… და ერთ მშვენიერ დღეს, როცა სახლში ყანწები აიწევა და ფეისბუქზე სტატუსი გამოქვეყნდება, მაშინ ოფიციალურად ჩვენი წევრი ხდები. ამბობ, რომ სამყარო იცვლება, ცხოვრების ახალ ეტაპზე მიაბიჯებ და ტკბილად მოიგონებ წარსულს.
ვერ ვიტყვი, რომ გიჭირს უცხო გარემოსთან შეგუება, აქამდე უცნობი ტერმინების მნიშვნელობაშიც მალევე ერკვევი და ერთადერთი მიზანი “51” ხდება. მერე იწყებ ფიქრს იმ ოთხი წლის გასვლაზე, რომელსაც ასე ელოდი. ყოველდღე ერთი და იგივე გზას გადიხარ, ზეპირად იმახსოვრებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგს და დაძრულ ავტობუსსაც შეიძლება გაეკიდო.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
ვითომ სტუდენტობ და უნივერსიტეტის წინ მეგობრებთან ერთად “აბირჟავებ”. სემესტრის ბოლოს გახსენდება დაუგროვებელი ქულები და ლექტორების გაცნობა, რა იცი რა ხდებას პრინციპით. გამოცდებზე იმ იმედით მიდიხარ, რომ გაგიმართლებს და ვინმე სწავლულს დაუმშვენებ გვერდს. გადაწერა ხომ შესაძლებელია და საერთოდ არ “ტეხავს”, შენ ხომ “ლიჟბი” 51 ქულის აღება გინდა. ვაი, რომ არ გიმართლებს, ერთ ჩარჩენილ საგანს მეორე ემატება. საძმოში ამაყად აცხადებ, რომ “შეტენილი” საგნებისთვის ფული გჭირდება, ისინიც გეხმარებიან და ასე ერთობლივად სტუმრობთ ტოტალიზატორებსა თუ კაზინოებს.
ვითომ სტუდენტობ და მთელი დღე უნივერსიტეტის კაფეტერიაში იმ იმედით ზიხარ, რომ ვინმე ღვთისნიერი 50 თეთრს გაიმეტებს, მერე მასთან ერთად ყავასაც დააგემოვნებ და საჭირბოროტო თემებზეც ისაუბრებთ. ამასობაში ლამაზ გოგოსაც თვალს მოკრავ, ისიც გაგიღიმებს და მალევე ვირტუალური ურთიერთობაც იწყება. ბებიას ნაჩუქარი პენსიაც აღარ გაქვს და თვის ბოლოს ელოდები. ისიც ოღონდ ჩემმა შვილიშვილმა ისწავლოსო და სოფლის ნობათთან ერთად ქაღალდში გახვეულ ფულს გიგზავნის. ბებიას დახმარებით პირველი პაემანიც შედგება….
ვითომ სტუდენტობ და ბოლო კურსზე გახსენდება კარადის თავზე შემოსადები დიპლომი. მერე ხვდები, რომ სამსახური და საკუთარი ფული გჭირდება, ბოლო-ბოლო ოჯახი გყავს შესაქმნელი. არც მეტი არც ნაკლები მამიკოს ურეკავ და ისიც ვინმე ბიძიას პოულობს. სულ რაღაც ერთი ქართული სუფრა და დამტვერილ დიპლომსაც ფუნქცია უბრუნდება…
ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი