კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

კონკურსი – „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2016“ იწყება! ყოველწლიური კონკურსი, რომელიც 2012 წლიდან იმართება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და სტუდენტების აქტიურ ჩართვას სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტუდენტურ გუნდებს საშუალება ექნებათ, სოციალურ საწარმოებს დაეხმარონ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში და მიიღონ მნიშვნელოვანი პრიზები, ან თავად შეიმუშაონ სოციალური საწარმოების ბიზნესგეგმები და მიიღონ დაფინანსება. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტები გაიცნობენ კომპანიათა წარმომადგენლებს, რომლებიც ახალგაზრდებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მათ პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

კონკურსი გაიმართება 2 ნომინაციაში:

I ნომინაცია, ბიზნესპროექტის შემუშავება და განხორციელება – გულისხმობს არსებული სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრისკენ მიმართული პროექტების შედგენას და შემდგომ, მათ პრაქტიკაში განხორციელებას. ნახევარფინალში 4 წარმატებული პროექტი გადავა. თითოეულ გუნდს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ 1500 ლარს გადასცემს, რათა მათ პრაქტიკაში განახორციელონ თავიანთი პროექტები. ფინალში გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს კი, 2000 ლარის ფარგლებში, დაუფინანსდება ვიზიტი სოციალური მეწარმეობის თემასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

II ნომინაცია, ახალი სოციალური საწარმოს ბიზნესგეგმის შექმნა – გულისხმობს სტუდენტების მიერ დამოუკიდებლად ან საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახალი სოციალური საწარმოს იდეის ჩამოყალიბებას და შემდგომ სრული ბიზნესგეგმის შექმნას.

ნახევარფინალში გადასული გუნდები მათ მიერ შემუშავებულ იდეებს სრულყოფილი ბიზნესგეგმების სახეს მისცემენ და ფინალურ კონკურსზე წარმოადგენენ, რომელთაგანაც ჟიური შეარჩევს საუკეთესოს. გამარჯვებული პროექტი, თუ იგი დააკმაყოფილებს „ევროპის ფონდის“ ყველა მოთხოვნასა და კრიტერიუმს, დაფინანსდება 20,000 ლარის ფარგლებში.

აპლიკაციები მიიღება 10 მარტის ჩათვლით.

23–24 და 29 თებერვალს გაიმართება სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე. ინტერაქტიური ხასიათის შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ღრმად გაეცნონ სოციალური მეწარმეობის კონცეფციის არსს და დასვან შეკითხვები კონკურსთან დაკავშირებით.

სემინარები გაიმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახლად დაფუძნებულ „ტექნოპარკში“, სადაც სტუდენტებისთვის მოეწყობა სპეციალური ექსკურსია „ტექნოპარკის“ მიერ შეთავაზებული სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასაცნობად. შეხვედრაზე დასასწრებად სტუდენტებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.

კონკურსის ორგანიზატორები არიან „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ევროპის ფონდი“.

გუნდის დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე: https://goo.gl/2oYl03

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სტუდენტური კონკურსისა და სოციალური მეწარმეობის ცენტრის ვებგვერდებს:

http://www.gosocialenterprise.ge
http://www.segeorgia.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები