18 წლის ქართველი სტუდენტის პროექტი სახელწოდებით, „MotionX“, ამერიკის ინოვაციების კონკურსის ფინალისტი გახდა. ნიკოლოზ გაჩეჩილაძე კონკურსის „Global Innovation through Science and Technology“ ერთადერთი ქართველი ფინალისტია.
თავდაპირველად, მიმდინარე კონკურსში 104 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთო. ქართველი სტუდენტის იდეა კი 15 საუკეთესოს შორის მოხვდა. აღნიშნული წამოწყება მხარს უჭერს ტექნოლოგიურ და სამეცნიერო იდეებსა და სტარტაპებს, რომელთაც განვითარებად ქვეყნებში ცვლილებების შეტანის პოტენციალი და სურვილი აქვთ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
– მოგესალმები, ნიკოლოზ. პირველ რიგში გილოცავ წარმატებას და დიდ მადლობას გიხდი, რომ ჩვენთვის დრო გამონახე. ორიოდე სიტყვით, უკეთ გასაგებად, აგვიხსენი გლობალური ინოვაციების კონკურსის სპეციფიკა.
– გლობალური ინოვაციების კონკურსი, „GIST NET“ ახალგაზრდა შემოქმედებისთვისაა, რომელთაც აქვთ იდეა და სურთ ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით შექმნან სიახლე, შემდეგ კი გამოგონილი პროდუქტით ასარგებლონ მსოფლიო. ჯერ კიდევ 2011 წლიდან 135 ქვეყნის სხვადასხვა მსურველმა გაასაჯაროვა საკუთარი იდეა და აიმაღლა კვალიფიკაცია სხვადასხვა კონკურსებისა და საგანმანათლებლო ბანაკების მეშვეობით. ფინალამდე როგორც წესი ხმის მიცემა კონკურსის საიტზეა შესაძლებელი. ხმის მიცემის დროს, რომელი ქვეყანაც დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას, იმავე წლის ზაფხულში სწორედ იქ ჩატარდება ბანაკი, რომელიც მთლიანად დაეთმობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაღრმავებულ შესწავლას.
– კონკურსი 2 ნაწილისგან შედგება: იდეების და sturt-up-ების ნაწილისგან. როგორც ვიცით, შენ იდეების ნაწილში მონაწილეობ.
– დიახ, არის იდეების და არის sturt-up-ების ნაწილი. მე მონაწილეობას ვიღებ იდეების ნაწილში, ანუ ჩემი პროექტი, თუ შეიძლება რომ ასე ეწოდოს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ იდეაა და ცდილობს საკუთარი გზის პოვნას.
– რას მოიცავს, რა ღირებულებებს აერთიანებს შენი „MotionX“ იდეა?
– „MotionX არის იდეა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ვიდეო გადაღების, დამონტაჟებისა და ვებ-სივრცეში განთავსების ავტომატიზაცია. მაგალითისთვის, როდესაც პროფესორი ან მასწავლებელი შევა იმ საკლასო ოთახში, რომელიც დაყოფილი იქნება ჩვენი სენსორებით, სხვადასხვა კამერები რეაგირებას მოახდენენ. ეს ყველაფერი ერთიანი სისტემის საშუალებთ იქნება ისე მოწყობილი, რომ მთავარ ვიდეო გადამცეზე მთელი ეს მასალა, თუ არქვივი, როგორც გნებავთ, გადმოვა „დაეთიბეული“ და შესაბამისად, ამის ატვირთვა ვიდეო სივრცეში აღარ გაჭირდება. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ყველაზე ნაკლები დანახარჯით შეეძლებათ, რომ საკუთარი სასწავლო კურსი, საჯარო ლექცია თუ ნებისმიერი რამ გადაიტანონ ონლაინ რეჟიმში, შეინახონ, დაარქივონ და სურვილის შემთხვევაში, კიდევ მრავალჯერ გამოიყენონ.“
– ამჟამად უკვე თუ არის ცნობილი, როდის და სადა ჩატარდება ფინალური ეტაპი?
– ფინალი კალიფორნიაში, ივნისში, იქნება. სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება გვექნება მენტორების და ტრენინგების დახმარებით იდეა განავითაროთ, შემდგომ კი დაფინანსების მოპოვებაზეც ვიზრუნოთ.
– შენს ევროპულ ცხოვრებაზეც მოგვიყევი. როგორ მოხვდი ლიტვაში და რა განხრით სწავლობ?
– გაცვლითი პროგრამით, (FLEX) ამერიკაში ყოფნისას შევიტანე ლიტვის უნივერსიტეტში (LCC International University) მონაცემები, მოვიპოვე სრული დაფინანსება და რადგანაც ინფორმაცია უნივერსიტეტზე უკვე მოძიებული მქონდა, გადავწყვიტე სწავლა აქ გამეგრძელებინა. ვსწავლობ საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტირების ფაკულტეტზე, ეკონომიკის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით.
– შენს გვერდით თუ არიან სხვა ქართველი სტუდენტები?
– დიახ, ვცხოვრობ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში რამოდენიმე სხვა ქართველთან ერთად.
– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი ლიტვური დღე?
– უნივერსიტეტში ყოფნისას დილა ადრე იწყება. ვიღვიძებ დილის 5-6 საათზე სიმშვიდეში რომ ვიმეცადინო, მივდივარ ლექციებზე ნაშრომებს ვაბარებ და შემდეგ დავალებებზე ვმუშაობ. ვცდილობ, რომ ეს გრაფიკი შევინარჩუნო, მაგრამ სხვა აქტივობებს, რომლებიც უნივერსიტეტშია, ასევე დრო მიაქვთ.
– როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვკითხულობ კლასგარეშე მასალას და განვიხილავ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებს. ვცდილობ, ჩემი იდეები დავხვეწო, გავაუმჯობესო და განვახორციელო. ვესაუბრები ხალხს, ვისაც ჩემზე მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს იმ საკითხში, რაზეც ვმუშაობ და ვცდილობ, რჩევები გავითვალისწინო.
– გაამართლა შენი მოლოდინები ლიტვამ?
– სწავლების ხარისხი ძალიან კარგია. შესაბამისად, აქაურობა მომწონს. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ვარ. ჩვენ უნივერსიტეტში უკვე საზაფხულო არდადეგები დაიწყო.
ავტორი: სალომე საგინაშვილი