„აუდიტორია 115-ის“ წევრები თსუ-ის რექტორობის კანდიდატებს შეხვდნენ

აქტუალური

14375298_10210122662684610_477524389_oივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა საკუთარი პროგრამა და მიზნები სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრებს გააცნეს. სტუდენტები რექტორობის თითოეულ კანდიდატს ცალკ-ცალკე შეხვდნენ.

როგორც „აუდიტორია 115-ის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი არობელიძემ ,,სტუდენტურ ამბებთან” საუბრისას განაცხადა, კანდიდატებმა მათ საკუთარი ხედვები გააცნეს, თუ როგორ აპირებენ ისინი უნივერსიტეტის ცხოვრების წარმართვას.

„განსხვავებული ფორმატი იყო მხოლოდ ერთ-ერთ კანდიდატთან, გია შარვაშიძესთან, შეხვედრის დროს. აქ მოგვიწია წარსულზე საუბარი, ვინაიდან ჩვენ მასთან წარსულშიც გვქონდა ურთიერთობის გამოცდილება და ვკითხეთ თუ რატომ არ დაიწყო ის რეფორმები, რომელიც მარტის აქციების შემდგომ სახელმწიფოსთვის იყო შეთავაზებული. შარვაშიძემ ჩვენთან საუბრისას პასუხისმგებლობა მთლიანად აირიდა თავიდან, თქვა რომ მას დაპირებები არ გაუცია. მოკლედ, უნდა ითქვას, რომ ის თავისი მინისტრის მოადგილეობის დროს გაკეთებულ თუ არ გაკეთებულ საქმეებზე პასუხისმგბელობას არ იღებს. გასცა მორიგი დაპირებები, რომელთა შესრულების იმედი ჩვენ არ გვაქვს,“ – აღნიშნა გიორგი არობელიძემ.

რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატთან გია ბარამიძესთან შეხვედრა ამომწურავი აღმოჩნდა თეკლა გაბუნიასთვის. სტუდენტს მიაჩნია, რომ კანდიდატმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ის მოუწდებს აკადემიურ საბჭოს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და აირჩიოს ღირსეული კანდიდატი.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რაც შეეხება რექტორობის კანდიდატების შეფასებებს, გია შარვაშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი სტუდენტებისთვის ხარისხიანი სწავლის მიცემაა და უნივერსიტეტშიც ამიტომ აპირებს მოსვლას.

„ბევრი საკითხი განვიხილეთ. იყო კამათიც. მე ვამბობდი და ვიტყვი, რომ რეფორმირება საჭიროა, მათ შორის თვითმმართველობის რეფორმაც. ყველა სტუდენტს განურჩევლად იმისა, თუ რომელი ჯგუფის წევრია უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო სივრცეში არსებულ ყველა სიკეთეზე წვდომა. პრივილეგია არცერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს,“ – აღნიშნა გია შარვაშიძემ.

14393836_10210122573722386_573869806_oრექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი გია ბარამიძე შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ სტუდენტებს სამოქმედო გეგმა და კონცეფცია გააცნო, რომლითაც ის უნივერსიტეტის მართვას აპირებს, დაინტერესება „აუდიტორია 115-ის“ წევრების მიერ, მისი თქმით, დიდი იყო.

„აუდიტორია 115-ის“ წევრებისთვის რექტორობის სამივე კანდიდატი მიუღებელია. ისინი აკადემიურ საბჭოს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საბჭომ არცერთ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი. რადგან, როგორც სტუდენტები ამბობენ, უნივერსიტეტს ღირსეული კანდიდატი სჭირდება, რომელიც უნივერსიტეტის მართვას შეძლებს, ასეთი კი დასახელებულ პირებს შორის არ არის.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში რექტორის არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები