„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლოა ერთ კვირაში დასრულდეს და კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირება მოხდეს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განუცხადა.
„მოგეხსენებათ რომ თვენახევარზე მეტია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს როგორც სტუდენტურ თვითმმართველობასთან, ისე „აუდიტორია 115“-თან. ორივე მხრიდან წარმოდგენილია პოზიციები, არის გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს საბოლოო შეჯერებას, რათა საბოლოო პოზიციამდე მივიდეთ. ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი კვირის პერიოდში ჩვენ შევძლებთ საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებას, რა თქმა უნდა, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. შემდეგი კონსულტაციები მექნება თანაგუნდელებთან და იმედი მაქვს რომ ერთი კვირის პერიოდში შევძლებ საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას. თუმცა მსჯელობა და პლენალური განხილვები უკვე წარიმართება არა დაჩქარებულად, არამედ ტრადიციულ ფორმატში. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო პოზიციების დაახლოება ერთი კვირის განმალობაში მოხდება და მივალთ კონსესუსამდე,“ – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, „აუდიტორია 115“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირების შეწყვეტას მას შემდეგ გეგმავს, რაც პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის ცვლილებათა პაკეტი დარეგისტრირდება.
მოამზადა: ქეთი გიგოლაშვილმა