ავტორი: ცისანა შერგილაშვილი
Studinfo.ge გთავაზობთ მორიგ ინტერვიუს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ სტუდენტთან, რომელიც გვიყვება – რას სწავლობს, როგორ ეგუება გარემოს და რა სირთულეებს აწყდება თვითდამკვიდრების პროცესში?!
ლიკა გიგინეიშვილი გერმანიაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ტექნიკური რედაქციისა და მულტიმედიალური დოკუმენტაციის ხელოვნებას გისენის უნივერსიტეტში ეუფლება. გისენი ჰესენშია, პატარა ქალაქში.
პროგრამა, რომელზეც ლიკა სწავლობს, ნაკლებად გულისმობს აკადემიურ-მეცნიერულ მუშაობას. უნივერსიტეტი ყურადღებას პროფესიის პრაქტიკულ შესწავლაზე ამახვილებს, რის გამოც სასწავლო პროცესი უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია, სტუდენტების სპეციალიზება ტეკნიკურ კომუნიკაციასა და ჟურნალისტური ტექსტების პროდუქციაში, მულტიმედიალურ – ინფორმაციული და რედაქციული სისტემების დაგეგმვასა და შექნაში.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„უფრო მარტივად რომ ვთქვა, ძალიან დიდი დროის გატარება კომპიუტერთან, ვიდეო, ფოტო და აუდიო ტექნიკასთან მიწევს. ვსწავლობ, რა შემთვევაშია უკეთესი თითოეული მათგანის ცალ-ცალკე, ან ერთად გამოყენება. რა როლი აქვს ტექნიკას კომუნიკაციში, თავისი პლუსებით და მინუსებით. ვსწავლობ ტექსტების, ფოტო, ვიდეო, აუდიომასალის კომპიუტერულ დამუშავებას და ცოტა ინფორმატიკას“, – ამბობს ლიკა გიგინეიშვილი.
რა გზის გავლა მოგიხდა, სანამ გერმანიაში სტუდენტი გახდებოდი?
გერმანიაში, ფრანკფურტში 2012 წელს Au-Pair-ის პროგრამით ჩამოვედი. ორ-ნახევარი წელიწადი ვცხოვრობდი გერმანულ ოჯახში და ვცდილობდი ენის ცოდნა გამეღრმავებინა. მას შემდეგ, რაც ენის დიპლომი ავიღე, ჩავირიცხე გოეთეს უნივერსიტეტში, ფრანკფურტში, სპეციალობაზე – ხელოვნების ისტორია. საბედნიეროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი გერმანიში აღიარებულია. თან მაშინ, ძალიან მომხიბლავად მეჩვენებოდა შეხედულება – მესწავლა ხელოვნება ევროპაში, სადაც საერთოდ არ არის რთული, უამრავი სხვადასხვა დროის ხელოვანის ნამუშევრების ორიგინალში ნახვა (ფრანკფურტში დაახლოებით 60 მუზეუმი და გალერეაა ერთად).
ამ პერიოდში ასევე გადავედი მარტო საცხოვრებლად და მოვძებნე სამსახური.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენის საუნივერსიტეტო კურსი საკმაოდ კარგი ნიშნით დავასრულე, რთული აღმოჩნდა სწავლა. თითქმის ყოველ სემესტრში მიწევს ახალი ტერმინოლოგიის ათვისება, რაც ბევრ დროს მოითხოვს. თუ ჩემი გერმანულენოვანი კურსელები 50 გვერდის მომზადებას 4 საათში ახერხებენ, მე ამისთვის ორმაგი დრო მჭირდება. ამის გამო ხშირად იმედგაცრუება მეუფლებოდა ხოლმე, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ შევცვალე დამოკიდებულება საკითხისადმი. ახლა ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო და არ მქონდეს მოლოდინი, რომ ერთ სემესტრში 6 საგნის ჩაბარებას შევძლებ. ამიტომ აქედანვე ვიცი, რომ 4 სემესტრის ნაცვლად პროგრამას, ალბათ, 5-6 სემესტრში დავამთავრებ.
სამი სემესტრი ვისწავლე ხელოვნების ისტორია. ბევრი ვიარე მუზეუმებში, გამოფენებზე, გამიჩნდა ახალი ჰობი – არქიტექტურა და დიზაინი. მერე, მივხვდი, რომ ჩემი კომპეტენცია, დაგროვებული გამოცდილება და ინტერესები ისტორიულ-სამეცნიერო საქმიანობის საშუალებას ნაკლებად მაძლევდა; მივხვდი, რომ პრაქტიკული პროფესიები უფრო მაინტერესებდა. ამიტომ, მოვძებნე შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა. უამრავი ბიუროკრატიული პროცედურის შემდეგ, ჩავირიცხე ტექნიკურ სკოლაში, იქ, სადაც ახლა ვსწავლობ.
მოგვიყევი, როგორ და რა მიზნით წახვედი საქართველოდან?
საქართველოდან იმ პერიოდში წამოვედი, როდესაც უნივერსიტეტი (თსუ, ჟურნალისტიკა) უკვე დამთავრებული მქონდა და რეპორტიორად ონლაინ-გამოცემაში netgazeti.ge-ზე ვმუშაობდი. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო. ჩემი სამსახური მომწონდა, ჩემი კოლეგები კიდევ უფრო მეტად. მიზეზი წასვლისა, ალბათ, უფრო გაუცნობიერებელი იყო. ვერ ვისვენებდი, რაღაცის გაკეთება მინდოდა, ზუსტად რისი, თავადაც არ ვიცოდი. მუდმივი სოციალურ-პოლიტიკურ ამბებში ჩართულობა, თითქოს, იმედგაცრუება აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ახალბედა ჟურნალისტისთვის, რომელსაც პოლიტიკაზე, მთავრობაზე, ადამიანებზე თუ ყოველდღიურობზე უფრო პერფექციონისტული წარმოდგენა ჰქონდა.
ავდექი და წამოვედი. ძალიან სპონტანურად. იმის გამო, რომ ჩემი ბაკალავრის დიპლომის საშუალო ქულიდან გამომდინარე, სტიპენდიების მოძიება არც მიცდია. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და გერმანული ჩემი პირველი უცხო ენა იყო, ამიტომ არჩევანი, მარტივად, გერმანიაზე გავაკეთე. ოჯახიც მალევე გამოჩნდა.
რა სირთულეების გადალახვა მოგიხდა საქართველოდან წასულს? ხომ არ შეგექმნა ვიზის პრობლემა? სამუშაო პირობები როგორი იყო? ახლობლებთან განშორებამ როგორ იმოქმედა?
რა თქმა უნდა, სირთულეები იყო და არის: კულტურული, ფსიქოლოგიური, ბიუროკრატიული. კულტურულ სირთულეებთან გამკლავება და სოციალურ გარემოში ინტეგრაცია არ გამჭირვებია. შევეჩვიე აქაურ წეს-ჩვეულებებს, გარემოს. მეტიც, უფრო და უფრო მომწონს. თუკი, თავიდან, ძალიან ფამილარულად მეჩვენებოდა, მეთქვა – „გამარჯობა“ ერთსადაიმავე ადამიანისთვის იმდენჯერ, რამდენჯერაც მას დღეში შევხვდებოდი, ახლა, ამას თავისთავად და სიამოვნებით ვაკეთებ.
ვიზასთან დაკავშირებით პრობელემები არ შემქმნია. სანამ ოჯახში ვცხოვრობდი, ისინი მიგრძელებდნენ ვიზას. იმის შემდეგ რაც სტუდენტი გავხდი, ამის გაკეთება თავად მიწევს. ბიუროკრატიური პროცედურების გარდა, ძალიან მნიშვენელოვანია საბანკო ანგარიშზე 5000-დან 8000-ევრომდე თანხის დაფიქსირება. ვიზას ყოველ წელს ვიგრძელებ, ამიტომ ყოველ წელს მიწევს მოვუყარო თავი ამ თანხას. ამისათვის სემესტრულ არდადეგებზე ბევრს ვმუშაობ, ძირითადად, მომსახურეობის სფეროში, – მიმტანად რესტორანში ან ბარში. თანხას, ამ დროს, ვზოგავ. ამავდროულად, მეგობრები ერთამნეთს ვეხმარებით.
სამუშაო პირობები სტუდენტებისთვის ძალიან ფლექსიბელურია. დამსაქმებელმა იცის, რომ სტუდენტებს სამსახური სწავლის დასაფინანსებლად სჭირდებათ. შესაბამისად, ისიც ნათელია, რომ უნივერსიტეტი სამსახურზე წინ დგას. ამიტომ, ძალიან უწყობენ ხელს სამუშაო საათების გადანაწილებაში. სტუდენტები საათში არაკვალიფიკაციურ სამსახურში, დაახლოებით, 7 – 10 ევროს გამოიმუშავებენ. თუ მიმტანად მუშაობ, ამას ემატება „ჩაი“. ასე რომ, საშუალება იმისა, რომ არდადეგებზე იმუშაო და თანხა დაზოგო, – არის. თუმცა, ხშირად, არ მაქვს თავისუფალი დრო. ვარ გადაღლილი და დასტრესილი.
ახლობლებთან განშორება თანდათან უფრო რთული ხდება. თავიდან ისე ვიყავი მოხიბლული აქაურობით, რომ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. ახლა და ახლა, უფრო მენატრება სახლში, ოჯახთან ყოფნა ან მეგობრებთან გაუთავებელი ჭორაობა ფინჯან ყავაზე. თბილისის ქუჩებიც მენატრება. ამიტომ ამ წელს გადავწყვიტე (პირველად ოთხი წლის მანძილზე), რომ ზამთრის სემესტრული არდადეგები მთლიანად საქართველოში გავატარო.
როგორია სწავლა გერმანიაში, საქართველოს რომ შეადარო, არის თუ არა სტიპენდიის მოპოვების შანსი, ან რა შეღავათებია სტუდენტებისთვის?
სწავლა საქართველოში 2011 წელს დავამთავრე. მას შემდეგ, როგორ განვითარდა საუნივერსიტეტო სწავლება საქართველოში, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ბოლონიის უმაღლესი საგანმანათლებო სისტემა საქართველოშიცა და ევროპაშიც, მსგავსია, პატარ-პატარა განსხვავებებით. ბაკალავრის პროგრამა აქ, ძირითადად, 180 კრედიტის დაგროვებას, ანუ, სამწლიან სწავლას გულისხმობს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ოთხწლიანი სისტემაა. სემესტრული კონსულტაციები ტუტორებთან, საგნების არჩევა, კრედიტების დაგროვება, – ცოტა ქაოტურია, იმის გამო, რომ ძალიან ბევრი სტუდენტია. თუმცა, უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულელები ცდილობენ, ორგანიზებულად და სტუდენტებისთვის უმტკივნეულად ჩაატარონ ეს პროცესები. სტუდენტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე უნივერსიტეტშივე, – იქნება ეს დაფინანსება, საერთო საცხოვრებელი, გართობა თუ ფსიქოლოგიური პრობლემები. არსებობს სტუდენტური ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციას უწევენ და ეხმარებიან სტუდენტებს; ასევე, კათოლიკური ეკლესიაც ეხმარება მათ; უცხოელი სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს ინტერნაციონალური ოფისიც.
რადგან ჩემს განათლებას ჩემითვე ვაფინანსებ, ვფლობ ძალიან ცოტა ინფორმაციას სტიპენდიების შესახებ. გამიგია, რომ არსებობს ძალიან ბევრი პროგრამა, თუმცა, როგორც სხვებისგან ვიცი, შესაბამისი პროგრამის მოძებნა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს.
სტუდენტებს ძალიან ბევრი შეღავათები აქვთ სტუდენტური ბარათით: მგზავრობისას, სამედიცინო მომსახურებისას, კულტურულ ღონისძიებებზე, ტექნიკის შეძენისას.
ერთ-ერთი დიდი და მთავარი პრობლემა საცხოვრებლის საკითხია. სტუდენტური საცხოვრებლები საკმარისი არ არის. ოთახის მიღება ერთი, ხან ორი სემესტრიც კი გრძელდება. კერძო საერთო საცხოვრებლები, ხშირად, ძვირია. საშუალო ქირა 300 ევროს ფარგლებშია. დიდ ქალაქებში უფრო ძვირია ოთახი, ვიდრე პატარა ქალაქებში.
იმ გერმანელ სტუდენტებს, რომელთაც ოჯახი ვერ ეხმარება, სახელმწიფო უწყობს ხელს. მათ შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ყოველთვიურად გარკვეული თანხა ქირის, კვებისა და დაზღვევისთვის. რა თქმა უნდა, უცხოელი სტუდენტები ამ შეღავათით ვერ სარგებლობენ. ამიტომ გერმანელ სტუდენტებთან შედარებით, უცხოელ სტუდენტებს მეტი მუშაობა უწევთ.
რისი დაფინანსება უწევს სტუდენტს?
როგორც გერმანელები ამბობენ, სწავლა უფასო არ არის გერმანიში, ის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა არ უწევს, თუმცა არსებობს სემესტრული გადასახი, რომელიც ვარირებს 260 – 360 ევროს ფარგლებში. ნახევარზე მეტი ამ გადასახადიდან, მიდის სამგზავრო ბილეთში, დანარჩენი – პატარ-პატარა შენატანებია ისეთი სტუდენტური ორგანიზაციებისთვის, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე.
სტუდენტური ყოველთვიური აუცილებელი ხარჯებია: ბინის ქირა, დაზღვევა და კვება. სტუდენტებს შეღავათიანი სადაზღვევო პაკეტი აქვთ, რომელშიც 83 ევროს იხდიან. ამ შეღავათით სარგებლობა მათ მხოლოდ 30 წლამდე შეუძლიათ.
საუნივერსისტეტო სასადილოებში კვება ხელმისაწვდომია. მაგალითად, სადილის ფასი 2 – 5 ევროს ფარგლებშია. თუმცა, ასეთ სასადილოებში საჭმელი იქვე არ მზადდება, არამედ ნახევრად გამზადებულის გაცხელება ხდება. ამიტომ, სადილი ხშირად გემრიელი არაა. სტუდენტების ნაწილი უკმაყოფილოა კვებით.
ქართველ სტუდენტებს ეხმარება თუ არა სახელმწიფო, ან დიასპორული ორგანიზაციები გერმანიაში?
მე, ერთადერთხელ, მივმართე საქართველოს საელჩოს გერმანიაში, როდესაც რაღაც დოკუმენტის გადათარგმნა/დამოწმება მინდოდა. მითხრეს, რომ თავად ისინი, ასეთი სახის მომსახურებას არ ეწევიან, თუმცა, მომცეს საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც ჩემი დახმარება შეძლეს. ჩემთვის არ არის ცნობილი, უწევს თუ არა რაიმე სახის დახმარებას სახელმწიფო უცხოეთში მყოფ სტუდენტებს.
ფიქრობ, თუ არა, მომავალში საქართველოში დაბრუნებას?
ნომერ პირველი გეგმა სწავლის დასრულებაა. ასევე, პარალელეურად, მინდა გავიარო პრაქტიკა. დაბრუნება გამორიცხული არაა, როგორც ავეწყობი. ძალიან მინდა, შევინარჩუნო დაგროვებული კონტაქტები საქართველოში და შევიძინო ახლები. თავში უამრავი რამ მიტრიალებს. ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო მანდ – აქ. როგორ შემიძლია მივაბა ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს. თბილისში რაღაცები ხდება, ვხედავ, რომ ჩემი მეგობრები საქმეს აკეთებენ. ეს მიხარია და მოტივაციას მიჩენს.
რა მოგცა გერმანიამ და რას ურჩევდით ქართველ სტუდენტებს?
არის მთელი რიგი რაღაცებისა, რაც აქ შევიძინე. გავხდი უფრო დამოუკიდებელი ვიდრე ვიყავი, ვსწავლობ პრობლემებთან განმკლავებას, ვსწავლობ დაგეგემვასა და განხორციელებას. მივხვდი, როგორი მყუდრო და კარგია ჩემი პატარა ოთახი. მივხვდი, რომ მარტო ცხოვრება ძალიან მეხმარება კონცენტრირებაში და ჩემი საქმის კეთებაში (რა თქმა უნდა გამზადებული საჭმელი მაცივარში მენატრება). გავიცანი უამრავი ადამიანი. გადავაფასე ბევრი განწყობა თუ დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი. მივხვდი, რა კარგია, დიდი ქალაქების დიდ სკვერებში ბალახზე კოტრიალი. მივხვდი, რომ ადამიანებს ძალიან ბევრი და სხვადასხვა რამის გაკეთება შეუძლიათ.
ქართველ სტუდენტებს ვურჩევდი:
აუცილებლად შეეცადონ, გადავიდნენ მარტო ან მეგობრებთან ერთად საცხოვრებლად. დააგროვონ ბევრი კონტაქტი; შეეცადონ, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები. რაც უფრო მალე მით უკეთესი; საზღვარგარეთ საასწავლებლად წასვლა აუცილებელი არაა, ალბათ, მაგრამ რამდენიმე გასეირნებით საზღვრებს გარეთ ბევრი დადებითი გამოცდილების დაგროვებას შეძლებენ.