ინგლისური ენის უფასო სასწავლო ვიდეოგაკვეთილები და სიახლე აბიტურიენტებს ქართველი სტუდენტისგან

განათლება

თაკო ბაქრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის, მე-4 კურსის სტუდენტია. სწავლის პარალელურად ის საკუთარ ცოდნას, მისივე ინიციატივითა და რესურსით, სხვებსაც უზიარებს. სულ რამდენიმე თვეა ონლაინ სივრცეში ინგლისური ენის შემსწავლელი პლატფორმა – „ინგლისური ყველასთვის“– არსებობს, რომლის ავტორი და მასწავლებელი თავად თაკოა. პლატფორმა ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი და იგი სრულიად უფასოა.

რა გახდა ვიდეოგაკვეთილების სერიის შექმნის მიზეზი, როგორ განახორციელა იდეა და რას გეგმავს მომავალში, ამის შესახებ თაკო ინტერვიუში გვიყვება.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

თაკო, მომავალი პროფესია როგორ შეარჩიე?

– ბავშვობიდან მიყვარდა ინგლისური, მომწონდა მისი ჟღერადობა. ზოგი თვლის, რომ ფრანგული ან იტალიური უკეთესად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ინგლისური იყო სასიამოვნო მოსასმენი.  მინდოდა, ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა. ამიტომაც ჩავაბარე ინგლისურ ფილოლოგიაზე.

სტუდენტობის პერიოდმა დამატებით რა პროფესიული უნარები შეგძინა?

– ინგლისური ენის სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტობის პერიოდმა საჯარო მეტყველებისა და პრეზენტაციის გაკეთებისთვის საჭირო უნარები შემძინა. ვთვლი, რომ ეს უნარები წარმატებული გაკვეთილის ჩატარებისთვის უმნიშნველოვანესია. შეიძლება ადამიანმა ძალიან კარგად იცოდეს რამე, მაგრამ ამ ინფორმაციის საინტერესოდ გადმოცემა ცოდნაზე არანაკლებ მნიშნველოვანია. ასევე შემძინა, მიზანდასახულობა. მჯერა, რომ თუ ადამიანი რამეს მოინდომებს და თავისი მიზნის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. სისტემატიურმა მეცადინეობამ კი დროის სწორი მენეჯმენტი და საკუთარ თავზე მუშაობა მასწავლა.

როგორ გაგიჩნდა სასწავლო პლატფორმის შექმნის იდეა?

– ინგლისურს ვასწავლი ჩემს ბიძაშვილებს. მათთვის წინასწარ ვადგენდი გაკვეთილებს სხვადასხვა წიგნიდან. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი მასალა მქონდა დაგროვილი, მამაჩემს გაუჩნდა აზრი,  ვიდეობი გადამეღო და ჩემი ცოდნა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმედი მაქვს, ეს გაკვეთილები ბევრ ადამიანს დაეხმარება.

რა დრო და რესურსი დასჭირდა იდეის განხორციელებას?

– 2-3 ვიდეოს მომზადებას დაახლოებით 6-7 საათი სჭირდება. რაც შეეხება რესურსს, გადაღებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი აღჭურვილობა, კამერა, ხმის ჩამწერი, განათებები, ჩემმა ძმამ, გიორგი ბაქრაძემ, შეიძინა. გიორგიმ, რომელიც პროგრამისტია, ასევე შექმნა საიტი. ის რომ არა, ეს სასწავლო პლატფორმა არ იარსებებდა.

თუ იცი, ამ დროისთვის რა რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს საიტს და როგორია ჩართულობა მათი მხრიდან?

– ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მომხამერებლთა ჩართულობას, როგორც საიტზე, ასევე youtube-ზე და facebook-ის გვერდზე. თითოეული პლატფორმისთვის ჩართულობას რამდენიმე სხვადასხვა პარამეტრით განვსაზღვრავთ, რითაც ძალიან კმაყოფილნი ვართ. მაგ.,  facebook-ზე post engagement rate საშუალოდ 3-დან 4%-მდე მერყეობს, რაც ჩვენი ინდუსტრიის საშუალოზე 300%-ით მეტია.

როგორც ვიცით, კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას აპირებ აბიტურიენტეისთვის. როგორი პროგრამის შედგენას გეგმავ?

– პროგრამის მასწავლებლის გარეშე. როგორ? თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას შევქმნათ სისტემები, სადაც ვიდეო და აუდიო მასალის გარდა, ვირტუალური მასწავლებელი იქნება, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად შეურჩევს თემის შესაბამის სავარჯიშოებს და მომენტალურად შეამოწმებს მათ. რატომ? ჩვენი მთავარი მიზანია ხელმისაწვდომობა – უცებ დავთვალოთ რა ღირს მოსწავლის მომზადება რეპეტიტორთან 9-10 თვის განმავლობაში? საშუალო დონის რეპეტიტორი, მეტ-ნაკლები კომპეტენციით, ერთ გაკვეთილში 10 ლარს იღებს, რაც თვეში 120 ლარია, ხოლო მთელი წლის განმავლობაში 1200 ლარი გამოდის. ჩვენი გათვლით სისტემა ამ ღირებულების მეასედი იქნება, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ოჯახისთვის.

რაც შეეხება პროგრამას, პროგრამა მოიცავს, როგორც ლექსიკურ ასევე გრამატიკულ, მოსასმენ და წერით დავალებებს. აბიტურიენტი ამ პროგრამის დამოუკიდებლად გავლის შემდეგ შეძლებს,  საკმაოდ მაღალ დონეზე ჩააბაროს, როგორც საატესტატო, ასევე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდა.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

– საკმაოდ აქტიური და დაკავებული ცხოვრება მაქვს, უნივერსიტეტისა და “ინგლისური ყველასათვის” გარდა, სხვა პროექტებითაც ვართ დაკავებული. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს ცურვა და სამკაულების კეთება, შედევრებს არ ვქმნი, მაგრამ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს შექმნილ ნივთს უყურებ და როცა ახლობელ ადამიანებს ახარხებ, არა ნაყიდი საჩუქრით, არამედ საჩუქრით, რომელშიც მთელი სული და გული, დრო და ენერგია ჩადე.

რას აპირებ ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ?

– ვაპირებ მაგისტრის ხარისხი ავიღო.ჯერ საქართველოში ჩავაბარებ უნივერსიტეტში, შემდეგ კი საზგვარგარეთაც ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. ასევე, რამდენიმე სერტიფიკატის აღება მინდა.

თაკოს სასწავლო პლატფორმის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს abz.ge.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები