თსუ-ის თვითმმართველობა უნივერსიტეტის ეზოში ორშაბათს 12:00 საათზე კონტრაქციას გეგმავს, უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების მოთხოვნით. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში გავრცელდა:
“ახალგაზრდების მცირე ჯგუფი, რომელთა დიდი ნაწილი არ წარმოადგენს თსუ-ის სტუდენტებს, კვლავ განაგრძობს უნივერსიტეტის სამუშაო პროცესის ჩაშლას. მათ მიერ არათანმიმდევრული მოთხოვნების დაფიქსირება მიმდინარეობს ძალისმიერი და ცილისმწამებლური მეთოდების გამოყენებით. ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ჩატარებასა და უნივერსიტეტის სხვა ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. რექტორი კი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს უნივერსიტეტის სამართლებრივ ჩარჩოებში ფუნქციონირების გარანტს, მისი უნიათობითა თუ მიზანმიმართული უმოქმედობით ხელს უწყობს სიტუაციის გამწვავებას. ვლადიმერ პაპავა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს შენარჩუნებას. შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის პირველი უნივერსიტეტის სახელს. მოდი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 14 მარტს, 12:00 საათზე. ერთად მოვითხოვოთ უნივერსიტეტის საქმიანობის დაბრუნება სამართლებრივ ჩარჩოებში! შეიტანე შენი წვლილი ინსტიტუციური კრიზისიდან უნივერსიტეტის გამოყვანაში! დაიცავი უნივერსიტეტი!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ სტუდენტთა აქციაც, რომლებიც უკვე, რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლებს მართავენ, სწორედ ორშაბათს 12:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსშია დაგეგმილი და მათი მოთხოვნები უცვლელია:
- გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა, რომელსაც სტუდენტების თქმით სენატროთა უმრავლესობა და მათ შორის ვლადიმერ პაპავა უერთდება.
- სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება და რესურსებზე წვდომის შეწყვეტა.
- საპარლამენტო კომისიის შექმნა და თსუ-დან ოდეერების გაძევება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ორშაბათს შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, მოხსნის თუ არა გიორგი გაფრინდაშვილი თავის კანდიდატურას. როგორც ისინი აცხადებენ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.