ამერიკელი მწერლის, ჯონათან ფრენზენის „შესწორებები“ ერთხელ უკვე ვახსენე. ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს მომეწონა – ენის სიღრმეში და ყოველდღიურობის ზედაპირზე მოხეტიალე კაცის გულისმომკვლელი მონათხრობი ჩვეულებრივ ოჯახზე, ჩვეულებრივ ურთიერთობებზე. მაგრამ ამ წიგნს ზამთრის უფრო ეთქმის, ვიდრე ზაფხულის. თუნდაც იმიტომ, რომ მუდმივად იგრძნობა დასასრულის მოლოდინი, გარდაუვალი ცვლილებების მოლოდინი, შობის მოლოდინი, შობის უქმეებზე კი მართლაც დიდი ამბები ხდება. არა, ამ წიგნზე საუბარს ახლა არ ვაპირებ – ქართულად ჯერ არ უთარგმნიათ და მკითხველთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მხოლოდ მეორეხარისხოვან გმირს გავიხსენებ – ნორვეგიელს, რომელსაც სასაცილო ახირება აქვს: ყოველ წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ყოველი ლაურეატის თითო წიგნს კითხულობს და ამასთანავე, იმ ლაურეატის მთელ შემოქმედებასაც, რომელიც წინა წელს ყველაზე მეტად მოეწონა. წლიდან წლამდე ამოცანა, ცოტა არ იყოს, ურთულდება: დადგება შემოდგომა და წასაკითხთა სიას ახალი მწერალი მიემატება ხოლმე, მთელი თავისი ტომებითა თუ კრებულებით.
სხვა რა უნდა ქნას წიგნის მეორეხარისხოვანმა გმირმა იმისთვის, რომ თავი დაგამახსოვროს?!
მშვენიერი ახირებაა – ჩვენი წიგნების გმირებსაც გამოადგებოდათ. მე კი ყოველთვის იმას ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა და პირველივე გვერდებიდან თუ არა, მესამედის წაკითხვის შემდეგ მაინც კითხვის გაგრძელების სურვილს გამიჩენდა. ცხადია, ზოგი წიგნი დამიხურავს და ცივად დამიბრუნებია თავის ადგილას, ზოგიერთი რამდენჯერმე დამიწყია და ბოლოში ვერც ერთხელ ვერ გავსულვარ. ბავშვობაში იმას ვკითხულობდი, რასაც სახლში, წიგნის თაროებზე ვპოულობდი, მერე – მეზობლების სახლებში, ბოლოს კი – ქალაქის ბიბლიოთეკებში. სტუდენტობისას იმ წიგნებს ვეძებდი, ჩემთვის რაღაც ნიშნით გამორჩეული ადამიანები რომ ახსენებდნენ ხოლმე: მწერლები, კრიტიკოსები, მასწავლებლები, მეგობრები, მეგობრების მეგობრები…
რადგან მკითხველის ახირებებზე დავიწყე საუბარი, არც ჩემსას დავმალავ: წაკითხული წიგნების თავიდან წაკითხვის მძაფრი, თითქმის დაუძლეველი სურვილი ზაფხულობით განსაკუთრებით მიძლიერდება ხოლმე. სოფლის ხმები, გრძელი აივანი, ისევ ის სინათლე, ისევ ის ჰაერი. რაღაც ცუდად მახსოვს, რაღაც სულ დამვიწყებია. ყოველ ჯერზე ხელში სხვა წიგნი მიჭირავს – სხვა „მეფე ლირი“, სხვა „წითელი და შავი“, სხვა „ეშმაკნი“, სხვა „წყვდიადის გული“, სხვა „თეთრი საყელო“, სხვა „მარტის მამალი“… ცხელ დღეებში ეს თავისთავად ხდება – წიგნების მდინარეში შედიხარ მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ოდესღაც ნაგრძნობ შვებას, სიგრილეს, სიამოვნებას ეძებ.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ამასობაში გამოცდილებაც დაგგროვებია. ძველი წიგნის ფურცლებზე ყოველ ჯერზე პოულობ რაღაც ისეთს, რაც ახალ ცოდნას უცნაურად ირეკლავს და ამ ანარეკლს შენვე გიბრუნებს. წინა წაკითხვისას, ალბათ, ვერ შეამჩნევდი, რომ ტატიანა ლარინა ევგენი ონეგინს წერილს ფრანგულად სწერს (შეიძლება შეამჩნიე კიდეც, მაგრამ ეს უმნიშვნელოდ მოგეჩვენა). არც იმას მიაქცევდი ყურადღებას, რომ წიგნის მთავარი გმირი გატაცებით კითხულობს ადამ სმითს და სახელმწიფოს გამდიდრების გზებზე მსჯელობს.
ერთი სიტყვით, წაკითხულთან დაბრუნება დიდი სიამოვნებაა და ზაფხული საუკეთესო დროა დავიწყებულთან შეხვედრისთვის. თუ გულწრფელი იქნებით, აღიარებთ, რომ ათი წლის წინ წაკითხული წიგნიდან, სათაურის გარდა, ბევრი არაფერი გახსოვთ. საუკეთესო შემთხვევაში – მთავარი გმირები და ორი-სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, ამბავი – რამდენიმე მარტივ წინადადებად, განწყობა, რომელიც კითხვისას გქონდათ… და რატომ არ უნდა შეხვდეთ კიდევ ერთხელ მას, ვისთან შეხვედრაც ერთ დროს ასე ამაღელვებლად გეჩვენებოდათ? რატომ არ უნდა დაბრუნდეთ მშობლიურ მიწაზე – იმ ადგილებში, სადაც ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ, ამასთანავე, საგრძნობლად შეცვლილი, გადასხვაფერებული, გაუბრალოებული, ან, პირიქით, უფრო დიდი იდუმალებით მოცული, დაპატარავებული ან გაზრდილი და მთელ სამყაროდ ქცეული?
ცხადია, ეს რჩევა მათთვის არაა, ვინც იშვიათად კითხულობს. არც მათთვისაა, ვინც კითხვას ახლა იწყებს. ჩემი რჩევა მათთვისაა, ვისაც შესაძლოა ის არც კი სჭირდება – ვინც სხვა სამყაროში გასასვლელ კარს მიაგნო და ნაცნობ თუ უცნობ ისტორიებში მოგზაურობა ჩვევად ექცა. დროისა და სივრცის დამორჩილებაზე, აქ და იქ ერთდროულად ყოფნაზე დიდი სიამოვნება არაფერია. ზაფხულის დღეები შეგიძლიათ უსასრულოდ გააგრძელოთ, ზაფხულის წიგნი კი იმ წარმტაც პეიზაჟად აქციოთ, რომლის თითოეულ კენჭს, ფოთოლს, ღრუბლის ფთილას ძალიან კარგად იცნობთ და ამიტომაც აგრძელებთ გზას სიხარულით, აჩქარებული გულისცემით, ღიმილით.
ამ ზაფხულს ჩემთვის ასეთი წიგნი ჯინ რისის „სარგასოს უნაპირო ზღვა“ იქნება. თქვენი წიგნი და ზღვა თქვენ თვითონ მოძებნეთ.
ავტორი: ირმა ტაველიძე
იხილეთ ორიგინალი