„სტუდენტს საგანი რჩება, ლექტორს თავისი ცოდნა და უნივერსიტეტს შებღალული სახელი“ – ეს ფრაზა რამდენიმე დღის წინ ავტობუსში მოვისმინე. პაოლო კოელიოს კი მიაწერენ ხოლმე ასეთ ფრაზებს, მაგრამ ამის გამჟღერებელი კოელიო ნამდვილად არ იყო. ის ერთი ჩვეულებრივი უნივერსიტეტის ჩვეულებრივი სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც კოსტავას ქუჩა 77ა-ზე ჩავიდა. ამ მისამართზე კი საქართველოს უნივერსიტეტი, ბევრისთვის ცნობილი როგორც „ალასანიას უნივერსიტეტი“ მდებარეობს.
საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ ბევრი კერძო უნივერსიტეტებიდან, რომელსაც სტუდენტები ხშირად უჩივიან. სოციალურ ქსელში, პირად საუბრებში, სპეციალურად აბიტურიენტებისთვის შექმნილ ჯგუფებში ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე სტუდენტები, რომლებიც პოტენციურ სტუდენტებს „ალასანიაში“ ჩაბარებას არ ურჩევენ. მიზეზი კი ერთია – „საგნებს ძალით გვიტოვებენ, ფულს გვახდევინებენ, ფულის მახეა!“.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დათა კვარაცხელია უკვე მეოთხე წელია საქართველოს უნივერსიტეტში სწავლობს. სწავლების ხარისხითაც კმაყოფილია და უნივერსიტეტითაც:
„საქართველოს უნივერსიტეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგნამანათლებლო კერას, სადაც რეალურად იღებ განათლებას. აქ ლექტორები სტუდენტებისგან ითხოვენ მაქსიმალურ აკადემიურ ჩართულობას. სტუდენტები, რომლებიც არ ესწრებიან ლექციებს, აცდენენ ქვიზებს და არ ასრულებენ დავალებებს, შესაბამისად ჩამორჩებიან პროგრამას, ამის შედეგად კი რჩებათ საგნები. ის გავრცელებული აზრი, რომ აქ ვინმე ლექტორი ძალით გიტოვებს საგანს, მცდარია, რადგან ლექტორები მხოლოდ ცოდნას გასცემენ და ამგვარ უკუკავშირს ითხოვენ სტუდენტებისგანაც“.
სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნინო ბელქანია მიიჩნევს, რომ მთავარია უნივერსიტეტის რიტმს ფეხი აუწყო, ლექციებზე იარო და საგნებიც არ ჩაგრჩება. მისი აზრით, სტუდენტების მხრიდან ლექტორებზე გადაბრალება, რომ ქულებს არ უწერენ და საგნები ამიტომ რჩებათ, უბრალოდ მარტივი ტყუილია.
„მე ყოველთვის ის ქულა მიმიღია, რასაც ვიმსახურებდი. ობიექტურად გაფასებენ, მართალია გამოცდები შედარებით მკაცრად სწორდება, მაგრამ მაქსიმალური ქულების აღება რთული არაა“.
თედო თხილაიშვილი საქართველოს უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდენობის ფაკულტეტზე სწვალობდა. ახლა ის სეუში სწავლობს, რადგან საგნების ჩარჩენის გამო ალასანიაში სწავლა ვერ განაგრძო. „ვსწავლობდი და საგნები ჩამრჩა, მაგრამ ამას ლექტორებს ვერ დავაბრალებ. არის ლექტორთა კატეგორია, რომელიც პრინციპულად არ წერს ქულას, მაგრამ ეს ხომ მარტო ალასანიაში არ ხდება?!” თედო თქმით, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა ძალიან რთულია, მაგრამ თუ საკითხი მზად გაქვს, მაშინ ლექტორი ქულას ვერ დაგიკარგავს. „დაბალი ქულებით მოხვედრილ სტუდენტს იქ სწავლა უჭირს. ზღვარი აწიონ და მხოლოდ მაღალი ქულებით მოხვედრილი სტუდენტები მიღონ. მაშინ უკმაყოფილება აღარ იქნება“.
ბიზნესის მართვისა და ეკომონიკის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი მირიან ხაჯიშვილი უნივერსიტეტიდან გადასვლის მიზეზად მუშაობის დაწყებას ასახელებს:
„სამსახურის გამო ვერ დავდიოდი უნივერსიტეტში. ლექტორების მხრიდან კი არანაირი ხელშეწყობა არ არის და საგნები ჩამრჩა“. ის პირდაპირ ამბობს, რომ მოსაზრება „საგნების შეტენვა ლექტორების მხრიდან“ ისეთი სტუდენტების გავრცელებულია, რომლებიც არ სწავლობენ და შესაბამისად საგნებიც „ეტენებათ“.
„გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ საგნებს ძალით „ტენიან“, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის“.
ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვით საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართე, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა ჩვეულებრივად გრძელდება. მომავალი წლიდან კი როცა უნივერსიტეტი სტუდენტების ახალი ნაკადს მიიღებს, ფრაზას „სტუდენტს საგანი რჩება, ლექტორს თავისი ცოდნა და უნივერსიტეტს შებღალული სახელი“ კოსტავას 77ა-ზე ხშირად გაიგონებთ.
იხილეთ ასევე: სტუდენტი ამბობს – გამოთქვი სამართლიანი პროტესტი!
ავტორი: მარიამ გვარამია