“აუდიტორია 115-ი” აკადემიურ საბჭოს 2 საათს აძლევს

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ “აუდიტორია 115-ის” მხარდამჭერებს ინიციატივით მიმართა. მისი თქმით,  მათ აკადემიური საბჭოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის წარმოსადგენად 2 საათიანი ვადა უნდა მისცენ და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ მაშინ აკადემიური საბჭოს დაშლას მოითხოვენ.

დაახლოებით 2 საათზე თვიმმართველობის წევრებმა თანამდებობის დატოვებისთვის ერთი საათი მისცეს, რომელიც უკვე გავიდა. თუ კონკრეტულად რას გეგმავენ ამის შემდეგ სტუდენტები, უცნობია. ვლადიმერ პაპავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს.

თსუ-ის გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიური საბჭო მოუწოდებს ყველას მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ არსებული კრისიდან გამოსასვლელად!

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს ერთიანობისკენ, რათა მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ სავალალო შედეგებამდე.

სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გავრცელდა არა მარტო დაუზუსტებელი, არამედ მიზანმიმართულად შეურაცხმყოფელი განცხადებები. მძიმე ბრალდებები წაუყენეს როგორც რექტორს, ასევე ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეებს და კანცლერობის კანდიდატს. გამოითქვა სერიოზული და უაპელაციო ურთიერთბრალდებები, რაც დაუშვებელია. სამწუხაროდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

ჩვენთვის მიუღებელია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს უნივერსიტეტისა და მისი მმართველი ორგანოების პარალიზებას. მიუღებელია როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე მორალური ზეწოლა.

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით პროფესურას, თავი შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან, ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეები ჩვენი სტუდენტები არიან, ვალდებულნი ვართ, მოვუსმინოთ ყველას, გავითვალისწინოთ მათი კონსტრუქციული მოსაზრებები და მათთან ერთად მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან”, – ნათქვამია მიმართვაში.

10380316_10153369280537233_7402754858634698176_n (1)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები