მათ, ვისაც სურს ევროპაში სწავლის გაგრძელება, სამუშაოდ წასვლა უცხოურ ორგანიზაციაში, თუ საზღვარგარეთ რამდენიმედღიან ტრენინგზე დასწრება, ამავდროულად, იზიდავს მოგზაურობა და უცხო კულტურის გაცნობა სურს, Erasmus+ პროგრამა ამის ფართო შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ინტერესისა, თუ ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდას.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„ერასმუს+“ აერთიანებს რამდენიმე დიდ გაცვლით პროგრამას და 2014-2020 წლებში ახორცილებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით. ქართველი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა Erasmus+ ოთხი პროგრამა: უმაღლესი განათლების მხრივ – Credit mobility და Degree mobility, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში – Youth in Action და EVS (European voluntary Service).
საგანმანათლებლო პროგრამები:
Erasmus+ პროგრამაში შემავალი პროექტებიდან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა არის Credit Mobility. პროგრამა 2015 წელს დაიწყო და 2007-2014 წლებში მოქმედი Erasmus Mundus-ის შთამომავალია. Credit Mobility-ის ფარგლებში სტუდენტების გაცვლა ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტეტებს შორის საპარტნიორო ხელშკრულებით ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი აბარებს ქართულ უნივერსიტეტში და შემდეგ 3-დან 12 თვემდე ვადით მიდის იმ საზღვარგარეთის უნივერსიტეტში, რომელთანაც ამ ქართულ უნივერსიტეტს აქვს პარტნიორობა. Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორის, ლიკა ღლონტის თქმით, ამ პროგრამაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. სტიპენდიების რაოდენობა ამ წელს გაზრდილია და ქართველი სტუდენტებისთვის მონაწილეობის შანსიც უფრო მეტია. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 25 ქართული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. ერასმუსის სტიპენდიები ბაკალავრიატში 750 ევროდან – 850 ევრომდე ვარირებს და მაგისტრატურაზე 1000 ევროს შეადგენს.
Degree Mobility უკვე ინდივიდუალური პირებისთვისაა განკუთვნილი და არაა საჭირო რომელიმე უნივერსიტეტში ირიცხებოდეთ. პროგრამა ორ ნაწილად იყოფა:
1. Joint Master, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ბაკალავრიატი დაამთავრა და მაგისტრატურის სრული კურსის გავლა სურს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში (პროგრამის ფარგლებში, სტუდენტს შეუძლია ორ, ან მეტ უნივერსიტეტში ისწავლოს თითოეულ სემესტრში).
2. Joint Doctorate არის მათთვის, ვინც მაგისტრატურა დაასრულა და დოქტორანტურაში სურს სწავლის გაგრძელება. სტიპენდიები ვარირებს 1000-1500 ევროს ფარგლებში და განკუთვნილია გაცვლითი პროგრამის განმავლობაში მოგზაურობისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის. სწავლისა და მგზავრობის ხარჯებს ანაზღაურებს პროგრამა.
პროგრამას გამოყოფილი აქვს კვოტები სამი სამიზნე ჯგუფისთვის. ცალკე კვოტაა დაშვებული მესამე სამიზნე ჯგუფის სტუდენტებისთვის (Target Group 3 – TG3), რომელსაც წარმოადგენენ დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ა.შ.
მობილობის სხვადასხვა პროგრამა განსხვავებულ საბუთებს ითხოვს, მაგრამ როგორც წესი, ძირითადი საბუთების ჩამონათვალი მსგავსია. ამ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში სტუდენტებს ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაცია ESN (Erasmus Student Network) Tbilisi ISU. ორგანიზაციას აქვს გაცვლით პროგრამებზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც საშუალებას აძლევს მათ, დაეხმარონ პროექტის ბენეფიციარებს: – „Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ ვატარებთ პრეზენტაციებს, ტრენინგებსა და კონსულტაციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამასთან ერთად, ორგანიზაციის წევრები პასუხს სცემენ იმ კითხვებს, რომელთაც სტუდენტები აგზავნიან მეილის ან სოციალური მედიის საშუალებით“, – ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი.
სპორტისა და ახალგაზრდული კუთხით კი, ორი პროგრამაა წარმოდგენილი:
EVS ერთ-ერთი ფართო გაცვლითი პროგრამაა მოხალისეობრივი კუთხით და მასში მონაწილეობა 17-30 წლის ასაკის პირებს შეუძლიათ. არის მათთვის, ვისაც სურს საზღვარგარეთ წასვლა და სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობა სოციალურ-საგანმანათლებლო, სამოქალაქო ჩართულობის, გარემოს დაცვის, არაფორმალური განათლებისა, თუ სხვა სფეროებში. არსებობს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძლევადიანი პროექტები, 2-კვირიდან 12-თვემდე ხანგრძლივობით. ამ პროგრამით წასულ ახალგაზრდას აქვს საკმაოდ თავისუფალი გრაფიკი, სასიამოვნო კამპანია, საკმარისი დრო მოგზაურობისთვის და დაფინანსება, საშუალოდ 200 ევრო, ყოველთვიური ხარჯებისთვის.
Youth in Action მაქსიმუმ 21-დღიანი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას და ერთმანეთის კულტურის გაცნობა-გაზიარებას. 30-მდე ახალგაზრდა, მინიმუმ 2 ქვეყნიდან, გაცვლითი პროგრამის პერიოდში ცხოვრობს ერთად. ისინი იძენენ ახალ კონტაქტებსა და მეგობრებს, ეცნობიან ერთმანეთის კულტურას და იუმჯობესებენ უცხო ენას. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საჭიროა მონაწილეობის საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუკი პროექტი არ აცხადებს ღია მიღებას, აუცილებელია საქართველოდან გამგზავნი ორგანიზაციის მოძიება.
ჩამოთვლილ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ახლადგამოცხადებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციისთვის კი, გაეცანით თქვენი უნივერსიტეტის ვებ-გვერდს, ან ეწვიეთ ESN Tbilisi ISU-ს საიტს exchange.esn.ge, სადაც სისტემატურად იდება ქართულად ნათარგმნი ახალი გაცვლითი პროგრამები.
მოამზადა: ანა ზანკალიანმა