ამ დროისთვის 7 594 ხელმოწერაა პეტიციაზე, რომელიც ,,რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ” მოამზადა. პეტიციის თანახმად სტუდენტები დედაქალაქის მიმართულებით სასწავლებლებში მგზავრობაზე შეღავათებს ითხოვენ.
,, რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ 17.12.15 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანა წერილის სახით განცხადება, რომლითაც მიმართა ქალაქის მერს, რომ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი არა უმეტეს 75 თეთრისა, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში მცხოვრებ სტუდენტთა მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ხოლო აღნიშნული სხვაობა (55 თეთრი) სუბსიდირებულიყო ქალაქის ბიუჯეტიდან ან მოლაპარაკებოდნენ კომპანიას, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ მარშრუტს.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
აღნიშნული განცხადების პასუხად კი მივიღეთ წერილი, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული რუსთაველ სტუდენტთა სუბსიდირება ჩვენ მიერ შეთავაზებული ფორმით.
რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია არ ვწყვეტთ მუშაობას და პეტიციის მეშვეობით ვაგრძელებთ სვლას მიზნისკენ ! ჩვენ ვითხოვთ კანონიერად და ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი!” – წერია პეტიციაში.
ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი, საკითხზე რუსთავის მუნიციპალიტეტის პოზიციით დაინტერესდა. თემაზე, საჯარო დაწესებულებისგან წერილობით მიღებულ პოზიციაში ვკითხულობთ:
,, მოგეხსენებათ, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ამჟამად მუშაობს კონკურსში გამარჯვებული კერძო კომპანია ,,ინტერტრანსი”, შესაბამისად ქალაქის მერია მას ვერ წაუყენებს პირდაპირ მოთხოვნას სტუდენტებისთვის ტარიფის დაკლების თაობაზე, ამ კუთხით არსებობს მგზავრთა ნაკადის აღრიცხვის ტექნიკური სირთულეებიც, ანუ იმ შემთვევაში, თუ კომპანია წამოვა ამ დათმობაზე, მას თვითონ მოუწევს სპეციალური აპარატურის შეძენაც, რითაც სტუდენტების იდენტიფიცირება და მათი მგზავრობის რაოდენობის აღრიცხვა მოხდება. ეს საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურაა, რუსთავის მერია კი, ამ აპარატურას კერძო კომპანიას ვერ შეუძენს, რადგან ამის უფლება მას კანონით არ აქვს.
თვითმმართველობა სტუდენტებისთვის შეღავათის დაწესების ალტერნატიულ გზაზე ფიქრობს. ამ შემთხვევაში, საუბარია სტუდენტური ავტობუსის დანიშვნაზე. მიმდინარე წელს რუსთავის მერია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით 30 ერთეული ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის გასაახლებლად. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სტუდენტური ავტობუსის გამოყოფაც აქედან მოხდეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე ჯერ მიღებული არ არის” – წერია რუსთავის მუნიციპალიტეტის წერილობით მოწოდებულ პოზიციაში.
წყარო: kkpress.ge
ამავე თემაზე: რუსთაველი სტუდენტები მგზავრობაზე სტუდენტურ ტარიფს მოითხოვენ