,,სტუდენტური დღეების” სტუდენტური ემოციები გამარჯვების მოლოდინში

ARIS ბლოგერი

“სიყვარულით გავათბოთ სტუდენტური დღეები, მეგობრობით, ცოდნით ვაშენოთ მომავლის გეგმები” – წლებია ერთსა და იმავე სიმღერას ვღიღინებთ. ბევრმა სტუდენტმა ზეპირად ისწავლა, ზოგიც ცდილობს მისამღერს არ ჩამორჩეს, ვიღაცა თავისი უნივერსიტეტის დროშას აფრიალებს მუსიკის ჰანგებზე და ასე ერთობით ვეგებებით სტუდენტური დღეების დაწყებას. მოვლენას, რომელიც ბევრი ქართველი სტუდენტის მეხსიერებაში სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს.

ყველაფერი გახსნის ცერემონიით იწყება და პირველივე დღესვე იკვეთებიან ლიდერი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მაგრამ არავინ იცის ამ ბრძოლის შედეგად გამარჯვებას ვინ მოიპოვებს, რომელ უნივერსიტეტს გაუღიმებს ბედი. მანამდე კი უნივერსიტეტის მაისურებში გამოწყობილი სტუდენტები ამხნევებენ მონაწილეებს. საუკეთესო გულშემატკივრობა ხომ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, შესაბამისად რაც შეიძლება მეტნი უნდა ვიყოთ, თუ არა და მეორე დღეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ყელის ტკივილი შეგვაწუხებს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სტუდენტური დღეები პირველკურსელებისთვის ახალი ხილია, ამიტომ ყველაზე მეტად ისინი ცდილობენ შეიგრძნონ მისი გემო. ვეჯიბრებით ერთმანეთს: სიმღერა-ცეკვაში, თეატრალურ წარმოდგენასა თუ სპორტულ აქტივობებში, ინტელექტუალურ კონკურსებსა თუ გულშემატკივრობაში. არც ახლო-მახლო ქუჩების გადაკეტვას ვერიდებით, იქვე მოძრავი ავტომობილების მძღოლებიც თუ სიგნალებით გაგვამხნევებენ, მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. მიზანი ერთია – მოვიპოვოთ ყველაზე აქტიური და ორგანიზებული უმაღლესი სასწავლებლის წოდება.

რთულია შავით თეთრზე დაწერილის ისე შეგრძნება, როგორც სინამდვილეშია. ამბობენ: გაგონილს ნანახი ჯობიაო, ჰოდა ჩვენც რა დაგვრჩენია ყოველ წელს სტუდენტური დღეების დაწყებას ველოდებით, მერე ისევ იმ სიმღერის ფონზე კუთვნილ ჯილდოებს გადმოგვცემენ და წამყვანები ტრადიცულად ერთი წლით დაგვემშვიდობებიან. ამ დროს ემოციური ფონი კიდევ უფრო მატულობს სტუდენტებში. ვიღაცა თანაუნივერსიტეტელის ჰაერში აგდებით გამოხატავს სიხარულს, ზოგიც აცრემლებული თვალებით ემშვიდობება სტუდენტურ ფესტივალს.

… და მაინც, რომელი უნივერსიტეტი დაიმსახურებს აღნიშნულ სტატუს? პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა, ვერც ფსონებს ჩამოვალთ, თუმცა სტუდენტური დღეები გრძელდება და წელსაც ერთი ტურიდან მეორეში გადასვლას მოუთმენლად ველოდებით!

„სტუდენტური დღეები 2016“ დაიწყო ➤ ფოტოები

ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები