პაპუნა შუშანია – რეზიდენტი, უმცროსი ექიმი
„…რომ სამსახურს ვერ შოულობენ და იძულებულები არიან სტუდენტობის გადასარჩენად სისხლი გაიღონ, სისხლი რომლითაც სხვა ახალი სიცოცხლე გადარჩება, შესაძლოა სტუდენტისაც კი“
დილას საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. წინა დღეებშიც მტკიოდა, მაგრამ სიცხესა და უძილობას დავაბრალე. ანალგეტიკები დავლიე. არ გამიარა. ტკივილი შუბლის წილის მარჯვენა ზედა მხრიდან, ცხვირ–ხახაში გადადიოდა და ქვედა ყბის დასაწყისამდე მთელი სახე მტკიოდა. გადავწყვიტე ნევროპათოლოგთან კონსულტაციაზე მივსულიყავი. საჭირო კონტაქტებით კარგი ნევროპათოლოგის მოძიებას შევეცადე. მიმასწავლეს. მისვლამდე ჩავეწერე. ექიმთან მისასვლელად, ქავთარაძის გამზირის გავლა მომიწია. იქვე კიბეებზე 17–18 წლის ბიჭები ჩამომსხდარიყვნენ. ხელში კონსპექტები ეჭირათ და ჩუმად რაღაცებს ბუტბუტებდნენ. ნაბიჯები შევანელე, ვიფიქრე მისამართს გადავამოწმებ–მეთქი, ამდროს ერთ–ერთი მათგანი გამომელაპარაკა და მითხარა:
„თუ სისხლის ჩასაბარებლად ხარ მოსული, რიგი დაიკავე, მეგობაროო…“. გამიკვირდა. მეუცნაურა. ერთი–მეორეზე მიყოლებით საუკეთესო აღნაგობისა და ვიზუალის მოზარდები იყვნენ – ხმარებისგან გაცვეთილი ფეხსაცმლებითა და ნაღვლიანი მზერით.
„არა, ქალბატონ ნინელისთან ვარ, კონსულტაციაზე“ – ვუპასუხე.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ლოდინი მომიწია და ბიჭებთან გამოლაპარაკებაც მოვასწარი.
მითხრეს, რომ 450 გრამ სისხლს 30 ლარში ყიდიან… ისიც დაამატეს, რომ ამ მეთოდს ოჯახის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად მიმართავენ. მითხრეს ისიც, რომ სისხლის გაყიდვამდე გამოკვლელებს უტარებენ და გაყიდვის შემდეგ შავი შოკოლადით ანებივრებენ. ისიც მოაყოლეს თუ რაში სჭირდებათ დონორობის სანაცვლოდ აღებული თანხა და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სწავლა, რომ სამსახურს ვერ შოულობენ და იძულებულები არიან სტუდენტობის გადასარჩენად სისხლი გაიღონ, სისხლი რომლითაც სხვა ახალი სიცოცხლე გადარჩება, შესაძლოა სტუდენტისაც კი.
მახსოვს, როცა ჩემს პატარა ძმას სისხლი დასჭირდა, 450 გრამ სისხლში 170 ლარი გადავიხადეთ. რომ არა სისხლის ბანკი, ოპერაცია არ ვიცი რა შედეგით დასრულდებოდა. შესაძლოა ის სისხლიც ასეთი მაგარი ახალგზარდების იყო.
„შემდეგი ვინ არის, დროზე“ – იკითხა შუხნის მამაკაცმა დამცინავი და ირონიული ტონით. გავიფიქრე, ალბათ, ამ კაცს ცოტას უხდიან, იმაზე ცოტას ვიდრე დონორებს სისხლში-თქო. ალბათ, არ ჰყოფნის, მაგრამ ვინმე ხომ უნდა უხსნიდეს, თუ როგორ დაელაპარაკოს ახალგაზრდებს, ასწავლიდეს, რომ ამათაც სჭირდებათ დამშვიდება, დაიმედება, ისევე, როგორც ამათი სისხლი სჭირდება იმას, ვინც საოპერაციოს კარს მიღმაა და სიცოცხლისთვის იბრძვის… არ ვიცი…
„მშვიდად, ძია კაცო,“ – გამოველაპარაკე და შევეცადე ამეხსნა, რომ შესაძლოა, დადგეს დღე, როცა მისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანი იქნება სისხლი, როგორც ამ სტუდენტებისთვის დღეს ფულია.
იქაურობას გავეცალე..
წყენას, ტკივილს, გაბრაზებას და ცრემლებს ვყლაპავდი. ვცდილობდი თავი არ დამეკარგა და მოზარდებს გამოვემშვიდობე. ტკივილი გამიხშირდა. ორგანული ტკივილი არა, ემოციური. წინაზე ვთქვი, არ დავწერ უარყოფითი ქრონიკიდან არაფერსთქო, მაგრამ ეს უნდა დამეწერა…
უნდა მეთქვა, რომ საქართველოში სტუდენტის სისხლი ძალიან იაფი ღირს, ხოლო ცოდნა რომლის მისაღებად მათ კილომეტრები გამოიარეს – ძალიან ძვირი. კი, ასეა, ზუსტად ასე, საარსებო მინიმუმ დაუდგენელ ქვეყანაში სტუდენტის 450 გრამი სისხლი 30 ლარი ღირს…
ხოდა ახლა ვზირავ და ვფიქრობ – ვის ეხება ეს ამბავი, ექიმებს, პაციენტებს, სტუდენტების მშობლებს, სისხლის ბანკებს თუ სახელმწიფოს?!
ბარიერი 5.5 ანუ ჩაჭრილი მოსწავლეების შესახებ
საგანი “მე და საზოგადოება” და იწილო-ბიწილო