რა დროს უთმობენ ქართველი სტუდენტები Facebook-ს

სტუდენტური ცხოვრება

დედამიწაზე 21-ე საუკუნე იქცა სოციალური ქსელის პერიოდად, მათ შორის კი ყველაზე აქტუალური Facebook-ია, ქსელი, რომელიც საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის ყოველდღიურობად იქცა. ასეთი ფენომენის არსებობას საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა, ერთნი ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელი აუცილებელი ატრიბუტია 21-ე საუკუნის მოაზროვნე ადამიანისთვის, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ მისი არსებობა ასუსტებს აზროვნების უნარს. ჩვენ გადავწვიტეთ გამოგვეკითხა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და გაგვეგო მათი აზრი და დამოკიდებულება Facebook-თან დაკავშირებით.

თავისუფალი უნივერსიტეტი – დეა ივანიაძე

dea

-რა დროს უთმობთ Facebook-ს დღის განმავლობაში?

-თავისუფალი დრო თუ მაქვს დაახლოებით 2-3 საათს.

-თვლით თუ არა თავს Facebook-ზე დამოკიდებულად?

-არა, ნამდვილად არ ვთვლი.

-გიფიქრიათ თუ არა Facebook-ის გაუქმებაზე?

-დიახ, მქონდა გაუქმებული.

-რა მნიშვნელობა აქვს Facebook-ს თქვენთვის, როგორც 21-ე საუკუნის ადამიანისთვის?

-მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელობა წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადამიანი მასზე ზედმეტად დამოკიდებული ხდება, რაც ვფიქრობ არასწორია.

-თქვენი აზრით რამდენად მნიშცვნელოვანია ვირტუალური ურთიერთობები და რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს მის არსებობას?

-მნიშვნელოვანია, რადგან თითქმის უპრობლემოდ შემილძლია უცხოეთში ნაცნობებთან დაკავშირება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – ნინი თვარაძე

tvaradze

-რა დროს უთმობთ Facebook-ს დღის განმავლობაში?

– Facebook-ს ძალიან დიდ დროს ვუთმობ.

-თვლით თუ არა თავს Facebook-ზე დამოკიდებულად?

-თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ Facebook-ზე დამოკიდებული ვარ. ვერ ვიხსენებ დღის ისეთ მონაკვეთს, რომელიც მას არ უკავშირდება. დილას თვალის გახელის შემდეგ პირველი რასაც ვაკეთებ მისი შემოწმებაა, საუზმის დროსაც გვერდზე მიდევს ტელეფონი და Facebook-ში ვარ, ჩემთვის მისთვის დრო ყოველთვის მოიძებნება.

-გიფიქრიათ თუ არა Facebook-ის გაუქმებაზე?

-ბევრჯერ მიფიქრია გაუქმებაზე და რამდენჯერმე გავაუქმე კიდეც სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ სამ დღეზე მეტხანს არასდროს. მე არ მაქვს იმის ნებისყოფა, რომ Facebook-ის გარეშე დიდხანს გავძლო.

-რა მნიშვნელობა აქვს Facebook-ს თქვენთვის, როგორც 21-ე საუკუნის ადამიანისთვის?

-პირველ რიგში კომინიკაციისთვის არის საჭირო, ასევე გლობალური ინფორმაციის მიღების უმნიშვნელოვანესი წყაროა და თითქმის ყველა სიახლეს ხშირ შემთხვევაში Facebook-დან ვგებულობ, ახლობლებთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ სასიამოვნო სიახლეებზეც ხშირად მისი დახმარებით ვიღებ ინფორმაციას და სხვა მრავალი მიზეზია იმისთვის, რომ Facebook ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს.

-თქვენი აზრით რამდენად მნიშცვნელოვანია ვირტუალური ურთიერთობები და რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს მის არსებობას?

-ვირტუალურ ურთიერთობას რაც შეეხება ვფიქრობ, რომ საშინელებაა. მუხედავად იმისა, რომ ასე აქტიურად ვარ „Facebook-ელი“, ვთვლი რომ ძალიან ნეგატიურია ეს ყველაფერი და ამ სახის ურთიერთობებს ხშირად უარყოფით შედეგებამდე მივყავართ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვკარგავთ ადამიანებთან რეალური ურთიერთობის უნარს და ქუჩაში რომ შეგვხვდეს შესაძლოა გადაგვარებული ურთიერთობის გამო დავიბნეთ და სმაილების მიწერა მოგვინდეს ან რაღაც მსგავსი, ეს ხუმრობით რათქმანდა. ის ყველაზე მიუღებელია ჩემთვის ვირტუალურად რომ იცნობენ ერთმანეთს და შეხვედრის დათქმისას რომ ათანხმებენ ვის რაფერი კურტკა ეცმევა და ა.შ. ანუ მოკლედ რომ ვთქვა ვირტუალური ურთიერთობა ამაზრზენია ჩემთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – თათია წულაძე

tsuladze

-რა დროს უთმობთ Facebook-ს დღის განმავლობაში?

– Facebook-ს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ, დღეში მინიმუმ 3 საათს მაინც.

-თვლით თუ არა თავს Facebook-ზე დამოკიდებულად?

-ბოლო პერიოდში ნაკლებად, მაგრამ ადრე საკმაოდ დამოკიდებული ვიყავი, ნახევარ საათსაც კი მიჭირდა გაძლება იმისგან, რომ Facebook არ შემემოწმებინა.

-გიფიქრიათ თუ არა Facebook-ის გაუქმებაზე?

-არა მხოლოდ მიფიქრია მქონდა კიდეც გაუქმებული. ზოგადად როდესაც დასვენება მინდა ხოლმე ყოველთვის ვაუქმებ, ასეთ დროს ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს.

-რა მნიშვნელობა აქვს Facebook-ს თქვენთვის, როგორც 21-ე საუკუნის ადამიანისთვის?

-ძირითადად საინფორმაციო და საკონტაქტო წყაროა ჩემთვის, ვინმეს მოსაკითხად ტელეფონზე გაცილებით უფრო ხელსაყრელი Facebook-ია.

-თქვენი აზრით რამდენად მნიშცვნელოვანია ვირტუალური ურთიერთობები და რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს მის არსებობას?

-ვირტუალური ურთიერთობები დიდად მნიშვნელოვანი არ არის რადგან ის ანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებს, ადამიანურ ურთიერთობას კი ღირებულებით ვერაფერი ვერ შეედრება. ჩვენ, მეც მათ შორის, ვირტუალურ სივრცეზე ძალიან დამოკიდებულები გავხდით რაც ძალიან ცუდია, რადგან ადამიანური ურთიერთობები ძალიან გაკლდება და ყოველივე ეს დღევანდელ რეალობაში კარგ როლს არ თამაშობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ელენე კაკაბაძე
kabadze
-რა დროს უთმობთ Facebook-ს დღის განმავლობაში?

– Facebook დღის განმავლობაში სულ ჩართული მაქვს მობილური აპლიკაციის საშუალებით, თუმცა როგორც ასეთი მის გამოსაყენებლად დიდ დროს არ ვხარჯავ, დაახლოებით 2 საათს, თუმცა 21-ე საუკუნეში Facebook-მა შეძლო საქმიანი მოლაპარაკებების არეალი გამხდარიყო, ასეთ შემთხვევაში მეც დიდხანს ვიყენებ Facebook-ს.

-თვლით თუ არა თავს Facebook-ზე დამოკიდებულად?

– Facebook-ზე დამოკიდებული ნამდვილად არ ვარ მის გარეშეც მშვენიერი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კომუნიკაციის თვალსაზრისით საზოგადოებას გაუჭირდებოდა.

-გიფიქრიათ თუ არა Facebook-ის გაუქმებაზე?

-რამოდენიმეჯერ Facebook დროებით გავაუქმე კიდეც, თუმცა მის საბოლოო გაუქმებაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ.

-რა მნიშვნელობა აქვს Facebook-ს თქვენთვის, როგორც 21-ე საუკუნის ადამიანისთვის?

-როგორც უკვე ავღნიშნე Facebook 21-ე საუკუნის გადატვირთულ ცხოვრებას ამარტივებს. ჩვენ შეგვიძლია საქმიანი მოლაპარაკებები მისი მეშვეობით ვაწარმოოთ ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რათა ამ ტემპს გაუძლოს.

-თქვენი აზრით რამდენად მნიშცვნელოვანია ვირტუალური ურთიერთობები და რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს მის არსებობას?

-ჩემი აზრით ვირტუალურ ცხოვრებას არ შეუძლია ნაყოფიერი ცხოვრების აგება, რაშიც მეგობრობა ან რამე სხვა სახის ძვირფასი ურთიერთობა იგულისხმება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის აუცილებელი არაა. ვირტუალური სამყაროს მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან კონტაქტი დაამყარონ და ბევრი პრობლემა მოაგვარონ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – გვანცა ჩადუნელი

Gvanca

-რა დროს უთმობთ Facebook-ს დღის განმავლობაში?

-დაახოებით 5-6 საათს დღეში.

-თვლით თუ არა თავს Facebook-ზე დამოკიდებულად?

-თავს Facebook-ზე დამოკიდებულად ნამდვილად არ ვთვლი.

-გიფიქრიათ თუ არა Facebook-ის გაუქმებაზე?

-მიფიქრია და დროებით გამიუქმებია კიდეც.

-რა მნიშვნელობა აქვს Facebook-ს თქვენთვის, როგორც 21-ე საუკუნის ადამიანისთვის?

– Facebook მნიშვნელოვანია, თუმცა პირადად ჩემთვის მისი „ყოფნა-არყოფნის’’ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს.

-თქვენი აზრით რამდენად მნიშცვნელოვანია ვირტუალური ურთიერთობები და რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს მის არსებობას?

-ვიყენებ და მაქვს მსგავსი სახის ურთიერთობები, რათქმაუნდა გაცილებით უკეთესია პირადი ურთიერთობა, როდესაც ადამიანურ ფასეულობებს რეალურ გარემოში იღებ, თუმცა ხანდახან არის სიტუაცია, როდესაც ეს შეუძლებელია, მაგალითად თუკი შენი მეგობარი უცხოეთშია ან ქალაქ გარეთ.

ავტორი: ლევან ლომიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები