მაშინ პირველ კურსზე ვიყავი, და როგორც ყველა ჩვეულებრივი პირველკურსელი ძალიან ვნერვიულობდი გამოცდის წინ. რაღაცები ვიცოდი და ლექტორიც არ იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ წინასაგამოცდო მანდრაჟი უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციაა, რომლისთვისაც გვერდის ავლა თითქმის წარმოუდგენელია.
მეორე ტრადიცია კი, რა თქმა უნდა, ე.წ შპარგალკაა, რომელსაც ხანდახან ფრიადოსნებიც კი აკეთებენ, ყოველი შემთხვევისთვის.
სწორად ასეთი გასაშლელი ფურცელი “გარმოშკად” წოდებული მედო ჯიბეში, იმის მიუხედავად, რომ გამოცდისთვის მზად ვიყავი და მასალის უმეტესობაც თავში მედო.
გამოცდა დაიწყო, საკითხებს თვალი შევავლე და მშვიდად ამოვისუნთქე – თემა ნაცნობი აღმოჩნდა, უკვე ვიცოდი რომ მაღალ ქულას მივიღებდი.
მაგრამ ჩემი მეგობარი სასოწარკვეთილ მზერას აპყრობდა საგამოცდო ბილეთს, გასაგები იყო, რომ მას არ გაუმართლა, ყველაზე დასანანი კი მის შემთხვევაში “შპარგალკის” უქონლობა აღმოჩნდა. აქ მე გადავწყვიტე გამეზიარებინა ცოდნა. შეუმჩნევლად მივაწოდე მას ჩემი “შპარგალკა” და ჩემს საკითხებზე ვკონცეტრირდი. როდესაც მან წერა დაასრულა, შუა გამოცდის პერიოდში, გადაწყვიტა ჩემი “საშველის” დაბრუნება, დამკვირვებელმა დაინახა, რომ ჩემს ხელში აღმოჩდა რაღაცა და ჩემკენ გამოემართა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე თუ არა შპარგალკის ბიუსთჰალტერში დამალვა.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
როდესაც დამკვირვებელმა ჩემი “გარმოშკის” ამოღება მომთხოვა, მომიწია ყველაფრის უარყოფა, შემდეგ მან თითით მანიშნა თუ საიდან უნდა ამომეღო იგი, მეც ვერაფერი უკეთესი ვერ მოვიფიქრე და ვუპასუხე “ასე ძალიან თუ გჭირდებათ, თქვენ თვითონ ამოიღეთ”
აუდიტორიაში ატყდა სიცილი, მეც და დამკვირვებელიც გავწითლდით, რის შემდეგაც იგი გამეცალა.
ვინაიდან გამოცდა წერითი იყო, შედეგებს ზუსტად სამი კვირა ველოდი. ამ პერიოდში ყველანაირი აზრი მეწვია, დაწყებული გამოცდის განულებით და დამთავრებული უნივერსიტეტიდან გარიცხვით. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. დამსახურებული ქულაც მივიღე და შპარგალკების წერის ტრადიციაც სამუდამოდ დავივიწყე.