25 ნოემბერს თსუ-ში დაგეგმილია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. ფაკულტეტებიდან 140 დელეგატი უნდა აირჩეს. სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა და საფაკულტეტო საბჭოს წევრთა არჩევის წესს არ ეთანხმებიან სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები და 13:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებენ.
,,სტუდენტები წლებია აპროტესტებენ თვითმმართველობის არსებულ მოდელს. სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა სარეკომენდაციო წერილი, რომლის მიხედვითაც საფაკულტეტო საბჭოს არჩევის წესი არის დისკრიმინაციული და არსებული დებულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის შესახებ არსებული კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მზაობა გამოთქვა საქართველოს განათლების მინისტრმაც.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გარდა ამისა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა სხვა უამრავი მნიშნელოვანი პრობლემა:
- გაუსაძლისი მდგომარეობაა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. სტუდ.ქალაქში გამოყოფილ ადგილთა მცირე რაოდენობა არ არის საკმარისი სტუდენტებისთვის. აუცილებელია, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოს დამატებითი ხარჯები, რათა განხორციელდეს, სტუდენტური საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია.
- უმძიმესი მდგომარეობაა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის კუთხითაც. გარე რეფერირების მექანიზმის არარსებობის გამო უნივერსიტეტში გამეფებულია აკადემიური კორუფცია და კლანური მმართველობა. მოვუწოდებთ ბატონ რექტორს, დააჩქაროს პროცესები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის მუშაობას!
- აგრეთვე, უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან არ იღებენ საკმარის დაფინანსებას, რის გამოც უნივერსიტეტში სამეცნიერო პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, მიერ ,,აუდიტორია115”-თან შეხვედრისას გაცემული დაპირება. აღნიშნული დაპირება გულისხმობდა, რომ კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების მინიმუმის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან.
ჩვენ მოვითხოვთ:
საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები;
თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;
დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი;
სრულად რეაბილიტირდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;
გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება;
ყველა სტუდენტი თანასწორია!”,- ვკითხულობთ ,,აუდიტორია 115”-ის ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
იმავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ: თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები და „აუდიტორია 115“-ის პროტესტი