Cnick (კნიკი) არის ხის ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც გარდა საფულის ფუნქციისა, აქვს უნარი შეინახოს თქვენი პირადი სამედიცინო ინფორმაცია. ჭკვიანი ბეჭდის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტს გაუჩნდა პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის ფარგლებში. სტუდენტების ამ პროექტმა გაიმარჯვება და 100 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა.
Cnick-ის ოპერაციების დირექტორის, გიორგი მიქაცაძის თქმით, ბეჭედი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ხელის ერთი მოძრაობით შეასრულოს გადახდის ოპერაცია ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა).
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
,,ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ ფუნციის საშუალებით „კნიკს“ მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. „კნიკი“ აბონემენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც ითავსებს, რისი მეშვეობითაც ის სრულიად ანაცვლებს საფულეს”,- აღნიშნა გიორგი მიქაცაძემ.
მომხმარებელს შეეძლება შეარჩიოს საკუთარი ბეჭდის დიზაინი, შეურჩიოს სასურველი ფერი და დაიტანოს მასზე ნებისმიერი წარწერა.
,,ამ პროიექტის უპირატესობა მისი მასშტაბურობა და ინოვაციურობაა. რა თქმა უნდა, გვყავს კონკურენტები მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს”,- განმარტა Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას გიორგი მიქაცაძე აღნიშნავს, რომ, ძირითადად, კომპანიებისგან სხვადასხვა ლიცენზიისა და სერთიფიკატის მოპოვებას გეგმავენ, რათა მათი სერვისი მიებას ბეჭედს და იგი მეტად მრავალფუნქციური გახადონ.