ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ

აქტუალური

ერაყელი სტუდენტი, ესამ მუჰსენ ალოანი ოჯახთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში 2013 წლის 14 ოქტომბრიდან ცხოვრობს. ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია.

“ყოველდღე მხოლოდ სახლიდან უნივერსიტეტში დავდივარ. ახლა მე-2 კურსზე ვსწავლობ არ ვიცი რა ვქნა, ამდენი წლის ნაწვალები წყალში მეყრება”- ამბობს, ერაყელი სტუდენტი ესამ მუჰსენ ალოანი, რომლის საქართველოში ბინადრობის ნებართვას ვადა 28 დეკემბერს გადის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ესამ მუჰსენ ალოანის სასწავლო ბინადრობის შეწყვეტის საფუძველზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 14 დეკემბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ესამ მუჰსენ ალოანის მიმართ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ესამ მუჰსენ ალოანს უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

მე-18 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად დასახელებულია შემდეგი საფუძვლები:

ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

“ჩემი შვილი და ცოლი ამ ამბის მერე ყოველდღე ტირიან. ქართულიც არ ვიცით ნორმალურად, რომ უარის თქმის მიზეზი გავიგოთ. როდესაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვაბარეთ ჩვენმა სამინისტრომ გაგვიკეთა ხელმოწერა, რომ უნდა დავასრულოთ 6 სასწავლო კურსი და მხოლოდ ამის შემდეგ გვიღიარებენ ქართულ დიპლომს. მაგრამ გამოდის, რომ 2 წლის ნასწავლი წყალში მეყრება” – ამბობს ესამ მუჰსენ ალოანი.

ესამ მუჰსენ ალოანის მეგობრები, რომლებიც ასევე ერაყელი სტუდენტები არიან და წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობენ, ვარაუდობენ, რომ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო დაახლოებით 1 თვის წინ მათი საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტთან” გაკეთებული განცხადება. ვიდეომიმართვაში ისინი ერთხმად გმობენ პარიზში მომხდარ ტერაქტს. ამასთანავე, გულისწყვეტით აღნიშნავენ, რომ მათ ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმები თითქმის ყოველდღე ხდება, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს.

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები შიშობენ, ისინიც ესამ მუჰსენ ალოანის ბედს გაიზიარებენ. სტუდენტების თქმით, შესაძლოა ნებართვის გასაგრძელებლად განცხადების შეტანის შემდეგ მათაც უარი უთხრან.

ერაყელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ, რათა მიეცეთ სწავლის გაგრძელების უფლება.

წყარო: kutaisipost.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები