“აუდიტორია 115”-მა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს 3 თვის წინ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დაწყება მოსთხოვა. ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ კანონის” იმ მუხლებს ეხება, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას არეგულირებს. ორგანიზაცია თვლის, რომ კანონმდებლობა დისკრიმინაციულია და სტუდენტებს არათანაბარ პირობებში აყენებს. გთავაზობთ “აუდიტორია 115”-ის განცხადებას უცვლელად:
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
,,გუშინ 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს.
ამ პერიოდში, ამ სივრცეში, ჩატარდა ათობით დისკუსია და ლექცია სხვადასხვა პრობლემურ თემაზე, გაიმართა შეხვედრები ჩვენი საზოგადოების ჩაგრული ჯგუფების წარმომადგენლებთან, იქნებიან ეს მშრომელები, ინდუსტრიული ქალაქებიდან, სერვისის სფეროში დასაქმებული ადამანები თუ ბანკებისგან დაზარალებული იპოთეკარები. სწორედ, ამ სივრცეში დაიწყო მშრომელებისა და სტუდენტების გაერთიანება საერთო ჩაგვრის წინააღმდეგ.
პარალერულად, ამ პერიოდის განმავლობაში, აუდიტორია 115 აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტთან და მის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან. მოლაპარაკების მთავარი თემა იყო, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, უფრო კონკრეტულად კი იმ მუხლების ცვლილება, რომელიც ეხება სტუდენტურ თვითმმართველობას. ის, რომ კანონმდებლობა დისრკიმინაციულია და სტუდენტებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში აღიარა საქართველოს მთავრობამ, როდესაც გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხზე. ასევე, აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მარიამ ჯაშმა და ისაუბრა კანონის ცვლილების აუცილებლობაზე.
,,მე აბსოლუტურად ვიზირებ მოთხოვნას, რომ სტუდენტების თანაბარი უფლება უნდა იყოს გარანტირებული, როგორც საფაკულტეტო საბჭოს წევრის არჩევისას, ასევე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მაქსიმალურად სწრაფად შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი”, – კომიტეტის თავმჯდომარის ეს განცხადება 5 დეკემბრით თარიღდება. განცხადების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვე გავიდა, თუმცა საზოგადოებამ კვლავ არ იცის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
სამთვიანი პროტესტის განმავლობაში, აუდიტორია 115-მა არგუმენტირებულად, როგორც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით, დაასაბუთა იმ ცვლილებების აუცილებლობა, რომელსაც
თვეებია ვითხოვთ.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მხრიდანაც გადმოიდგა არაერთი შემხვედრი ნაბიჯი, თუმცა მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში შესვლის შემდგომ, სრულიად მოულოდნელად, კომიტეტმა გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვშიშობთ, რომ შესაძლოა საქმეში კვლავ უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, რომელიც პირველივე დღიდან ცდილობს სტუდენტური თვითმმართველობის ამ სახით შენარჩუნებას.
რამდენიმე დღეში სასწავლო პროცესი განახლდება. გვინდა მოვუწოდოთ კომიტეტს, რომ სასწრაფოდ განაახლოს ცვლილებებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უნივერსიტეტში შექმნილ კრიზისზე, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს, პასუხისმგებლობა სწორედ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დაეკისრება.”
“აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსში 2016 წლის 24 ნოემბერს შეიჭრნენ და პიკეტირებას ამ დრომდე აგრძელებენ.