როგორია სტუდენტური ცხოვრება სამ შვილთან ერთად  – ქართველი სტუდენტის ისტორია აშშ-დან

ინტერვიუ

,,მხოლოდ ის ადამიანი გამიგებს ვინც ღამეები გაათენა გამოცდების გამო… მხოლოდ ის დედა გამიგებს ვინც სწავლის პროცესში ორჯერ იყო ორსულად და 3 შვილი გააჩინა.. ძნელი იყო, ძალიან ძნელი, მაგრამ ამ სურათით კიდევ ერთხელ ვამტკიცებ რომ შეუძლებელი არაფერია! არ აქვს მნიშვნელობა პასპორტში რა გეწერება, ჩემთვის სამშობლო საქართველოა.. ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში 6 წლის შემდეგ სამი ანგელოზით, მოსიყვარულე ქმრით და დიპლომით :))”, – ფეისბუქში გამოქვეყნებული ამ პოსტის შემდეგ მარიამ სარალიძე ერთ დღეში სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული და, ალბათ, ბევრისთვის მისაბაძი ქართველი სტუდენტი გახდა.

524493_1410508655834418_721258908_nმარიამ სარალიძე ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ამერიკაში პირველი კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ წავიდა. დატვირთული სასწავლო გრაფიკის პარალელურად ოჯახი შექმნა და 3 ბავშვი გააჩინა. 6 წლის შემდეგ მარიამი საქართველოში მეუღლით, შვილებითა და ბაკალავრის დიპლომით დაბრუნდა.

შვილების გაჩენის გამო მარიამს აქტიური სტუდენტური ცხოვრება არ მიუტოვებია და სიძნელეების მიუხედავად უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა. თუ როგორ ახერხებდა უცხო ქვეყანაში ერთდროულად სწავლასა და შვილების აღზრდას, ამის შესახებ მარიამი ,,სტუდენტურ ამბებს” ესაუბრა:

მარიამ, როდის მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

საქართველოში პირველი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის მინდოდა. ისე მოხდა, რომ დედაჩემი და ჩემი და გადავიდნენ ამერიკაში საცხოვრებლად და სკოლა რომ დავამთავრე, დედამ მეც წამიყვანა.

ჩემი და იქ დადიოდა სკოლაში. მისგან ვიცოდი, რომ ძალიან შრომატევადი, მაგრამ საინტერესო იყო იქ სწავლის ეტაპი. მეც ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი და გავაგრძელებდი ამერიკაში სწავლას. უდედობის პერიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ ვთვლი, რომ ზუსტად ამ პერიოდმა გამაძლიერა და მასწავლა დამოუკიდებლობა.

როდის დაოჯახდი და რა შეიცვალა შენთვის, როგორც სტუდენტისთვის?

12376545_1683004335251514_2010040057926388388_nმე და ჩემს მეუღლეს საკმაოდ საინტერესო სიყვარულის ისტორია გვაქვს… ამერიკაში წასვლის წინა პერიოდში შეგვიყვარდა ერთმანეთი, მიუხედავად იმისა რომ პირველივე კლასიდან ერთ სკოლაში ვსწავლობდით. იქ წასულს ერთი სული მქონდა, ზაფხული მოსულიყო, რომ ისევ საქართველოში ჩამოვსულიყავი, 3 თვით, არდადეგებზე. ასე ვიყავით 4 წელი.

შემდეგ ჩემმა მეუღლემაც გადაწყვიტა ამერიკაში სწავლის გაგრძელება. საქართველოში დავიწერეთ ჯვარი და უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად დავბრუნდი ამერიკაში. რა თქმა უნდა, ოჯახი მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემი მეუღლეც ხელს მიწყობდა ყველანაირად. ჩემს მთავარ მიზნად სწავლის დროულად დამთავრება დავისახე, რათა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი საქართველოს. იმის მიუხედავად, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები გვერდში მედგნენ იქ, მეც და ჩემს მეუღლესაც გვაკლდა და გვენატრებოდა აქაურობა.

პირველი შვილი… მოგვიყევი ემოციებსა და სირთულეებზე.

ალბათ, გამიჭირდება ემოციების სიტყვებით გადმოცემა. დეტალებში მახსოვს ყოველი წუთი. დეკემბრის დასაწყისში დავამთავრე სემესტრი და 27 დეკემბერს დედა გავხდი. ამერიკაში ისეთი ცხოვრების რიტმია, შეუძლებელია გააგრძელო სწავლა დამხმარე ადამიანის გარეშე. მყავდა დამხმარე ქალი, მაგრამ მაინც დიდი სირთულეები გადავლახეთ. დედაჩემი, ჩემი და, მეუღლე და მისი ოჯახის წევრებიც ყველანაირად მედგნენ გვერდში.

☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

რამდენჯერმე უნივერსიტეტის გაცდენაც მომიწია, მაგრამ ორმაგად სერიოზულად ვეკიდებოდი სწავლას. ალბათ, სწორედ ამიტომ ვინარჩუნებდი მაღალ GPA-ს. ბევრი ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, მიკეთებდნენ თუ არა შეღავათებს ჩემი პროფესორები… რა თქმა უნდა, არა. იქ არავის აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება და პრობლემები, მთავარი ცოდნაა.

10394016_1584649651753650_5458820282576636909_nრამდენად დატვირთული იყო სასწავლო განრიგი?

შარლოტი – ის ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობდი, ნომერ მეორე საბანკო ცენტრად არის აღიარებული. ასე რომ ბიზნესის სფერო კარგად არის განვითარებული. იყო ძალიან დიდი კონკურენცია, საგნებზე დასარეგისტრირებელი ადგილები წამებში ივსებოდა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. იყო სემესტრები, როცა დილის 8 საათზე გასული, სახლში ღამის 10 საათზე ვბრუნდებოდი. პლუს ამას ხშირად მქონდა პროექტები, ამიტომ დამატებით მიწევდა დარჩენა უნივერსიტეტში, დაუსრულებელ საშინაო დავალებებზე აღარ ვიტყვი არაფერს. უბრალოდ, მიხარია, რომ ეს ეტაპი წარმატებით დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში.

ტყუპების დაბადების შემდეგ როგორ უთავსებდი ერთმანეთს 3 შვილის დედობასა და სტუდენტობას?

ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ტყუპები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოევლინნენ ქვეყანას. ყველა გაკვირვებული მიყურებდა ამხელა მუცლით რომ დავდიოდი ლექციებზე. 24 ივნისს მქონდა ბოლო პრეზენტაცია და 27-ში დაიბადნენ ჩემი ანგელოზები. ბოლოს უკვე ისე ვიყავი გადაადგილებაც კი მიჭირდა, მაგრამ მაინც არ დავნებდი, ჩემი საქმე ბოლომდე მივიყვანე. ჩემი ლექტორები გაოცებულები იყვნენ და ერთ-ერთმა აუდიტორიის წინაშე მადლობაც კი გადამიხადა ჩემი დაუზოგავი შრომისთვის.

როგორ აფასებ ამერიკაში გატარებულ წლებს?

გარდა იმისა, რომ ამერიკამ მომცა ცოდნა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა. მიყვარს საქართველო, მიმაჩნია, რომ სხვა ქვეყანაში ვერასოდეს ვიცხოვრებ, მაგრამ ამერიკაც ძალიან შემიყვარდა. ბევრმა შეიძლება ცუდად გამიგოს, მაგრამ იქ სულ სხვანაირი კულტურაა. მიყვარს იქაური გარემო, ძალიან თბილი და შეგნებული ხალხია. შეიძლება ცოტა ზედაპირული მოგეჩვენოთ შორიდან, მაგრამ ისინი თავისი საქმით იმდენად არიან დაკავებულნი, რომ სხვისი ცხოვრება არ აინტერესებთ, თუმცა შენი პრობლემები რომ არ გაახარებთ მაგაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მსიამოვნებდა ამერიკელების პროფესიონალიზმი და პუნქტუალურობა. ისინი სხვანაირად სცემენ შენს დროს პატივს და ცდილობენ არ მოგაცდინონ.

vi23ასევე, მინდა აღვნიშნო მათი შრომისმოყვარეობა. ადრეული ასაკიდან, 16 წლიდან, იწყებენ მუშაობას მოსწავლეები, უმეტესად სერვისინდუსტრიაში, რაც მათ დამოუკიდებლობას მატებს. მე მინდა და მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი წავიდეს და გაეცნოს იქაურ ცხოვრებას. მჯერა, რომ მერე საქართველოშიც ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვლება.

როგორია შენი გეგმები საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

გეგმები ბევრია, უბრალოდ, ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა რაც საქართველოს დავუბრუნდი. ვცდილობ ცოტა დავისვენო, ისევ მოვიკრიბო ძალა… ასევე მინდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ეს ალბათ, უფრო შორეული გეგმებია. უბრალოდ ის ვიცი, რომ აუცილებლად ვაპირებ ამერიკაში მიღებული განათლება და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო.

ავტორი: ნათია ზარიძე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები