დღეს სტუდენტებს უამრავ სტრესულ ფაქტორთან უწევთ გამკლავება, ისინი დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებენ და ამ მოვლენის ნეგატიური მხარეებისთვის, როგორც წესი, სრულიად მოუმზადებლები არიან. ხშირად ხდება ისე, რომ ვერ ართმევენ თავს ფინანსურ თუ სხვა სახის სიძნელეებს, რადგან არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც საჭირო რჩევას მისცემს ან თუნდაც უბრალოდ გაამხნევებს, ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რაც დროთა განმავლობაში მარტივად მოგვარდება. ასეთი სტუდენტები დეპრესიაში ვარდებიან, ითრგუნებიან, საკუთარ თავს ადანაშაულებენ ისეთ მოვლენებში, რაშიც რეალურად ბრალი არ მიუძღვით, უქვეითდებათ თვითშეფასება, ნაკლებად თავდაჯერებულები ხდებიან, რაც საბოლოოდ ყოველდღიურ ურთიერთობებშიც ნეგატიურად იჩენს თავს და შეიძლება ცხოვრების ბოლომდე კომპლექსის სახით გაჰყვეთ.
ბოსტონში ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომელშიც მონაწილეობა 70 უნივერსიტეტის 26 ათასმა სტუდენტმა მიიღო. საკვლევი კითხვა იყო შემდეგი: გიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე.
გამოკითხულ სტუდენტთა დაახლოებით 50-მა პროცენტმა ამ კითხვას დადებითად უპასუხა. აქედან 18%-ს სერიოზულად განუხილავს სუიციდი, 8%-ს კი უცდია კიდეც თავის მოკვლა.
„ეს ერთგვარი სუიციდური კრიზისი დეპრესიის შედეგია და საკმაოდ ხშირი მოვლენაა უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა კრის ბრონსონმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტებში არსებული მძიმე მენტალური მდგომარეობა სხვა კვლევების შედეგებმაც დაადასტურა და დეპრესიით შეპყრობილ სტუდენტთა რიცხვი კი არ იკლებს, არამედ იზრდება.
კვლევის ჩატარებიდან 12 თვის განმავლობაში დაფიქსირდა, რომ სტუდენტების 6% სერიოზულად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, თუმცა საბედნიეროდ მათ განზრახვა სისრულეში არ მოუყვანიათ.
ასევე, ხშირია შემთხვევა, რომ სტუდენტი, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ამის შესახებ არავის ესაუბრება განსაკუთრებით ახლობლებს. უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მან სრულიად უცხო ადამიანს გადაუშალოს გული, ვიდრე საუკეთესო მეგობარს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
რაც შეეხება დეპრესიის მიზეზებს, ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია: ეს შეიძლება იყოს ემოციური თუ ფსიქიკური ტრავმა, რომანტიკულ ურთიერთობებში განცდილი მარცხი, ფინანსური სირთულეები, უნივერსიტეტთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ. იმ სტუდენტთა უმეტესობამ, რომლებმაც თავის მოკვლა სცადეს, ამისთვის საძილე წამლების ან ნარკოტიკების დიდი დოზა მიიღეს.
გახდა თუ არა დროთა განმავლობაში სტუდენტის ცხოვრება უფრო დაძაბული, მეტი სტრესის მომტანი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაერთი მკვლევარი მუშაობს და სავარაუდო პასუხი დადებითია. დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტში იმაზე მეტი სტუდენტი განიცდის მენტალურ პრობლემებს, ვიდრე ოდესმე. გახშირებულია შემთხვევებიც, როცა სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადიან სხვადასხვა კურსებს ფსიქოლოგებთან, რათა აღიდგინონ შელახული ფსიქიკა.
„უნივერსიტეტში მყოფთა უმრავლესობა ვერც კი აფასებს ჯეროვნად დეპრესიის დონეს, ისინი მხოლოდ აშკარა შემთხვევებს აქცევენ ყურადღებას და ისეთ მოვლენებს განიხილავენ, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. ხოლო იმ დეპრესიულ სტუდენტებს, რომლებიც ჩუმად არიან და ბოლო ხმაზე არ ყვირიან საკუთარო პრობლემების შესახებ, ვერც კი ამჩნევენ, შესაბამისად ვერც მათ დახმარებას ახერხებენ.
ამგვარი კვლევები კი სწორედ იმ მიზანს ემსახურება, დაანახოს მათ, ვისაც დახმარება შეუძლია, რამდენად სერიოზულია პრობლემა. ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, მაგრამ ამის გასაკეთებლად ინფორმაციული მზაობა უნდა გვიმაგრებდეს ზურგს, უნდა ვიცოდეთ რას და რა მეთოდებით ვებრძვით“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფსიქოლოგმა დევიდ დრუმმა.
წყარო: abcnews.go
ავტორი: ქეთი ქურციკიძე