დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა

განათლება

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  • სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
    აგრარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
  • კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის 2014-2016 წლებში გამოცხადებული ამავე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირი.

ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი საგრანტო კონკურსისათვის წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. პროექტი დაგეგმილი უნდა იყოს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებად და იწყებოდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს.

კონკურსის გრაფიკი:

  • 10 მარტი, 2017წ. – კონკურსის გამოცხადება;
  • 24 მარტი, 16:00 სთ. – ჯგუფური კონსულტაცია №1 – სარეგისტრაციო ფორმა;
  • 7 აპრილი – პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა;
  • 12 აპრილი, 16:00 სთ. – ჯგუფური კონსულტაცია №2 – სარეგისტრაციო ფორმა;
  • 20 აპრილი – ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 28 აპრილი, 16:00 სთ. – ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 3 მაისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა;
  • აგვისტო – კონკურსის შედეგების გამოცხადება.

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე.

პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით!

კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • დოქტორანტის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (მოქმედი დოკუმენტი);
  • დოქტორანტის წინა აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ცნობა დოქტორანტურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ, გაცემული 2017 წლის 10 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.

„განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შესაბამისი პირების ხელმოწერებითა და ბეჭდით დამოწმებული წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 3 მაისის 16:00 სთ-მდე.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:

ქეთევან გაბიტაშვილი – ელ-ფოსტა: [email protected]

დავით ჩიჩუა – ელ-ფოსტა: [email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები