ამ წუთებში რუსთავის მერიის შენობის წინ დაძაბული ვითარებაა . სტუდენტური ტარიფის მოთხოვნით, სტუდენტებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. უკვე მეორე დღეა რუსთაველი ახალგაზრდები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფის გაძვირებას რუსთავის მერიის შენობასთან აპროტესტებენ და სტუდენტური ტარიფის დაწესებას ითხოვენ.
გუშინ 50-მდე სტუდენტმა მერიის შენობის წინ, რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის, სირცხვილის კორიდორიც მოაწყვეს.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
თამარ მეტრეველი, სტუდენტი: ,,ეს აქცია რუსთავის სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ჩვენ ზუსტად ერთი წლის წინ შევხვდით რუსთავის ადგილობრივ მთავრობას და ტარიფის დაწევა ვთხოვეთ. ჩვენი თხოვნა არა თუ გათვალისწინებული არამედ უგულებელყოფილი იქნა და დღეს ტარიფი კიდევ უფრო გაზრდილია. მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტარიფი თვითნებურად გაზარდა კონტრაქტორმა კომპანიამ. ეს ჩვენი პრობლემა კი არა მერიის ხარვეზია“.
სტუდენტებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან აქციიდან დიალოგის რეჟიმში გადასვლისკენ შეთავაზება გუშინვე მიიღეს, თუმცა სტუდენტები შეთავაზებას არ დათანხმდნენ.
,,წელიწადნახევრის წინ თუ ვიყავით მოლაპარაკებაზე რა მივიღეთ?! სტუდენტური ტარიფის ნაცვლად გაძვირებული მგზავრობა. ჩვენ აქციებს მანამ გავაგრძელებთ სანამ ტარიფი არა თუ აქამდე არსებულს არ გაუტოლდება არამედ სანამ სტუდენტური ტარიფი არ იქნება შემოღებული“, – აცხადებს აქციის მონაწილე სალომე მიშველაძე.
სტუდენტურ აქციაზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სახეც გამოჩნდა მათ შორის ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი, რომელმაც მთავრობას ახალგაზრდების მოთხოვნების გათვალისწინება ურჩია. ოპოზციური პარტიების აქციაზე გამოჩენებამ კი გააჩინა მოსაზრება, რომ აქცია პოლიტიკურად ნაკარნახევი და ანგაჟირებული იყო.
,,სამწუხაროდ, სტუდენტებმა დიალოგის რეჟიმი არ ისურვეს. 30 ადამიანთან ერთად ქუჩაში საუბარი კი რთულია. ცუდია, რომ ,,თავისუფალი ზონისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სტუდენტებს არ მისცეს საშუალება ჩვენთან დიალოგის. ადგილობრივი მთავრობა ყველაფერს აკეთებს რომ ,,ინტერტრანსმა“ ტარიფები დაწიოს. მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილია 500 სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტის ყოველთვიური დაფინანსება. ქალაქის ბიუჯეტი უსასრულო არ არის და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტებს შესაძლებლობიდან გამომდინარე ყოველთვიურად გვერდში დავუდგეთ“- განაცხადა რუსთავის ვიცე-მერმა ნოდარ შეროზიამ.
რაც შეეხება რუსთაველი სტუდენტებისთვის 3 უფასო ავტობუსის გამოყოფას, ვიცე-მერი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი მერიაში განიხილეს, თუმცა ეს შეთავაზება ეფექტური არ გამოდგა.
,,რუსთავიდან თბილისისკენ 4 ათასამდე სტუდენტი გადაადგილდება ყოველ დღე. სამ ავტობუსს კი მხოლოდ 125 სტუდენტის გადაყვანა შეუძლია. ეს მუნციპალური უფასო ავტობუსები რომ დაგვენიშნა შესაძლოა ის სტუდენტები, ვისაც ყველაზე მეტად სჭრდება ხელშეწყობა საერთოდ ვერ შესულიყვნენ აღნიშნულ ტრანსპორტში და ადგილი კიდევ უფრო დიდ გართულებებს ექნებოდა“
აქცია რუსთავის მერიასთან ამ წუთებშიც გრძელდება. სტუდენტები სტუდენტური ტარიფის დაწესებამდე აქციების გაგრძელებას გეგმავენ. დღეს, დღის მეორე ნახევარში, კი კომპანია ,,ინტერტრანსმა“ უნდა გააჟღეროს რა ეღირება რუსთავი თბილისის მიმართულებით მგზავრობა 1.50 თუ ისევ 1. 30.
მოამზადა: ეკა წივწივაძემ