ემანუელ ოლისა და დენის დიმი უკვე რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და ისინი საქართველოში მედიცინას ეუფლებიან.
აქ გატარებული ცოტა დროის მიუხედავად ქუთაისი საკმაოდ შეუყვარდათ და თავს ამ ქალაქში, როგორც სახლში ისე გრძნობენ. ჰყავთ მეგობრები, სწავლობენ, ერთობიან და სხვადასხვა აქტივობაშიც აქტიურად არიან ჩართულნი.
უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ რას აკეთებენ და როგორ ცხოვრობენ ისინი ამ ქალაქში, ინტერვიუში თავად გვიამობებენ
რატომ აირჩიეთ სასწავლებლად საქართველო და როგორ მოხვდით წერეთლის უნივერსიტეტში?
– საქართველო ჩემთვის უცხო ქვეყანა იყო და დაინტერესებული ვიყავი მისით, ამიტომ ჩავაბარე თავდაპირველად თბილისში შემდეგ კი სწავლა წერეთლის უნივერსიტეტში განვაგრძე. ახლა აქ სამედიცინოზე ვსწავლობ, (დენის დიმი)
– მე პირადად სანამ აქ ჩამოვიდოდი მანამდე საქართველოს შესახებ არ ვიცოდი. წესით უკრაინაში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად, მაგრამ რაღაც შეიცვალა და საქართველოში ჩამოვედი, სინამდვილეში ეს ჩემი არჩევანი არ იყო, (ემანუელ ოლისა)
რამდენად გაგიმართლათ სწავლის მოლოდინები ქუთაისმა და უნივერსიტეტმა?
– სანამ ჩამოვიდოდი საქართველო ევროპა მეგონა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, ის ევროპისა და აზიის სადღაც შუაშია მოქცეული. ეს ძალიან მომწონს, რადგან უნიკალურობას მატებს ქვეყანას (დენისი)
რამდენად მოგწონთ ქუთაისი და გაგიჭირდათ თუ არა საზოგადოებაში ადაპტირება?
– თავიდან ცოტა რთული იყო იმიტომ რომ ყველა ამახვილებდა ყურადღებას ჩვენს ვიზუალზე. შემდეგ ამას შევეჩვიე. აქაურობა ნელ-ნელა ჩემს სახლად იქცა და ახლა ნამდვილ ქუთაისელად ვგრძნობ თავს. ქუთაისი სწავლისთვის არის საუკეთესო ქალაქი. ქუთაისში თბილისისგან განსხვავებით ნაკლები გასართობია, ამიტომ მთლიანად სწავლაზე ხარ კონცენტრირებული. (დენისი)
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სირთულეებს თუ აწყდებით აქ ცხოვრებისას?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ განსხვავებული კულტურიდან მოვდივართ, განსხვავებული შეხედულებებით, მაგრამ ეს მხოლოდ ქუთაისში არ ხდება,ზოგადად ასეა. კონფლიქტი ყველგან შეიძლება წარმოიშვას, გააჩნია როგორ შეხედავ შენ მას (დენისი)
– პირადად მე არ ვაქცევ ყურადღებას რას იტყვის ან გააკეთებს ხალხი, მე უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს. (ემანუელი)
სწავლის გარდა რითი ხართ დაკავებული?
– გარდა უნივერსიტეტში სწავლისა, ვარ ორგანიზაცია “AIESEC”-ის წევრიც და საკმაოდ აქტიურად ვარ მასში ჩართული (დენისი)
– რაც შემეხება მე, ვმღერი, ვცეკვავ, ვარ ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე, რამდენიმე ქუთისელთან ერთად ვცეკვავ ჰიპ-ჰოპს. ასევე ვარ მასწავლებელი, ვასწავლი ინგლისურ ენას წერეთლის უნივერსიტეტში (ემანუელი)
რამდენად განსხვავებულია თქვენი და ქართული კულტურა ერთმანეთისგან?
– რა თქმა უნდა, განსხვავებები არის. მაგალითად ჩვენთან ყველა რაიონში განსხვავებულ დიალექტზე საუბრობენ, თქვენთან ყველა ქართულად. განათლებაშიც არის განსხვავება, მაგალითად თქვენთან უფრო მეტი გოგო სწავლობს უნივერსიტეტში, ჩვენთან თითქმის თანაბრად. (დენისი)
– საერთო ჩვენს ტრადიციებში ქორწილია, ქორწილის აღნიშვნა მსგავსი გავქვს.(ემანუელი)
არის ისეთი რამ, რაც ქართველებში ყველაზე ნაკლებად მოგწონთ?
– არის რაღაცები, მაგალითად მოშტერება იციან. ვიცი რომ ჩვენი დანახვა მათთვის კულტურული შოკია, მაგრამ ეს სასიამოვნო არ არის. (ემანუელი)
ავტორი: მარუსა ხურციძე