ევროპაში მიღებული განათლების “საფასური”

გაცვლითი პროგრამები

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი

საზღვარგარეთ სწავლას ბევრი ქართველი სტუდენტი მიზნად ისახავს და ხშირ შემთხვევაში, აღწევს კიდეც ამ მიზანს. განსაკუთრებული პოპულარობით, მაინც ევროპაში მიღებული განათლება გამოირჩევა. ევროპულ სასწავლებლებში მოსახვედრად სხვადასხვა გზა არსებობს; ზოგი ცდილობს, სტიპენდია საქართველოშივე მოიპოვოს, აქედანვე შეიტანოს ევროპულ უნივერსიტეტები საბუთები და სწავლის სრული დაფინანსებით წავიდეს, ზოგი ჯერ საცხოვრებლად ან სამუშაოდ ჩადის და შემდეგ აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტებში.

Studinfo.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა, რომ გაერკვია – რამდენად რთულია ქართველი სტუდენტისთვის ევროპაში სწავლა, როცა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა თავად უწევთ? რა შანსს აძლევს ევროპული განათლება ადამიანს და რას ფიქრობენ სამომავლოდ? როგორ გამოიყენებენ საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას?

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

margianiგიორგი მარგიანი ოსლოს უნივერისტეტის (ნორვეგია) მაგისტრატურის სტუდენტია და საერთშორისო სამართლის პირველ კურსზე სწავლობს. მან უნივერსიტეტში ჩასარიცხად სპეციალურ ვებგვერდზე შეავსო აპლიკაცია, სადაც ასატვირთი იყო ბაკალავრის დიპლომი თანდართული ნიშნების ფურცლით,  ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS), რეკომენდაციები  სამუშაო ადგილიდან და უნივერსიტეტიდან.

გიორგი ხუთი თვეა რაც ნორვეგიაშია და როგორც ამბობს, პროფესიის დაუფლების შემდეგ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება: 

„სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტმა მაქსიმალურად უნდა იუშაოს  საკუთარ თავზე. ამისთვის უნივერსიტეტში საუკეთესო პირობების შექმნილი (ბიბლიოთეკა, ელექტრონული რესურსები და ა.შ).  სტუდენტები სარგებლობენ შეღავათებით ტრანსპორტში, მუზეუმებში, თეატრებში და ა.შ. შესაძლებელია, ნორვეგიის მთავრობის სტიპენდიის მოპოვება  (Quata Programme). სწავლა ფასიანი არ არის, სტუდენტმა უნდა გადაიხადოს, სულ რაღაც, 60-ევრომდე სემესტრულად. უნდა დააფინანსოს საცხოვრებელი, საკვები, წიგნები. გარდა აკადემიური ცოდნისა,  ნორვეგიაში სწავლისას პრაქტიკულ მაგალითებზე ვხედავ თუ როგორია წარმატებული საზოგადოება და სახელმწიფო. ქართველ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ  უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გააღრმავონ დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე მუშაობით“, – ამბობს გიორგი მარგიანი.

თამთა გვარამაძე 4 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ის უნივერსიტეტ Paris Ouest Nanterre la Défense-ში იურიდიული ფაკლუტეტის მესამე კურსზეა. თამთა იხსენებს, როგორ ცხოვრობდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლამდე და აფასებს, როგორ ცხოვრობს ახლა.

tamta„საქართველოში 2011 წელს დავამთავრე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (რომანული ფილოლოგია). მოგეხსენებათ, უცხო ენას კარგად ვერ ისწავლი საკუთარ ქვეყანაში და აგრეთვე, მინდოდა მქონოდა ევროპული განათლებაც, ამიტომ წამოვედი საქართველოდან, თუმცა, აუცილებლად დავბრუნდები კარგი განათლებით უკან.

საქართველოში უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე შევიტანე საბუთები საელჩოში. არც ვიცოდი, თუ გამომივიდოდა. თან, საფრანგეთში წამოსვლაც მეძნელებოდა, ოჯახისგან შორს, მაგრამ წარმატებით გავიარე გასაუბრება და ვიზაც მივიღე. სტუდენტური ვიზით აქ ჩამოსულს, ალბათ, იშვიათად აქვს თავისი  სპეციალობით სამსახური. მეც, როგორც დანარჩენი სტუდენტები, რომლებსაც სტიპენდის და ოჯახის დახმარების გარეშე უწევთ უცხოეთში ცხოვრება, საკუთარი ხარჯებით ვფარავ ცხოვრებას. სკოლის შემდეგ, ყოველდღე ვეხმარები მოსწავლეებს დავალებების მომზადებაში. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან საფრანგეთში ძვირია ცხოვრება და მეცადინეობის დროსაც ამცირებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ბაკალავრის მოპოვების შემდეგ საბუთები შევიტანე ქალაქ ნანტის უნივერსიტეტში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვსაწავლობდი ფრანგულ ენას, კულტურას, ისტორიასა და ლიტერატურას. მომდევნო წელს გადმოვედი პარიზში და ჩავაბარე იურიუდიულ ფაკულტეტზე. სწავლა უფასოა საჯარო უნივერსიტეტებში. მხოლოდ წლიური ხარჯი შეადგენს 410 ევროს ბაკალავრის ხარისხზე, რაც დაზღვევისა და სხვა საუნივერსიტეტო ხარჯებს ითვალისწინებს.

სწავლა რთულია არაა, თუ ენას კარგად ფლობ. პირველ კურსზე უფრო რთული იყო, რადგან ტერმინოლოგია კარგად არ მესმოდა. არ ვიცოდი აქაური წერის სტრუქტურა, მაგრამ უფრო ის გვიშლის ხელს, რომ ქართველ სტუდენტებს სტიპენდია არ გვაქვს. არც საელჩოს და სათვისტომოს დახმარება არსებობს ჩვენთვის. რადგანაც აქ ვართ, ფიქრობენ, რომ შევძლებთ საკუთარი ცხოვრების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, შევძლებთ, მაგრამ მხოლოდ სწავლას რომ ვუთმობდეთ დროს, გაცილებით ადვილი იქნებოდა და სტაჟირებასაც თამამად გავივლიდი.

tamtaaერთხელ, გავაგზავნე აქედან საბუთები საელჩოს პროგრამაში მონაწილეობისთვის, მაგრამ უარი მომივიდა. მიზეზი არავის აუხსნია. არა და, უამრავი აქტივობის სერთიფიკატი და დიპლომი დავურთე თან. ამის შემდეგ, აღარც მიცდია. რაც შეეხება საფრანგეთის სტიპენდიას, იმ შემთხვევაში მომცემდნენ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიქნებოდით და ჩემი მშობლები 2 წლის განმავლობაში გადაიხდიდნენ საშემოსავლოს.

აქ სტუდენტს უწევს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება თვეში 70 ევრო, ბინის ქირის გადახდა, რაც ძალიან ძვირია – 400-ევროზე ზემოთ. მაგრამ სახელმწიფომ შეიძლება გაუწიოს დახმარება 20%-დან 50%-მდე, თუ შემოსავალი მაღალი არ არის. თუმცა, პროცედურა შენელებულია და შეიძლება ეს დახმარება 1 წლის შემდეგ აისახოს“.

თამთა მიიჩნევს, რომ სირთულეების მიუხედავად, ძალიან ბევრი მისცა საფრანგეთში ცხოვრებამ და სწავლებამ:

„საფრანგეთმა მომცა საშუალება, კარგად მესწავლა ფრანგული ენა, კულტურა მემოგზაურა ამ ქვეყანაში და ევროპაში და ყველაზე მთავარი კარგი განათლების საშუალება მომცა, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში.

ქართველ სტუდენტებს ვურჩევდი, მაქსიმალურად კარგად ისწავლონ, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება განათლებული და პატრიოტი ადამიანები. ვურჩევდი, რომ ცოტა ხნით, თუნდაც ერთი სემესტრი მაინც ისწავლონ უცხოეთში, სიახლისა და პრაქტიკისთვის და ვეტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია! მე დავიაბდე 1990 წელს და ბავშვობაში საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, არათუ, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას, – საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარებასაც კი. დღეს, უფრო მეტი საშუალება არსებობს და აუცილებლად გამოიყენონ ეს შანსი! მთავარი – მიზანსწარაფვა და იმ საქმის სიყვარულია, რასაც აკეთებ. სიძნელეების გადალახვის ნუ შეეშინდებათ“, – ამბობს თამთა.

ქართულ სათვისტომოსთან არსებული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ჩითინაშვილი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტები დგანან:

„აქ 2700-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს. თვითონ გავლილი მაქვს ეს გზა და ვიცი, რამდენად რთულია ქართველმა სტუდენტმა შეძლოს, მხარი აუბას გერმანელ თანაკურსელებს. ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ქართველ სტუდენტებს სწავლის და საკუთარი თავის დაფინანსების გვერდით, არც თუ იშვიათად საქართველოში ოჯახების დახმარებაც უწევთ. მაგალითად, გერმანელ, ან ევროკავშირის სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტს, შეუძლია დაბალპროცენტიანი სესხი აიღოს სახელმწიფოსგან და მხოლოდ იმის შემდეგ დააბრუნოს, როცა დაამთავრებს და პროფესიით დასაქმდება, ისიც ნაწილ-ნაწილ და ანაზღაურების შესაბამისად. არსებობს უამრავი სტიპენდია და სხვა და სხვა დახმარება მათთვის. ქართველებს ამ დახმარებებზე საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი. სტიპენდიებიც გაცილებით ნაკლებია ქართველი სტუდენტებისათვის და უკვე ძალიან მაღალ შეფასებებს მოითხოვს, რასაც უმეტესობა სწორედ იმიტომ ვერ იღებს, რომ დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა.

რთული სიტუაციაა, ე.წ. Au-Pair ებთანაც, თუმცა მოკლედ რომ აგიხსნათ, ესენი არიან 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ხვდებიან უცხო გარემოში, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად მომზადებულები ამისთვის და პრობლემების გაჩენის დროს, – სრულიად დაუცველები. სათვისტომოში წლების წინ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ცდილობდა და ცდილობს, გააცნოს მათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს ამ გოგონებს და ბიჭებს ოჯახთან პრობლემების, ასევე, ვიზის და სხვა საკითხების მოგვარებაში. თუმცა, აქაც შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობები და დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საჭირო ყურადღება მიექცეს სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხს.

მთლიანობაში, მაინც უნდა ითქვას, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც სამუშაო, სასწავლო თუ სხვა ნებისმიერ კარგ გამოცდილებას მიიღებს გერმანიაში და აქედან ან საქართველოში დაბრუნებული შეეცდება საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში,  საქართველოსთვის დიდი შენაძენია“, – აღნიშნავს თინათინ ჩითინაშვილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები