მარიამ შონია ამჟამად ნორვეგიაში, ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში, პოლიტიკისა და კულტურის კვლევების მიმართულებით სწავლობს. საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. დიპლომატიითა და საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებით ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული.
არის არასამთავრობო ორგანიზაციის „პროგრესული ხედვა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, დაკავებულია სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებითა და მათში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდით.
როგორც თავად ამბობს, ნორვეგია მისი საოცნებო ქვეყანაა. თუ როგორ სწავლობს და ცხოვრობს საზღვარგარეთ, ამის შესახებ მარიამის ინტერვიუდან შეიტყობთ.
როდის მიიღე წასვლის გადაწყვეტილება და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი არჩევანით?
მესამე კურსის დასაწყისში გამოცხადდა ,,ერაზმუს+”-ის სტიპენდიები. როდესაც მითითებულ უნივერსტეტებს გადავავლე თვალი მაშინვე მივხვდი, რომ ოსტფოლდის უნივერსიტეტი იყო ის, რისთვისაც აუცილებლად უნდა მებრძოლა. ზოგადად სკანდინავია და ნორვეგია ყოველთვის საოცნებო იყო ჩემთვის.
რა განსხვავებას ხედავ საქართველოსა და ნორვეგიის უმაღლესი განათლების სისტემებს შორის, რომელია შენთვის უფრო მისაღები და რატომ?
შემიძლია თამამად ვთქვა რომ ნორვეგიის უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოსთან შედარებით გამოირჩევა უფრო მეტი თავისუფლებით. აქ ბევრად უფრო აფასებენ ლოგიკურად აზროვნებისა და ანალიზის უნარს. არ არიან კონცენტრირებული მასალის დაზუთხვასა და ზეპირად გადმოცემაზე. გაქვს მოსახერხებელი სასწავლო გრაფიკი და თავად განაგებ საკუთარ სტუდენტურ ცხოვრებას. ისეა თითქოს უნივერსიტეტი იყოს მორგებული თითოეულ სტუდენტზე და არა პირიქით.
სად ცხოვრობ, როგორია შენი დღის რეჟიმი და რამდენად დატვირთული სალექციო გრაფიკი გაქვს?
ვცხოვრობ ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტურ საცხოვრებელში და არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად კომფორტული და მშვიდი გარემო გვაქვს. არ მაქვს გადატვირთული გრაფიკი, რაც მაძლევს საშუალებას დავკავდე სხვადასხვა აქტივობით. ჩემი ყოველდღიური რეჟიმი საკმაოდ თავისუფალი და ცვალებადია. ყოველდღე არ მაქვს ლექციები, ამიტომ მეძლევა შანსი რომ თითოეული დღე მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო სხვადასხვა ადგილების მონახულებითა და მოგზაურობის საშუალებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად უნივერსიტეტი თავად გვიწყობს ექსკურსიებსა და სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ გასართობ ღონისძიებებს.
კონკრეტულად გაწერილი გრაფიკი არ მაქვს, თუმცა ჰალდენის (ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ) სილამაზიდან გამომდინარე, ხშირად ვსეირნობ მდინარისა და ყურის მიდაომებში. ასევე, დამოუკიდებელმა ცხოვრებამ მაიძულა გამეუმჯობესებინა საკუთარი კულინარიული შესაძლებლობები.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რომელი საგანს ან სწავლების მეთოდს გამოარჩევდი შენი პროგრამიდან?
ყველაზე მეტად მომწონს საგანი „ინტერკულტურული კომუნიკაცია“. ვეცნობით საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა კულტურის შესახებ, განსხვავებებს მათ შორის, სტერეოტიპებსა და გზებს, თუ როგორ ავარიდოთ თავი სხვა კულტურის წარმომადგენლებთან უხერხულ სიტუაციებს განსხვავებული შეხედულებებისა და ჩვეულებების გამო. აღსანიშნავია, რომ სწავლა მიწევს დაახლოებით 10 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტთან ერთად, რაც უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის საგანს. რაც შეეხება სწავლის მეთოდს, რამდენიმე პრეზენტაციის გაკეთება მომიწია, რომლის საშუალებითაც კარგად გავაცანი საქართველო მათ. ასევე, გვქონდა წერითი დავალებები და გვექნება ზეპირი გამოცდა, რომლებშიც მთავარი იდეა არის ის, რომ განსხვავებულ შემთხვევებს შეუსაბამო ნასწავლი მასალა. როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი აქაც ანალიზისა და აზროვნების უნარების გაუმჯობესებაა.
თუ დაინახე განსხვავება ევროპელ და ქართველ სტუდენტს შორის და კონკრეტულად რა?
განსხვავება, რა თქმა უნდა, არის, რადგან სხვადასხვა ქვეყნისა თუ კულტურის წარმომადგნლები ვართ, თუმცა განსაკუთრებულ სხვაობას ვერ ვატყობ. აქაც მარტივადაა შესაძლებელი ნამდვილი მეგობრები გაიჩინო. ადამიანები, რომლებთანაც შეძლებ ნებისმიერ თემაზე ისაუბრო.
როგორი იყო შენი მოლოდინი და ახლა უკვე როგორია შენი შთაბეჭდილებები საზგვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით?
კონკრეტულად ნორვეგიის მიმართ ყოველთვის მქონდა დადებითი მოლოდინები ქვეყნის განვითარების დონისა და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, თუმცა ახლა უკეთ ვიაზრებ, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს იყო განვითარებული სამყაროს ნაწილი. ყველაფერი გამარტივებული და უპრობლემო მეჩვენება, რადგან ყველა მზადაა დაგეხმაროს, ამასთანავე ძალიან მეგობრულები და თბილები არიან.
რა თქმა უნდა, გააზრებული მქონდა, რომ ყინვასთან მომიწევდა შეგუება, თუმცა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა აღმოვაჩინე, რომ ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე თბილ ადგილას მოვხვდი და აქაური კლიმატი პირიქით სასიამოვნოა. კიდევ ერთი სტერეოტიპი ნორვეგიის შესახებ არის მაღალი ფასები და აქვე დავამატებ, რომ სრულ შესაბამისობაშია ცხოვრების დონესთან, ამიტომაც არ ვთვლი, რომ აქაური ფასები საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს აქ მცხოვრებთათვის.
სწავლის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული ნორვეგიაში?
მონაწილეობას ვიღებ ინტელექტუალური თუ გასართობი ღონისძიებების დაგეგმვაში, სპორტ დარბაზისა და ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი ვარ და თავისუფალ დროს სხვადადსხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ვაწყობ ფილმის ჩვენებებს, ექსკურსიებსა და პიკნიკებს.
რა გეგმები გაქვს დაბრუნების შემდეგ?
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაპირებ, რომ დავასრულო ბაკალავრიატი და გავაგრძელო ორგანიზაციის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის დაგეგვმა და განხორციელება. მსურს აქ დაგროვებული ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებსა და სტუდენტებთან.
ასევე, ვგეგმავ, მაგისტრატურაში ჩასაბარებლად მოვემზადო. ვაპირებ, ვარიანტებად განვიხილო ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტი, თუმცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ არჩევანი ოსლოს უნივერსიტეტზე შევაჩერო და კვლავ დავბრუნდე ნორვეგიაში.
ავტორი: ნათია ზარიძე