პაპავა: პასუხი არის მარტივი – მე გადადგომას არ ვაპირებ

სტუდენტური ცხოვრება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და თსუ თვითმმართველობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი რექტორატის და ადმინისტრაციული ერთეულების მიერ გაწეულ ხარჯებს, ფაკულტეტებზე პროფესურის საკონტრაქტო პირობებს და სხვა საკითხებს შეეხო.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის თქმით, სტუდენტებმა დასვეს რექტორატის მხრიდან დიდი ფინანსური დანახარჯების და მისი მიზნობრიობის საკითხი. „შეხვედრაზე ახალი გვარები დასახელდა, რომლებიც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ და ამასაც გადავამოწმებთ“, – განაცხადა საბაურმა. მისი სიტყვებით, „რექტორმა დაადასტურა, რომ უნივერსიტეტში არსებობს „ოდეერი“ და ნაბიჯი არ გადადგა ამ კანონდარღვევის აღსაკვეთად, “ის არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას“.

ვლადიმერ პაპავამ კი, შეხვედრის შემდეგ განაცხადა: – „მათი მოთხოვნა არის უცვლელი – რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ჩვენი პასუხი არის მარტივი – მე გადადგომას არ ვაპირებ, თუმცა, აკადემიურ საბჭოს დაწყებული აქვს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურა და ამ პროცედურაში რექტორი არ მონაწილეობს“.

ამასთან, როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტში გაწეული ნებისმიერი ხარჯი არის დასაბუთებული, ამიტომ საუბარი არამიზნობრიობაზე არ არის გამართლებული:

„შარშან დაასრულა ჩვენი შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და მივესალმები, თუ უახლოეს ხანებში კვლავ შეისწავლის. ასევე მინდა განვაცხადო, რომ უნივერსიტეტმა სწორედ ადმინისტრაციული რესურსების ეკონომიის ხარჯზე მოახერხა პროგრამული სამეცნიერო კვლევითი თემების დაფინანსება, სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა, დოქტორანტების სწავლის საფასურის დაფარვა. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხი ადმინისტრაციის ხარჯების შემცირების გზით მოხდა“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები