10 რჩევა გამოცდაზე ნერვიულობის დასაძლევად

სასარგებლო რჩევები

გამოცდისთვის კარგად ხართ მომზადებული. მრავალი საათი სწავლასა და გამეორებაში გაატარეთ, მაგრამ მოვიდა გამოცდის დღეც და საკუთარ გულისცემას გრძნობთ, ხვდებით, რომ ამდენი წვალებისა და მეცადინეობის მიუხედავად, თითქოს, არაფერი გახსოვთ.

გამოცდის დროს მღელვარება ბევრისთვის განსაკუთრებული პრობლემაა, რადგან ხშირად ნერვიულობის გამო კონცენტრაციას ვერ ახერხებენ და შესაბამისად გამოცდაშიც დაბალ ქულას იღებენ, ან საერთოდაც ვერ აბარებენ, მიუხედავად იმისა რომ გამოცდამდე ბევრი იშრომეს.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

არსებობს მღელვარების 4 დონე: მსუბუქი, საშუალო, მძიმე და პანიკა. მღელვარების დონიდან გამომდინარე, მას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი ეფექტი. მაგალითად, მსუბუქი მღელვარება ამოტივირებს და ზრდის კრეატულობას, რადგან, ამ დროს თქვენ ფხიზლდებით და აღქმის უნარი იზრდება. ხოლო პანიკა მთლიანად ფანტავს ყურადღებას, რაც ხელს შეგიშლით ფოკუსირებასა და ნასწავლის გახსენებაში. ინფორმაცია თქვენს გონებაშია, თუმცა სტრესი მის გამოყენებაში ხელს გიშლით.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ მღელვარების შემცირებასა და დაძლევაში.

  1. გაეცანით მასალას და დავალებას

საგამოცდო მასალას რომ მეცადინეობა სჭირდება, ეს არავისთვისაა ახალი. თუმცა, მნიშვნელოვანია, იცოდეთ კონკრეტულად გამოცდაში რამდენი და რა ტიპის დავალება იქნება  მოცემული, რა დრო გექნებათ მათ გასაკეთებლად. ამით წინასწარ განსაზღვრავთ თუ რას ელოდოთ გამოცდაზე და შესაბამისად მომზადებული იქნებით.

  1. დაამშვიდეთ საკუთარი თავი

სიჩქარის გამო შეიძლება, ტესტის შეკითხვა არასწორად გაიგოთ და მცდარი პასუხი აირჩიოთ. განსაკუთრებით მაშინ როცა კითხვები დამაბნევლადაა ფორმულირებული.
როცა გამოცდა დაიწყება, დაუყოვნებლივ პასუხების გაცემის  ნაცვლად, ჯობს, დამშვიდდეთ და გონება მოიკრიბოთ. დაელოდოთ ირგვლივ მყოფთა დალაგებას და შემდეგ დაიწყოთ მუშაობა. ეს მობილიზებაში დაგეხმარებათ.

  1. ისუნთქეთ მშვიდად

სუნთქვაზე კონცენტრირებით სცადეთ სხეულის რელაქსაცია. ამაში რამდენიმე წუთით, თქვენთვის სასიამოვნო და პოზიტიურ მოგონებაზე ფიქრიც დაგეხმარებათ.

  1. ოპტიმისტური მოლოდინი

მოახდინეთ ტესტის წერის დროს საკუთარი თავის პოზიტიური ვიზუალიზაცია. გამოცდა წარმოიდგინეთ, როგორც ნამეცადინებისა  და საკუთარი ნაშრომის გამოვლენის შესაძლებლობა, რისთვისაც კარგ შეფასებას მიიღებთ.

  1. სათანადოდ გადაანაწილეთ და გამოიყენეთ მოცემული დრო

თუ 1 საათი გაქვთ მოცემული, ეცადეთ, მისი ყოველი წამი გამიზნულად გამოიყენოთ პასუხების გასაცემად. დროზე ადრე დასრულებისათვის არავინ დაგაჯილდოვებთ.

  1. ჩაახშეთ არასასურველი ზეწოლა

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ სხვა სტუდენტები შეიძლება, ღელვის მნიშვნელოვანი წყარო გახდნენ, თუ ისინი გამუდმებით გიმეორებენ, რა უნდა დაიმახსოვროთ და რა საშინელი საკითხები შეიძლება შეგხვდეთ გამოცდაზე. ჯობს, თავიდან აიცილოთ იმ ბავშვებთან საუბარი, ვინც მოუმზადებელია და ნეგატიურ მოლოდინებს გამოხატავს. ეს თქვენც შეგმატებთ მღელვარებას.

  1. ღამით კარგად გამოიძინეთ

გამოცდის წინა ღამეს კარგად გამოძინება ყურადღების მოკრებასა და მობილიზებაში დაგეხმარებათ. მეცნიერებმა დაამტკიცეს კიდეც, რომ სტუდენტები კარგი ძილის შემდეგ, უფრო მაღალ ქულებს იღებენ.

  1. იკვებეთ სწორად

სტრესის შესამცირებლად ხილი და ბოსტნეულია რეკომენდირებული. იმ საკვებმა კი, რომელიც ბევრ კონსერვანტსა და ცხარე სანელებლებს შეიცავს, შეიძლება, დაარღვიოს თქვენი კუჭის მოქმედება და გამოცდის დროს ხელი შეგეშალოთ.

  1. წაიხემსეთ მსუბუქად

სასუსნავებით მსუბუქად  წაიხემსეთ ხოლმე, რადგან ეს გონებას მღელვარებისაგან ყურადღებას გადაატანინებს.

  1. როდესაც გონება გებინდებათ…

თუ გონება დაგებინდათ და ვერაფრით ხვდებით, რომელია სწორი პასუხი, უბრალოდ, გამოტოვეთ კითხვა და გადადით შემდეგზე. ნუ დაკარგავთ ზედმეტად ბევრ დროს იმ კითხვაზე, რომელსაც ვერ იგებთ, თორემ შემდეგ, შესაძლოა, იმათზე არ დაგრჩეთ დრო, რომელთაც ადვილად გასცემდით პასუხს. ამიტომაც სჯობს, ჯერ სწორედ ასეთი საკითხები მოილიოთ და შემდეგ მიუბრუნდეთ რთულ კითხვებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები