სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 1 მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულაზე ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
წელს პირველად დოქტორანტურის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი წესის შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში 50%- დან 100%-მდე დაფინანსდებიან.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
2015-2016 წლებში „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 4500-მდე თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტი.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
- ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
- უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
- უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
- I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
- რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
- სამოტივაციო წერილი;
2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 1 მარტიდან – 31 მაისის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7) გაგრძელდება.