიზიკაშია. პრაქტიკული და მარტივი მოვლენები ძალიან უინტერესოა ჩემთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკა ასე მიყვარს, არის საკითხები, რაც საერთოდ არ მაინტერესებს. წვრილმანი განხრები ფიზიკაში და პრაქტიკული მარტივი მოვლენები ჩემში არანაირ გაოცებას არ ბადებენ. მინდა რაღაც ურთულეს, მისტიურ, გამოუცნობ, ამოუხსნელ და გაუგებარ მოვლენებს შევეჭიდო, რომლებშიც უამრავი მოვლენა ერთიანდება და დიდ მასშტაბებს მოიცავს. ასეთი მოვლენები შეიძლება იყოს სამყაროს წარმოშობა და მისი მომავალი, შავი ხვრელების ფიზიკა, დამატებითი განზომილებები, პარალელური სამყაროები, სივრცისა და დროის თვისებები, ბნელი მატერია და ენერგია და ა.შ.
მაოცებს ისეთი ფიზიკა, რომელიც ფილოსოფიაში გადადის.
– რომ არა ფიზიკა, რა სფეროში წარმოგიდგენია თავი?
ტექნიკური საგნების მიღმა ვგრძნობ რომ მრავალი ნიჭი მაქვს. კარგად გამომდის წერა, ვაკეთებ ჩანაწერებს, ვწერ მოთხრობებს, ასევე ვხატავ და ვთამაშობ ფრენბურთს კარგად.
ფიზიკის გარდა ნებისმიერ სფეროშიც შემიძლია წარმოვიდგინო თავი. მგონია, რომ თუ მომინდა შემიძლია დავდგე სერიოზული პოლიტიკოსი, ეკონომისტი, იურისტი, მწერალი, ფრენბურთელი. მაგრამ ფიზიკა იმდენად დიადია, რომ მასთან შედარებით ასეთ მატრეიალურ სფეროებში დიდხანს გაძლება გამიჭირდება. სული და გონება რაღაც უფრო დიდისკენ, აღმატებულისკენ და შეუცნობილისკენ მიმიწევს. თუმცა ღმერთის არსებობაში დარწმუნებული რომ ვიყო, ალბათ, ფილოსოფოსი, სულიერი ლიდერი ან ბერი ვიქნებოდი.
– დატვირთული სამუშაო და სასწავლო დღის შემდეგ თავისუფალი დრო თუ გრჩება და როგორ ატარებ?
თავისუფალ დროს ხან ვკითხულობ, ხან რაღაცას ვხატავ მაგრამ ძირითადად ღმერთზე ფიქრი მიყვარს.
ძალიან ხშირად მეპარება ეჭვი მის არსებობაში და ვცდილობ კიდევ უფრო ჩავუღრმავდე და გავერკვიო მასში და ეს პროცესი რატომღაც ძალიან მიზიდავს. ვეცნობი სხვადასხვა რელიგიას, ვკითხულობ წმ. იოანე ოქროპირის სახარების განმარტებას სახარების კიდევ უფრო კარგად გაგებისთვის. მინდა ძალიან დიდ სიღრმეებში ჩავიხედო და სწორედ ამის გასაკეთებლად ვიყენებ თავისუფალ დროს, ეს უსაზღვროდ საინტერესოა. გართობა არ მიყვარს, კომპიტერულ თამაშებს საერთოდ არ ვთამაშობ, მეგობრები თითქმის არ მყავს, ლექციებზე არ დავდივარ, ან სახლში ვარ ან სამუშაოზე.
– მომავლში რის გაკეთებას გეგმავ?
მომავალში ვაპირებ უცხოეთში მივიღო სერიოზული განათლება, დავდგე კარგი ფიზიკოსი და როგორც საქართველოს, ასევე მთელ კაცობრიობას რაღაც მნიშვნელოვანი შევმატო.
ავტორი: ნათია ზარიძე