კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის ვახტანგ წივწივაძის ინიციატივით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიზნით, ათდღიანი ექსპედიცია დაიგეგმა.
25 ივლისიდან 4 აგვისტომდე საექსპედიციო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებითა და სტუდენტებით არის დაკომპლექტებული, მაღალმთიანი რეგიონებიდან პირველად ფშავს შეისწავლის.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ექსპედიციის მიზანია შეისწავლოს ფშავის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მხარე, დასახლების ფორმები, განათლების სისტემა, მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, აქ დაბრუნების ალტერნატიული საშუალებები, დემოგრაფიული მდგომარეობა, ყოფითი კულტურა, რელიგიური შეხედულებანი, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები. გარდა ამისა, გამოავლინოს მომავალი განვითარების პერსპექტივები–სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა (ტურიზმი, ყველის წარმოება) და მწვანე ეკონომიკის მხრივ (ტყეების მდგრადი მართვა).
უნივერსიტეტის (კსუ) კანცლერის ვახტანგ წივწივაძის ინიციატივით, ექსპედიცია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოეწყობა. ამით უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების განსახორციელებელ პოლიტიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
წყარო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი