ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უნივერსიტეტებთან ველოსიპედის სადგომები დამონტაჟდება. პროექტი ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ინიციატივით ხორციელდება და მას მხარს „თბილისის ველოსიპედთა კლუბი“ უჭერს, რომელიც 1700-ზე მეტ წევრს აერთიანებს. studinfo-სთან საუბრისას, ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპე, პირველი სადგომი ველოსიპედებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დამონტაჟდება:
“ჩვენ ვგეგმავთ, ჭავჭავაძეზე მდებარე ყველა უნივერსიტეტის წინ განვათავსოთ სადგომები. მოლაპარაკება მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სდასუ-სთან. საჭიროა, სწორად შევარჩიოთ ადგილები, სადაც ველოსიპედების სადგურის მოწყობას დავგეგმავთ. პირველ ეტაპზე, პროექტი ქალაქის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტებს მოიცავს, რადგან ცენტრში განსაკუთრებით რთულია სტუდენტისთვის გადაადგილება და თუკი ველოსიპედის მოყვარულებს წავახალისებთ, სტუდენტისთვის ეს ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება გახდება”, – აღნიშნავს “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე.
გელა კვაშილავას ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება როგორც ფონდის სახსრებით, ისე შემოწირულობების ხარჯზე. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს თემა აინტერესებს, შეუძლია ფინანსურად დაეხმაროს პროექტის განხორციელებას.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
26 თებერვალს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, Critical Mass -ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკვე, გაიმართა ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით – იმგზავრე ველოსიპედით და მიირთვი ორცხობილა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, გაიყიდა ამერიკული ორცხობილები. შეგროვილი თანხა სრულად მოხმარდება პროექტის წარმატებით განხორციელებას – ჭავჭავაძის ქუჩაზე ველოსიპედის სადგომების მონტაჟებას.
? გთავაზობთ ფოტოებს ღონისძიებიდან: