თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დილიდან პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო.
აუდიტორია #115 წევრებმა დილიდან დაიკავეს უნივერსიტეტის მე–6 კორპუსი. მათ შენობის შესასვლელი შიგნიდან ჩაკეტეს. უნივერსიტეტში არ უშვებენ თანამშრომლებს. კორპუსიდან ბანერები გადმოკიდეს წარწერით, “ავტონომია უნივერსიტეტს”.
ისინი ამ დროისთვის უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში არიან შეკრებილები და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას და განათლების რეფორმას ითხოვენ.
სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტის ასეთი რადიკალური ზომა გამოიწვია მათთან კონსულტაციის შედეგად მიღებულმა კანონპროექტმა, სადაც, მათი თქმით, რეალურად არც ერთი შეთანხმება არ არის გათვალისწინებული.
”აუდიტორია 115”-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხდა. როგორც ლექტორები აცხადებენ, დღეს დილით ლექციების ჩატარება მათ ვერ მოახერხეს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ.
მათ უნივერსიტეტის VI კორპუსი დაიკავეს და 4-პუნქტიანი მოთხოვნები გამოაქვეყნეს.
“VI კორპუსი დაკავებულია შემდეგი მოთხოვნებით:
1. უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს;
2. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა;
3. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრის მოსვლას I კორპუსის #115 აუდიტორიაში (პირობითად 16:00 საათზე). მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:
– არის თუ არა მზად მმართველი ძალა, წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად. კანონი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა შეცვალოს!
– გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეგერირების მექანიზმის დასანერგად; რა იგეგმება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;
– გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება;
4. ოდეერების საქმის გამოძიება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა. პაპავა აქციაზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა მისთვის მისაღები არ არის.
„მე მოვედი ამბის გასაგებად. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები. ასევე ისინი აცნობიერებენ, რომ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა პრობლემაა და ეს ფორმა პირადად ჩემთვისაც მიუღებელია“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მისივე თქმით, პრემიერი უნდა გამოეხმაუროს სტუდენტების მოთხოვნებს.
„პრემიერი შეხვდება თუ არა სტუდენტებს ეს მისი გადაწყვეტილებაა. თუ გადაწყვეტს, რომ გამოეხმაუროს აქციის მონაწილეებს, გამოხმაურების ფორმა თავად უნდა შეარჩიოს, ეს იქნება განცხადება, თუ ადგილზე მოვა, მაგრამ ეს მას გასაკეთებელი აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
ფოტო: გიორგი სოფრომაძე