რაში სჭირდებათ სტუდენტებს მაღალი GPA და როგორ იყენებენ მას სწავლის დამთავრების შემდეგ?

აქტუალური

GPA ანუ Grade Point Average უნივერსიტეტში სწავლის დროს დაგროვილი ჯამური ქულების საშუალო მაჩვენებელია, რომელიც სტუდენტის აკადემიური მოსწრების ხარისხს განსაზღვრავს. მისი არსებობისა და გამოთვლის წესის შესახებ ზოგმა უმაღლესში ჩაბარებამდეც იცის, ზოგი კი ამას მოგვიანებით, უკვე სტუდენტობის პერიოდში, იგებს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მაღალი GPA-ს ქონა საქართველოში და საზღვარგარეთაც, ერთმნიშვნელოვნად, დიდი პლუსია სტუდენტისთვის. ის ერთგვარი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი სტუდენტებიდან საუკეთესოებს არჩევს, როცა საქმე დასაქმებას ან სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობას ეხება.

12804727_1062327957162631_1764277796368978541_nრაში და რამდენად გამოადგათ GPA-ს მაჩვენებელი ამ თემაზე ,,სტუდენტური ამბები” ქართველ სტუდენტებს გაესაუბრა:

თეონა კოკოსკერია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული:

„GPA-ს ბევრ რამეში ითვალისწინებენ უნივერსიტეტები. მაგალითად ახლა საზაფხულო სკოლისთვის ადმინისტრაციამ 200 სტუდენტიდან 10 ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი შეგვარჩია.
სახელმწიფო სტაჟირებაც ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების საშუალებით გავიარე.“

მაგისტრატურის საფეხურზე გადასვლისას აღნიშნული მაჩვენებელი არავითარ როლს არ თამაშობს საქართველოში, მაგრამ თუ სტუდენტს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დროსაც GPA-ს მაღალი მაჩვენებელი, ენის ცოდნასთან ერთად, გადამწყვეტი ფაქტორია.

თეონა ცომაია, იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი:

comaia“აქ (გერმანიაში) უნივერსიტეტების უმეტეს ნაწილში GPA-ს დიდი ყურადღება ექცევა. გერმანული სისტემის მიხედვით მინიმუმ 2,5 უნდა გქონდეს, რომ მაგისტრატურაზე ჩაბარების უფლება მიიღო. თუ კონკურსია ადგილის მისაღებად, GPA-ს გავლენა თავისთავად უფრო დიდია. მე 1,7 მქონდა, ასე,რომ არ შემქმნია პრობლემა. გერმანიაში არსებობს სპეციალური დაწესებულება, Uni-Assist, რომელიც უცხოური დიპლომების აღიარებას აკეთებს და შეფასება გერმანულ სისტემაზე გამოჰყავს,როგორც ვიცი მინიმუმი არის 4 და მაქსიმუმი 1. ანუ პირიქით,ვიდრე ჩვენთან.“

ფაქტია, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება წარმატების მიღწევის მეტ შანსს იძლევა, თუმცა არიან სტუდენტები, რომელთა კარიერულ წინსვლაში ამ მაჩვენებელს არავითარი წვლილი არ მიუძღვის.

დემეტრე ლომაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორი, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მონიტორინგის საბჭოსა და ცენტრალური საარჩევნო კომიისიის სამუშაო ჯგუფის წევრი:

13000109_1065155276887775_3167375815694529910_n„მაქვს მაღალი GPA, მაგრამ ამას არანაირი როლი არ უთამაშია სამსახურის შოვნაში.”

რაც შეეხება GPA – ს გამოანგარიშებას, ეს პროგრამულად ხდება და ამ დროს გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში სწავლების შესაბამის საფეხურზე მიღებული ყველა შეფასება.

კურსდამთავრებულის დიპლომის საშუალო ნიშანი – GPA – დიპლომის დანართში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემდეგი წესის მიხედვით ითვლება:

  • სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასების საშუალო ქულა – GPA – მრავლდება ამ კურსის კრედიტების რაოდენობაზე;
  • მიღებული ნამრავლთა ჯამი იყოფა ყველა სასწავლო კურსის კრედიტების საერთო რაოდენობაზე;
  • მიღებული სიდიდე წარმოადგენს დიპლომის საშუალო ქულას – GPA-ს.

მაღალი GPA – კარგი და ცუდი სტუდენტის განმსაზღვრელი კრიტერიუმი

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები