როგორია სტუდენტთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში?
უნდა ითქვას, რომ შეფასების ერთიანი სისტემა საქართველოში არ არსებობს. თუ რა კრიტერიუმებით აფასებენ სტუდენტის ცოდნას, ამას თავად უნივერსიტეტი, ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ ლექტორი წყვეტს.
ბევრი სტუდენტი სწავლის პარალელურად მუშაობს და ლექციების გაცდენა სისტემატიურად უწევს. მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა მეცადინეობს და გამოცდების ჩაბარებას ახერხებს. ასეთი სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში არსებული მიმდინარე შეფასებები- სემინარების ჩაბარებასა და ქვიზებზე მინიჭებული ქულები- დამატებით სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ისინი ამ მიმართულებით პრეტენზიას არ გამოთქვამენ.
ლოგიკურია, რომ გამოცდისთვის კარგად მომზადებული სტუდენტი შედის ტესტის დასწერად და იქიდან გამოსული ლექტორსგან მაღალ შეფასებას ელის. თუმცა აღმოჩნდება, რომ მხოლოდ გაცდენების გამო, ისინი მაღალ ქულას არ იმსახურებენ. ეს კი უკვე პროტესტის მიზეზი ხდება.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რას ამბობენ ამაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები? არსებობს თუ არა მიკერძოების შემთხვევები? არიან თუ არა შეფასებისას ლექტორები სუბიექტურები?
მეგი ცარციძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,მიკერძოება, სწორედაც რომ, არსებობს. ზოგჯერ, როცა გამოცდის თემა კარგად ვიცი, მაღალ შეფასებას ვერ ვიღებ, რადგან ლექციებს ვაცდენდი. სტუდენტების გარკვეული ნაწილი მუშაობს, მათ შორის მეც. გარდა ამისა, დასწრება სავალდებულო არ არის. ამიტომ ეს ფაქტორი ქულის დაკლებას არ უნდა იწვევდეს. გამოცდაზე ცოდნის შესაბამის შეფასებას უნდა ვიღებდეთ.”
ბაკურ ხუბულავა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ,,არის შემთხვევები, როდესაც ლექტორები იჩენენ სუბიექტურობას. მათ, შეფარვით თუ ღიად, ყავთ საკუთარი ფავორიტი სტუდენტები… ჩვენი საზოგადოების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუდენტს უწევს სწავლის პარალელურად იმუშაოს, შესაბამისად, ვერ ესწრება ლექციებს. მისთვის შუალედური, ფინალური გამოცდა ან, თუნდაც, პრეზენტაცია არის შანსი, რომ მაღალი შეფასება ჰქონდეს. არ მგონია, სტუდენტისთვის ქულის დაკლება, იმის გამო, რომ ის პერმამენტულად არ დადიოდა, გამართლებული იყოს.”
ლევანი მათურელი – საქართველოს უნივერსიტეტი: ,,ჩემს უნივერსიტეტში ფინალური გამოცდის ნაშრომი კოდირებულია, რასაც აბსოლუტურად მივესალმები და ვთვლი, რომ ეს წესი საჭიროა. არის შემთხვევები, როცა ლექციაზე გარკვეული უთანხმოების გამო, ლექტორები გამოცდაზე სტუდენტს მაღალ შეფასებას არ უწერენ. ასევეა გაცდენების შემთხვევაშიც შუალედურ გამოცდაზე.”
სალომე ლობჟანიძე – თავისუფალი უნივერსიტეტი: ,,გამოცდის შეფასებისას სტუდენტის დასწრებას დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა, როგორც ყველგან, ლექტორების მხრიდან სუბიექტურობა ჩვენთანაც იგრძნობა. მაგრამ, ჩვენ გვაქვს უფლება გამოცდასთან დაკავშირებით მოვითხოვოთ კომენტარები და, რიგ შემთხვევებში, ქულაზეც ვიდაოთ.”
მარიამ ფარეიშვილი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი: ,,ძალიან კარგი შეფასების სისტემა გვაქვს. ლექტორები ობიექტურები არიან ლექციაზეც და გამოცდაზეც. მიშვნელობა არ აქვს, ზოგადად, როგორი სტუდენტი ხარ. როგორც დაწერ გამოცდას ისეთ ქულას იღებ, არც მეტს, არც ნაკლებს.”
თეონა კოკოსკერია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,ბაკალავრიატზე გამოცდები უმეტესად საგამოცდო ცენტრში ტარდება და ნაშრომები კოდირებულია. ამიტომ სუბიექტურობა მაქსიმალურად გამორიცხულია. რაც შეეხება ლექტორთან ჩასაბარებელ გამოცდას, არ მახსენდება შემთხვევა, რომ გაცდენების გამო ლექტორს სტუდენტისთვის ქულა დაეკლო. ზოგიერთი ლექტორის კრიტერიუმები ნამდვილად ბუნდოვანია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს გამონაკლისი შემთხვევებია მხოლოდ.”
საგამოცდო ნაშრომის ქულის დაწერისას ზეგავლენას ახდენს თუ არა ლექტორზე სტუდენტთა დასწრება-აქტიურობის სიხშირე? რას ფიქრობენ ისინი საგამოცდო ნაშრომის კოდირებულ წესზე?
ამირან ზენაიშვილი, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი, აღნიშნავს, რომ კოდირების წესი ზოგადად პერსონალურ საკითხს ეხება, ობიექტურობის დაცვისას და იგი გამართლებულ ფორმას წარმოადგენს. ,,ლექტორმა არ უნდა იცოდეს ვის ნაშრომს ასწორებს. ამას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეც. სტუდენტის კომპლექსურად შეფასებისთვის საინტერესოა ის, რომ იცოდე ვის აფასებ. ტესტური გამოცდა ვერ მოგცემს სტუდენტის სრულყოფილად შეფასების საშუალებას, მითუმეტეს იურისტის”,- გვითხრა მან.
ლაშა ხოჯანაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ სტუდენტის დასწრება არის დამოუკიდებელი კრიტერიუმი, რომელიც საგამოცდო შეფასებაზე არ აისახება. ,,ლექტორს არ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება, საგამოცდო ნაწერის შეფასებისას იხელმძღვანელოს სტუდენტის დასწრების ხარისხით. თუ, რა თქმა უნდა, ეს გაწერილი არაა სილაბუსში (ზოგიერთ სილაბუსში გარკვეული რაოდენობის გაცდენის მერე სტუდენტი იხსნება საგნიდან მაგ. შსს აკადემიაში). ნაშრომის კოდირება ძალიან მოსახერხებელია და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მეთოდს. ეს ზდრის შეფასების ობიექტურობას და არანაირად არ უშლის ხელს ლექტორის აკადემიურ თავისუფლებას.”
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის ციცინო ბუკიას თქმით, დღევანდელი ყოფის სირთულეები სტუდენტების წინაშე ბევრ პრობლემას აყენებს. ,,სწავლის საფასურის გადასახდელად, ასევე სხვა საჭიროებებისთვის, მათ მუშაობა უწევთ და ხშირად ლექციებს ვერ ესწრებიან. თუ სტუდენტი შუალედური და ფინალური გამოცდისთვის მოემზადება და პრეზენტაციასაც გააკეთებს, საგანს წარმატებით ჩააბარებს. ჩემთვის, როგორც შემფასებლისთვის, დასწრების ინტენსივობას მნიშვნელობა არ აქვს. იმ კონკრეტულ მომენტში მე ტესტს ვასწორებ და მხოლოდ დავალებების შესრულების ხარიახის განსაზღვრაზე ვარ ორიენტირებული. მე ცოდნას ვამოწმებ და ასევე სინანულს გამოვხატავ, როცა სტუდენტს, რიგი მიზეზების გამო, ლექტორთან კომუნიკაცია აკლდება. ვფიქრობ, გამოცდის შეფასების კოდირებული სისტემა ლექტორთათვის ძალიან მოსახერხებელი იქნება. ეს მიუკერძოებლლობას უზრუნველყოფს. როცა ბეჯითი სტუდენტი წაიზარმაცებს, პროფესორმა შესაძლოა ის დაბალი ქულისთვის ვერ ,,გაიმეტოს” და რამდენიმე ქულით მეტი დაუწეროს. ანონიმურობის შემთხვევაში სტუდენტიც უფრო მობილიზებული იქნება და არც ლექტორს გაუჩნდება მიშველლების სურვილი”,- აღნიშნა პროფესორმა.
შორენა მეტრეველი ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს. იგი ამბობს, რომ სტუდენტის დასწრება არ დასწრება მისთვის ავტომატურად ქულის პროპორციული არ არის. ,,მე წერილობით გამოცდებს ვასწორებ და მხოლოდ ცოდნის შემფასებელი ვარ. ვფიქრობ, უკეთესია, ლექტორთან კოდირებული საგამოცდო ნაშრომი მიდიოდეს, რათა ქულა რეალური იყოს”,- აღნიშნა მან.
ფაქტია, რომ ქვეყანაში სტუდენტის ცოდნის შეფასების მკაცრად განსაზრვრული წესი არ არსებობს. შეფასების სისტემის ინდივიდუალური მეთოდები კი გარკვეულ უნივერსიტეტებში ლექტორების სრულ თავისუფლებას იწვევს, რითაც ხარვეზებსა და სტუდენტების უფლებების დარღვევებს ვიღებთ.
რესპონდენტების აზრით, პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზა საგამოცდო ნაშრომების ანონიმურობის წესის საყოველთაოდ შემოღებაა. უმაღლესი განათლების სისტემაში ამ სტანდარტის მასშტაბურად დანერგვა ლექტორის მხრიდან სუბიექტურობას გამორიცხავს და სტუდენტებში, პირადი შეხედულებების საფუძველზე, უსამართლობის განცდის დაუფლებას შეუშლის ხელს.
ავტორი: ნათია ზარიძე