ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, თსუ-ის პირველ კორპუსში აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია შეიქმნება. ასევე, დაწესდება სტიპენდია, რომელსაც ისტორიის ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტი მიიღებს.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გარდა ამისა, გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, მარიკა ლორთქიფანიძის პატივსაცემად ყოველწლიურად მისი სახელობის ახალგაზრდა ისტორიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმიც დაწესდება.
აღნიშნული ინიციატივით უნივერსიტეტის რექტორი მარიკა ლორთიქანიძის პანაშვიდზე გამოვიდა.
EDU.ARIS.GE შეეცადა დეტალური ინფორმაცია თავად უნივერსიტეტიდან მიეღო. როგორც თსუ-ში აცხადებენ, ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და გიორგი შარვაშიძის საუბრის შემდეგ ჩამოყალიბებული ინიციატივა ჯერ დახვეწის ეტაპს გადის.
„ჯერ სულ რამდენიმე დღეა რაც მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. შესაბამისად, ეს იდეაც ამის შემდეგ გაჩნდა. მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდება კრიტერიუმები თუ ვის და რა ფორმით მიენიჭება ეს სტიპენდია, ინფორმაციასაც ამის შემდეგ გავავრცელებთ“, – აღნიშნეს თსუ-ში.
ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლისა გარდაიცვალა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
მას გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი