მე და ჩემი მეგობარი ქალაქში, ფოტოების გადასაღებად გავედით… ერთსაათიანი ბოდიალის შემდეგ, ყოფილ იპოდრომთან მოვხვდით, სადაც სრულიად მოულოდნელად, შევესწარით ძალიან საინტერესო სანახაობას, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცოდით, რომ აქ, ახალგაზრდების ჯგუფი, რეგულარულად იკრიბებოდა და ორთაბრძოლას მართავდა.
მოკლედ ვიტყვი ამ ჯგუფის შესახებ:
ისინი არიან Georgian LARP Community (ღია ჯგუფი Facebook-ზე), სადაც 1200-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. აღნიშნული გვერდის საშუალებით შევიტყე, რომ „LARP ( Live Action Role Playing)”ეს არის კოსტუმირებულ ადამიანთა ჯგუფის მიერ შუასაუკუნეების პერიოდის ომობანას „თამაში“. ისინი იცვამენ თავიანთი ფანტაზიით შექმნილი პერსონაჟების აბჯარს, ისხამენ იარაღს და იმავე ენთუზიაზმით აღსავსე ხალხთან ერთად, წარმოსახვითი ფენტეზის სამყაროში ატარებენ დროს.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
თამაშს აქვს თავისი წესები, რომელსაც ყველა მოთამაშე იცავს. წესების დარღვევის შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა სანქციები, „დანაშაულის“ სიმძიმიდან გამომდინარე და ა.შ.
აღნიშნული თამაშის მონაწილეები განასახიერებდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს ფილმებიდან თუ სხვადასხვა ონლაინ თამაშებიდან. ეს არის ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახაობა, შოუ მაყურებლისთვის – ასევე ლამაზი და საინტერესო კოსტუმებით. სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ ვინატრე, მეც ვყოფილიყავი ერთ-ერთი მონაწილე.
ერთადერთი, რაც ფონს აფუჭებდა, იყო სრულიად უსახური და მახინჯი კორპუსები გარშემო… ეს გავდა შემოლაწუნებას, რომელიც წარმოსახვითი სამყაროდან რეალურ სამყაროში გაბრუნებს…
მთიანობაში, ეს იყო ძალიან გიჟური და საინტერესო დღე ჩემთვის, რომელმაც რამდენიმე ლამაზი კადრი მაჩუქა და მომცა დიდი პოზიტივი და ენერგია.
P.S. ჩემი რჩევა იქნება, ერთხელ მაინც ნახოთ ეს სანახაობა.
ავტორი: ნიკა ლემონჯავა