CV-ის შევსების 10 ოქროს წესი

აქტუალური

CV თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მათო შევსების და გაგზავნის კულტურა საქართველოში დროსთან ერთად იხვეწება, მაგრამ მაინც არსებობს ხარვეზები/ ფართოდ გავრცელებული შეცდომები, რაც ამცირებს დასაქმების შესაძლებლობებს.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

1. ფოტო

თუ არ არის მოთხოვნილი, ნუ გააგზავნით ფოტოსურათს CV-სთან ერთად. სურათი ხელს უწყობს ნეგატიურ/პოზიტიურ დისკრიმინაციას და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. თუ მაინც გადაწყვეტთ ფოტოს გაგზავნას მოერიდეთ:

  • ჯგუფურ ფოტოებს (2 ან მეტი პერსონა), სადაც გაურკვეველია თქვენ რომელი ხართ;
  • ჩამოჭრილ ფოტოებს, სადაც შესაძლოა ვიღაცის თმა ან სხეულის ნაწილები გქონდეთ ირიბად მიბმული;
  • ფოტოებს თქვენი ქორწილიდან ან სხვისი ქორწილიდან;
  • ფოტოებს შეუსაბამო სამოსში (სპორტული ჩაცმულობით, Black Tie, White Tie);
  • ფოტოებს არაფორმალურ გარემოში, თქვენი საძინებლიდან, ბუნებაში, ქუჩაში და ა.შ.;
  • ფოტოებს, რომლებსაც იყენებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოსახიბლად;
  • ფოტოებს გადამეტებული მაკიაჟით;
  • ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია მოძრაობაში;
  • ფოტომონტაჟებს საშინელებათა ფილმიდან;
  • რელიგიური ხასიათის ფოტოებს;
  • სხვა ადამიანის ან ცხოველის ფოტოებს;
  • საგნების ან/და გეოგრაფიული ადგილების ფოტოებს;
  • ფოტოებს, სადაც არის რაიმე შტამპი, ბეჭედი და აღნიშვნა და ა.შ.
  • ფოტოები უნდა იყოს სადა, ფორმალური და უნდა შეესაბამებოდეს CV გაგზანის პერიოდში თქვენს იერსახეს.
  • მოერიდეთ ახალგაზრდობის ან ბავშვობის პერიოდის სურათების გაგზავნას.
  • კარგია თუ ისარგებლებთ პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურებით.

2. ასაკი/დაბადების თარიღი

თუ არ არის მოთხოვნილი მოერიდეთ თქვენი ასაკის მითითებას. აპლიკაციებისა და რეზიუმეების ფილტრაციისას ხშირია ასაკობრივი დისკრიმინაციის ფაქტები და შესაძლოა მხოლოდ თქვენი ასაკის გამო ვერ მოხვდეთ შერჩევის შემდგომ ეტაპზე.

3. მოძველებული ინფორმაცია

ნუ მიუთითებთ ინფორმაციას თქვენი ბავშვობის მიღწევების შესახებ, ასევე ინფორმაციას 15 წლის წინანდელი სამსახურის შესახებ.

4. ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ

ნუ მიუთითებთ თქვენი საშულო სკოლისა და უნივერსიტეტის ნიშნებს, ასევე საგნებს რომლებიც გაიარეთ სასწავლო პროგრამების ფარგლებში.

5. სამუშაო გამოცდილება

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამუშაო გამოცდილების ველების სრულყოფილად შევსებას. მიუთითეთ ზუსტი ინფორმაცია:

  • დამსაქმებლის შესახებ (დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);
  • მუშაობის პერიოდი (თვე, წელი);
  • თანამდებობის სრული დასახელება;
  • ფუნქცია-მოვალეობები (3-4 ფუნქცია-მოვალეობა მაინც), რისი შესრულებაც გიწევდათ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად.
  • ნუ მიუთითებთ ორგანიზაციიდან წამოსვლის მიზეზებს, თუ ამას პოტენციური დამსაქმებელი არ გავალდებულებთ.

6. ხელფასი

არასდროს მიუთითოთ წინა სამსახურებში თქვენი ხელფასის შესახებ ინფორმაცია რეზუმეში. ასევე, მოერიდეთ სასურველი ხელფასის CV განსაზღვრას.

7. რეკომენდაციები

ნუ მიუთითებთ რეკომენდატორებს ისე, რომ არ აიღოთ მათი ნებართვა. შეეცადეთ შემოიფარგლოთ 3-4 რეკომენდატორით. თუ არ ხართ სტუდენტი, რეკომენდატორებში ლექტორის/პროფესორის/რექტორის მითითება მოძველებული ტრენდია. თუ თქვენი რეკომენდატორი თანამდებობის პირია, სასურველია მისი პირადი მობილურის ნაცვლად მიუთითოთ ელ-ფოსტა და სამსახურის ტელეფონი. მოერიდეთ ისეთ რეკომენდატორებს, ვისაც არ აქვთ თქვენთან მუშაობის გამოცდილება. არასოდეს გამოიყენოთ მშობლები და ახლო ნათესავები რეკომენდატორებად.

8. შეუსაბამო ინფორმაცია

შეეცადეთ გააგზავნოთ ვაკანსიის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი რეზუმე. მაგალითად, თუ აგზავნით ფინანსური მენეჯერი პოზიციაზე რეზუმეს და ფინანსური სფეროს გარდა ნამუშევარი გაქვთ ცეკვის მასწავლებლად, არ არის საჭირო ამ გამოცდილების შეტანა თქვენს რეზუმეში. თუ ეს იწვევს კარიერაში წყვეტას, შემოიფარგლეთ ზოგადი ჩანაწერით „2012-2014 წლებში სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება“. მოერიდეთ დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაგზავნას კონკრეტულ ვაკანსიაზე. შერჩევის მენეჯერების უმრავლესობა შეზღუდულია დროში და ვერ მოახერხებს თქვენს მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტის დეტალურად გაცნობას, თუ ამას შიდა ორგანიზაციული რეგულაცია ან/და კანონი არ ავალდებულებს.

9. ჰობი, ინტერესები და რელიგიური პრეფერენციები

არავის აინტერესებს შერჩევის პირველ ეტაპზე თქვენი ჰობის და რელიგიური კუთვნილების შესახებ ინფორმაცია. დაინტერესების შემთხვევაში, გასაუბრებაზე აუცილებლად გკითხავენ ინფორმაციას თქვენი ინტერესებისა და ჰობის შესახებ. იშვიათად შეგხვდებათ კითხვები რელიგიური კუთვნილების შესახებ, თუ გასაუბრების ეტაპზე თქვენი ვიზუალური მხარე არ უსვამს ხაზს თქვენს რელიგიურობას. მოერიდეთ საქართველოში რელიგიაზე ხაზგასმას, თუ არ ხართ მართმადიდებელი ქრისტიანი. გახსოვდეთ, რომ საქართველოში არ უყვართ როკერები, პანკ მუსიკის ფანები, ემოები და Heavy Metal-ის მსმენელები. მოერიდეთ მკვეთრად გამოკვეთილ რელიგიურ ორგანიზაციებში მუშაობას, თუ არ იზიარებთ სიღრმისეულად მათ ღირებულებებს.

10. პერსონალური ინფორმაცია

თუ დამსაქმებელი არ გთხოვთ არ გასცეთ შემდეგი ტიპის პერსონალური ინფორმაცია:

  • ოჯახური სტატუსის შეხებ (დაოჯახებული, დასაოჯახებელი, ქვრივი);
  • ოჯახის წევრების შესახებ (3, ქმარი და 2 შვილი და ა.შ.);
  • სახლის მისამართის შესახებ (დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით);
  • ფიზიკური მახასიათებლების შესახებ (თვალის ფერი, კანის ფერი, შეზღუდული შესაძლებლობები);
  • სექსუალური ორიენტაციის შესახებ;
  • ეთნიკური კუთვნილების შესახებ და ა.შ.

ყველა წესის დაცვა, მაინც არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ თქვენ შეძლებთ წარმატებით დასაქმებას, მაგრამ განიჭებთ კონკურენტულ უპირატესობას და ადეკვატური დამსაქმებელი ადრე თუ გვიან მაინც შეამჩნევს თქვენს პროფესიონალურ რეზუმეს/СV.

კარგი რეზუმე/СV არის წარმატებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი.

არ დაგავიწყდეთ 6 თვეში ერთხელ მაინც თქვენი СV განახლება/გადახალისება. ყოველთვის გამოიყენეთ სადა პასტელის ფერები, ერთგვაროვანი არამხატვრული შრიფტი და მინიმალური გრაფიკა და ანიმაციები.

ავტორი: თამარ შუკაკიძე

წყარო: work.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები