ჯარის გამო დაკარგული სტუდენტობა

სტუდენტური ცხოვრება

 

ლექტორებს ხშირად ამოუკითხავთ ლექციაზე იმ სტუდენტების სახელ-გვარები, რომლებიც სიაში წლებია არიან, მაგრამ ლექციას არასდროს დასწრებიან.  ძირითადად, ეს იმ სტუდენტი ბიჭების სიაა, რომლებიც ლექციებზე არ დადიან და საგნებს იმის გამო იტოვებენ, რომ სტუდენტის სტატუსი გაუხანგრძლივდეთ. მარტივია – თუკი, სასწავლო სემესტრი დაემატებათ, კიდევ რამდენიმე თვით აიცილებენ თავიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მიზეზი, თუ რატომ არ უნდათ ჯარის მოხდა, სხვადასხვაა – ზოგს, უბრალოდ, არ უნდა; ნაწილი სულაც არ მიიჩნევს სამშობლოს წინაშე ვალდებულებად; ნაწილი კი, ფიქრობს, რომ მისთვის შეუფერებელია.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

საქართველოს კანონმდებლობა 18-27-წლამდე მოქალაქეს ავალდებულებს, მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, თუკი ის არ არის გათავისუფლებული, ან არ აქვს გადავადების უფლება. ამ დროისთვის გათავისუფლება ან გადავადება რამდენიმე მიზეზითაა შესაძლებელი: 18-27-წლამდე მოქალაქე უნდა იყოს დედისერთა, უნდა იყოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, უნდა ჰყავდეს ორი, ან ორზე მეტი შვილი და ა.შ.

ის, რაც სტუდენტობის შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, ისაა რომ სტუდენტის სტატუსს სამხედრო სამსახურის გადავადება მანამ შეუძლია, სანამ ადამიანი ოფიციალურად არის ჩარიცხული უნივერსიტეტში. ეს მდგომარეობა სტუდენტ მამაკაცებს ხელს უწყობს, რაც შეიძლება გაიხანგრძლივონ სტატუსი და ამის გამო, მიზანმიმართულად არ აბარებენ  საგნებს. არასაკმარისი კრედიტების გამო კი, სტუდენტობის წლები შესაძლოა, საკმაოდ დიდი დროით გახანგრძლივდეს.

გასულ წელს, კანონმდებლობის შეცვლის ინიციატივით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ახლა უკვე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ,,გირჩის“ ლიდერი – ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა. ის ამჟამადაც იცავს თავის ინიციატივას და მოითხოვს, რომ სამხედრო სამსახური აღარ იყოს სავალდებულო. მის ინიციატივას, როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

სტუდენტების ნაწილი მხარს უჭერს ახალ ინიციატივას, ისინი ფიქრობენ რომ ჯარში წასვლით იზღუდება მათი კონსტიტუციური უფლება. ისინი ვალდებულნი არიან თავი დაანებონ სხვა საქმიანობას და გარკვეული დრო მხოლოდ ჯარში მსახურს დაუთმონ.

,,იზღუდება, ჩვენი არჩევანის თავისუფლება, ფინანსებიც არასწორად ნაწილდება, უმჯობესია სამხედრო სამსახური იყოს საკონტრაქტო და ფინანსებიც მოხმარდეს მის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, ასე უკეთესი იქნება და უფრო მეტად შეუწყობს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ვიდრე ყოველ წელს გავიწვიოთ რამდენიმე ათასი ახალწვეული“, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ბადრი კობიაშვილი.

არსებობს სხვა მიზეზი რის გამოც სავალდებულო ჯარის გაუქმებას მომხრეები ჰყავს.  ჯარში მსახურის სანაცვლოდ ბევრი ახალგაზრდა დაცვის ფუნქციას ასრულებს. ნეპოტოზმის წყალობით, ბევრი მათგანი სხვადასხვა დაწესებულების დაცვის სამახურში დგანან. მათი რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით, ჯარში გაწვეულთა ნახევარზე მეტი იყო. ამ დროის მანძილზე, ისინი ვერ ახერხებენ სწავლას ან სხვა ადგილას მუშაობას.

გიორგი ბეროშვილმა სამხედრო სამსახური სწორედ ამ გზით მოიხადა. იმის გამო, რომ ბაკალავრიატი დაამთავრა და მაგისტრატურაზე იმავე წელს ვერ ჩაირიცხა, სამხედრო ვალდებულებას თავი ვეღარ აარიდა.

„ერთ-ერთ უწყებაში ვმუშაობდი დავცის თანამშრომლად, ამ დოის მანძილზე ვერც სწავლა მოვახერხე და ვერც სხვა სამუშაოს დაწყება. მორიგეობა სამ დღეში ერთხელ მიწევდა“.

რა თქმა უნდა, სამხედრო სამსახურის გაუქმებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ისინი, ვისთვისაც ჯარში მსახური პატრიოტიზმთანაა გაიგივებული და ქვეყნის წინაშე ვალის მოხდად აღიქმება. ასეთია ექსპერტი სამხედრო საკითხებში, – გიორგი თავდგირიძე, იგი ეწინააღმდეგება საკონტრაქტო სამსახურს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებით პრობლემები რეზერვის დაგროვებასთან დაკავშირებით შეიქმნება:

,,ის პირი, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის, 45 წლამდე ასაკამდე რეზერვში ირიცხება. ასე ხდება საჭირო რაოდენობის რეზერვის დაგროვება. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურს სრულად გავაუქმებთ, საჭირო რაოდენობის რეზერვის დაგროვება შეუძლებელი გახდება. დღის წესრიგში დგება რეზერვის მომზადების თემა და კვლავ დილემის წინაშე ვდგებით“, – აღნიშნავს იგი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, – თინა ხიდაშელი სავალდებულო ჯარის გაუქმებას უჭერს მხარს, მისი თქმით საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული 2016 წლის ბოლომდე ჯარი საკონტრაქრტო გახადოს.

მიუხედავად საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, ჯერჯერობით, საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი გახდება თუ არა სამხედრო სამსახური საკონტრაქტო. ფაქტია, ცვლილებები სტუდენტების ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება.

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები