სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის მსურველებისთვის

გაცვლითი პროგრამები

 

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივ დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

2017-2018 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

2017-2018 სასწავლო წლისთვის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულულად გამოცხადდა შემდეგი მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

ელ. განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით.

საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე – www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.

აღნიშნული პროგრამა პირველად 2016 წელს ამოქმედდა და საქართველოს 16 მოქალაქე უკვე სწავლობს საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამართავენ სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს წარომადგენლები საქართველოში.

სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი:

მისამართი: ინგოროყვას 7

ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge,

ცხელი ხაზი: 2 40 02 02

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები