რექტორობის ყოფილი კანდიდატი, ცირა ბარამიძე, სტუდენტებს მიმართავს

აქტუალური

რექტორობის ყოფილი კანდიდატი, ცირა ბარამიძე, სტუდენტებს მიმართავს და თავისი Facebook-ის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს. იგი ეხმიანება ,,აუდიტორია 115”-ის მოთხოვნებს და სტუდენტებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

,,ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იმუშაოთ უნივერსიტეტის ავტონომიისათვის. პროფესორთაგან ცოტა თუ დაგიდგებათ გვერდში. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ სასწრაფო საკანონმდებლო ცვლილებები რექტორს. უკომპრომისო ბრძოლაა საჭირო: ან ახლა ან აღარასოდეს! ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი. როგორც პირდაპირ ეთერში მითხრა ჟურნალისტმა: უნივეტსიტეტში სტუდენტების მოძრაობის პულსი 120-ს ურტყამსო. დიახ, ასეა. უნივერსიტეტის პოლიტიზებამ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე არც ერთ “ლეგიტიმაციამოპოვებულ” რექტორს არ დააცადა ვადის ამოწურვა. მათი ფუნქციები იწურებოდა ხელისუფლების ნების მიხედვით. ახალსაც იგივე ელის, ლოგიკა გვკარნახობს, მაგრამ მანამდე მან უნდა შეასრულოს დაპირება, რომლის შესასრულებლად უფრო მაღალი პოსტი, უფლება და, რაც მთავარია, მოვალეობა გააჩნდა, მაგრამ არ/ვერ შეასრულა.

სანიკიძის უწყებამ 2013 წლის 11 სექტემბერს წერტილი დაუსვა 2011 წელს ზემოდან ბოძებულ “ავტონომიას”. ზემდგომის პოზაში ყოფნა ბუნებრივ მოთხოვნილებად ექცა სამინისტროს და მის უკან მდგომ ხელისუფალს. უნივერსიტეტის აკადემიური სივრცე და ფინანსები ხელისუფლებისათვის მისაწვდომი და სანდო უნდა იყოს. პროფესორები კი (ყველას არ ეხება) რთავენ ნებას, სისტემამ უსასრულოდ იძალადოს უნივერსიტეტზე. სტუდენტები არ მოითმენენ ამ სისტემურ ძალადობას. შეიძლება პროფესურამ რაფინირებულად დათმოს ავტონომია და ასეც მოიქცა, ოღონდ ზემდგომი ჰყავდეს კმაყოფილი. სტუდენტებისთვის უზნეო კომპრომისები მიუღებელია.

ცუდია, რომ მათი ასაკის აღარა ვარ, მაგრამ სულითა და ხორცით მათ გვერდით ვარ. მართალია, არ მომწონს ზღვარსგადასული ქმედებები, მაგრამ რა გზას უტოვებს გნებავთ ხელისუფალი, გნებავთ, უნივერსიტეტი ახალგაზრდებს, როცა შეურაცხმყოფელი მოდის და “მისალმებას” ურცხვად აპირებს, აქაოდა, არაფერი მომხდარა.

პური ცხელ თონეში ცხვება. მოითხოვეთ უმთავრესი – უნივეტსიტეტის ავტონომია სამართლებლივი გზით ანუ მოვითხოვოთ, რექტორმა მოამზადოს ჩვენი წერილის საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა უნივერსიტეტის სამართლებლივ-ორგანიზაციული ფორმის ცვლის თაობაზე. თავისივე წინა უწყების გაფუჭებული საქმე თავადვე გამოასწოროს.

უკვე მეოთხედ 5 წლის მანძილზე გადაიწეროს წესდება და რეალურად განხორციელდეს. მორჩეს კლანური მართვა და თვითმმართველობის რეორგანიზაცია გადაუდებელი გახდეს. მოითხოვეთ პროფესორებისაგან – დაგიდგენ გვერდში, ვისაც შეუძლია. სამწუხაროდ, ასეთი ცოტაა, მაგრამ არის. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ვიმოქმედებთ კიდეც.

არ შეჩერდეთ, “წაუსნიკერსეთ!” თუ არადა, როგორც პირდაპირ ეთერში მითხრეს კახური: ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა…” ოღონდ, არ და ვერ დავეთანხმები “აქუს”, თსუ არ არის კანტორა, იგი ქართველი ერის ტვინი და მაჯისცემაა, თანაც მაგარი.

ისე, სხვათა შორის, რას ერჩოდნენ მენეჯერ კვიტაშვილს სწრაფი ტაშით რომ მოიყვანეს და წაიყვანეს, სახელოვანი ქართული ოჯახის შვილს? რას ერჩოდნენ აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას – აღიარებულ, საერთაშორისო დონის მეცნიერს, თუ უნივერსიტეტისთვის არც მეცნიერი და არც მენეჯერი არ გამოდგა. უნივერსიტეტს მაშინაც და დღესაც “სხვა” განაგებდა და ეს “სხვა” ისევ აქ არის”,- აღნიშნულია მიმართვაში.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები