ზაფხული ყველა სტუდენტის სანატრელი პერიოდია – არავითარი ლექციები და გამოცდები, მხოლოდ დასვენება, გართობა და მეგობრები. თუმცა კარგი დასვენებისთვის ბევრი დრო და ფულია საჭიროა. როგორ და სად ისვენებენ სტუდენტები ზაფხულში, რამდენად იაფია მათთვის ეს სიამოვნება და ყოფნით თუ არა დრო კარგი გართობისთვის? ამ თემით studinfo.ge დაინტერესდა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ საზაფხულო თავგადასავლებზე გვიყვებიან.
ქრისტი ხვიტია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ,,2017 წლის ზაფხული ჩემთვის განსაკუთრებულად კარგი იყო, 1 ივლისს ბოლო გამოცდა ჩავაბარე და სწავლა დავამთავრე, თუმცა ჩემი დასვენება უფრო გვიან დაიწყო. 2 ივლისიდან 27 ივლისამდე ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებლად ვიმუშავე, ეს პერიოდი საკმაოდ დამღლელი და ამავდროულად შედეგიანი იყო. აქ უკვე დაიწყო ჩემი დასვენება, პირველი გაჩერება სვანეთი (მესტია) იყო, 19 წლის განმავლობაში სვანეთის ნახვა სულ მინდოდა. სვანეთის შემდეგ ანაკლიაში ვიყავი, მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც დიდად არ მომეწონა და მალევე წამოვედი, შემდეგ ბათუმში წავედი 1 კვირით. შემდეგ სარელაქსაციოდ ტყეში დასვენება გადავწყვიტე და სურამში წავედი. სტუდენტებისთვის, რომელთა უმეტესობას მშობლების კმაყოფაზე უწევს ცხოვრება, ვიცი, რთულია დასვენება, ისე როგორც უნდათ რადგან დასვენება არც ისე იაფია. ჩემი ზაფხული ნაწილობრივ მაინც ჩემით დავიფინანსე, ეს ზაფხული ამიტომ არის ჩემთვის გამორჩეული. სხვა წლებთან შედარებით უფრო დამოუკიდებელი გავხდი და ვიმედოვნებ ასე და განვაგრძობ.”
ირაკლი მაკასარაშვილი, შავი ზღვის უნივერსიტეტი: ,,მთლად საინტერესო ზაფხული არ მქონია, თუმცა არცთუ ისე მოსაწყენად გავატარე. ჯერ ფშავში ვიყავი მეგობრებთან ერთად კემპინგზე, შემდეგ ბათუმში წავედი. ზღვაზე სულ ორი კვირით ვიყავი. საბოლოო ჯამში მაინც გემრიელი და სახალისო ზაფხული შედგა. რომ არა სამსახური, უკეთესიც შეიძლებოდა ალბათ.”
მარი ფარეიშვილი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი: ,,ნორმალურად ვისვენებ, უკეთესადაც შეიძლებოდა. ყვარელში ვიყავი დაქალთან ერთი კვირით. ახლა ჩემს სოფელში ვარ რაჭაში…”
ვანო ედიბერიძე, სოხუმის უნივერსიტეტი: ,,ერთი მშვნეიერი დღე იყო გავიღვიძე და ძმაკაცი ამოდის ჩემთან წამო სადმე წავიდეთ, თან ლაშქრობის ჩანთა ეკიდა. მეც ავდექი, ჩავიცვი ჩავალაგე ჩანთა და გავუყევით გზას. გადავწვიტეთ რომ წავულიყავით ჯერ ზემო გორდში, კერძოდ ოკაცეზე, შემდეგ იქიდან 10 კმ-შია ჩანჩქერი კინჩხა და იქაც ავედით, ამ ყველაფრის ნახვა სწრაფად მოვახერხეთ და კიდევ 1 დღე-ღამე გვქოდნა წინ სანამ სამსახურში გავიდოდით. ამიტოამც გადავწვიტეთ წავსულიყავით მარტვილის კანიონზე, კანიონიდან კიდე წავედით სათაფლიაში მღვიმეს მოსანახულებლად… ყველაფერი მოვინახულოთ 3 დღეში რისი ნახვაც მოვასწარით და დავბრუნდით უკან 13 აგვისტოს. 15 აგვისტოს არაშენდაში იყო ირაკლი ჩარკვიანის საღამო. შემთხვევით გამეჩითა ბილეთები ამიტოამც მე და ჩემი მეგობრები წავედით არაშენდაში, კარგი დრო გავატარეთ და 16 ში დავბრუნდით.”
მარი გოჩიაშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტი: ,,ზაფხულის დასაწყისში გაცვლითი პროგრამით ვიყავი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, ორი კვირით, მეგობრებთან ერთად. მშვენიერი დრო გავატარეთ სწავლას დასვენებაც შევუთავსეთ მშვენივრად… ბერლინშიც ვიყავით, ორი დღით, პოლონეთის ექვსი ქალაქი მოვიარეთ. ამ ეტაპისთვის ჩემი ცხოვრების საუკეთესო თავგადასავალი იყო ეს მოგზაურობა, შთაბეჭდილებებით და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდი. წამოსვლისას უკრაინაც დავათვალიერეთ. ახლა ბათუმში ვარ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად. ჩემი მეგობრებიც აქ არინ. მოკლედ, ჯერ-ჯერობით მშვენივრად მიდის ზაფხული თან კიდევ არის დრო ზაფხულის დასრულემდე, ასე რომ იმედი მაქვს ახალი შთაბეჭდილებების.”
ირაკლი პაჭკორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,სწავლის პროცესი საკმაოდ გაჭინაურდა ჩვენს უნივერიტეტში და, შესაბამისად, დასვენების პერიოდმა არასრული 2 თვე შეადგინა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ნორმალური დასვენება გამოვიდა. ივლისის მეორე ნახევარი ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე გავატარე. ამჟამად ქობულეთში ვისვენებ და რამოდენიმე დღეში გერმანიაში ვაპირებ გამგზავრებას ერთი კვირით. კარგია ვიზალიბერალიზაცია. დაბრუნებულზე სოფელში დავისვენებ კიდევ ცოტას, ალბათ, და მალე ახალი აკადემიური წელიწადიც მომისწრებს.”
თათია გიგაური, ქართული უნივერსიტეტი (სანგუ): ,,დასვენება ცოტა რთული საკითხია ჩემს ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ კარგი დასვენება კარგ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც მხოლოდ ერთი კვირა ვაჩუქე ჩემს თავს, ჯერჯერობით, ვაჩუქე რა, დედამ მაჩუქა. წვიმიან ქობულეთში მხოლოდ 4დღე თუ ვეღირსე მზის დანახვას და საპასუხოდ დაბრაწვაც მივიღე. არა ეს იმიტომ არ მომხდარა რომ ხამი ვარ ზაგრის, უბრალოდ, ზედმეტად მეზარებოდა დილით ადგომა და გვიან გასულმა კი ვნახე რაც მომივიდა. თბილისში ყოფნას მაინც ჯობდა.არაუშავს, დასვენება ხომ ერქვა. ჩამოვედი და აქ ვაგრძელებ უსაქმრობას მარტო არა ჩემს ფისოსთან ერთად.”
ლევანი გიგილაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი: ,, საზაფხულო არდადეგებს, მიუხედავად იმისა, რომ გვიან დამეწყო (20 ივლისს მოვრჩი ფინალურ გამოცდებს), მაინც არაჩვეულებრივად ვატარებ. გამოცდების დასრულებითანავე, 25 ივლისს, წავედი უნივერსიტეტის სავალდებულო საველე პრაქტიკებზე. ათი დაუვიწყარი დღე კარავში, ახალი მეგობრები და გამოცდილება. მე ამ პრაქტიკებს მაინც დასვენებად ვთვლი, თითქმის ყოველდღე მდინარეში გართობა, საღამოს კოცონის პირას საინტერესო ამბების მოყოლა და უფრო მეტი გართობა, ზომიერი სმა. ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რითაც თავისუფალ დროს ვიყავით ხოლმე დაკავებული. საველედან დაბრუნების შემდეგ, მეორე დღესვე წავედი ზღვაზე დასასვენებლად, იქაც ყოველ ღამით მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ დროს ვატარებდი. ახლახანს დავბრუნდი ზღვიდან და ახლა სოფელში სუფთა ჰაერზე ვისვენებ.”
ელენე ჩხეიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, წლევანდელი ზაფხული ჩემთვის ძალიან ბევრი თავგადასავლების, გართობის და დასვენების საშუალება აღმოჩნდა. ვიმყოფებოდი ანაკლიაში,”ჯემ ფესტზე” 1 კვირით, შემდეგ “მომავლის ბანაკში”წამოვედი ლიდერად და დღემდე აქ ვარ. გადასარევი გრძნობაა, როცა დილით ზღვის ტალღების ხმაური მაღვიძებს, არაჩვეულებრივი გარემოა, სადაც თავს კომფორტულად და დასვენებულად ვგრძნობ. დიდი ხანია ასეთი ნეტარება არ განმიცდია. ჯერ ჩემი საზაფხულო თავგადასავლები არ დამთავრებულა, ვაპირებ იმერეთში სტუმრობას, აუცილებლად უნდა წავიდე ასევე დუშეთშიც, და რაც მთავარია, დავისვენო “ზღვის და მზის მხარეშიც” (ბათუმში).
ნიკუშა მჟავანაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ,,ახლა დასასვენებლად ვარ ბათუმში, აქ ძალიან კარგია ვერთობი მეგობრებთან ერთად. 10 დღით ვარ მთლიანად. ყველა ვისაც ვიცნობ აქ არის. ერეკლე დეისაძის ლაივ კონცერტზეც ვიყავი მეგობრებთან ერთად, მოკლედ კარგად ვისვენებ.”
როგორც ხედავთ, თითოეული სტიდენტის საზაფხულო არდადაეგები განსხვავებული და მრავალფეროვანია. საზაფხულო დასვენების დამთავრებამდე სტუდენტებს ჯერ კიდევ აქვთ ცოტა დრო. სექტემბრიდან კი ზოგი მათგანისთვის ბოლო, ზოგისთვის კი მომდევნო ახალი სასწავლო წელი დაიწყება.
ავტორი: ნათია ზარიძე