,,აუდიტორია 115”-მა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის მიერ შემოთავაზებულ კითხვარზე მუშაობა დაასრულა და მომზადებული დოკუმენტი კომიტეტს გაუგზავნა.
სტუდენტების თქმით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლამ ცხადყო, რომ, პრაქტიკულად, ყველა წამყვან უნივერსიტეტში, სტუდენტების საუნივერსიტეტო მართვის პროცესში მონაწილეობა უზრუნველყოფილია არჩევის პირდაპირი წესით.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
,,აუდიტორია 115”-ში ამბობენ, რომ დოკუმენტზე მუშაობამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება შემთხვევა, როდესაც უმაღლესი კანონმდებლობით რეგულირდება რომელიმე სტუდენტური ორგანიზაციისა თუ ჯგუფის არსებობა.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ,,აუდიტორია 115” რამდენიმე თვეა ითხოვს. მასშტაბური აქციებისა და განათლების მაშინდელ და ამჟამინდელ მინისტრებთან მოლაპარაკებების მიუხედავად კანონში ცვლილებები ამ დრომდე არ შესულა.
მიმდინარე თვეში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კომიტეტის სხდომაზე როგორც ,,აუდიყორია 115”-ის წევრებს, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ მარიამ ჯაშმა 12 კითხვიანი დოკუმენტი გადასცა, რომელზეც მუშაობის დასასრულებლად ორკვირიანი ვადა მისცა.
მოამზადა: ქეთი გიგოლაშვილმა